"მე არც პადრე ვარ და არც მშიშარა"- სანდრო ბრეგაძე კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა - კვირის პალიტრა

"მე არც პადრე ვარ და არც მშიშარა"- სანდრო ბრეგაძე კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მახსოვს, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებისას, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს როგორი გახარებული სახეები ჰქონდათ "

" გუშინ დავწერე, რომ ის ადამიანები, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, წავიდნენ ჩემი სოციალური ქსელიდან"

"სააკაშვილი და მისი მეგობრები ამზადებენ გადატრიალებას და მიზნად აქვთ არსებული ხელისუფლება რამდენიმე თვეში დაამხონ"

კახა ბენდუქიძის გარდაცვალება დღის მთავარ თემად რჩება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ის აცხადებდა, რომ მის ფეისბუქსამეგობროში "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების ლუსტრაცია მოხდა, რის საფუძველზეც ვირტუალური სამეგობროს ამ ხალხისგან გაწმენდას იწყებდა, ბევრმა კახა ბენდუქიძეს და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მწუხარებას დაუკავშირა, შესაბამისად, ბერგვაძის მიმართ უამრავი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. ჩვენ დავუკავშირდით სანდრო ბრეგაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- უპირველესად, მინდა, კახა ბედუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი მწუხარება გამოვხატო. რასაც ვუყურებ, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო ხალხის უმეტესობა შეწუხებულია. მახსენდება, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი, გარდაიცვალა (სხვათა შორის ისიც ლონდონში დაიღუპა), რა ბედნიერი სახეები ჰქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, როგორ უხაროდათ ბადრი პატარაკაციშვილი გარდაცვალება.

- როგორ შეაფასებდით კახა ბენდუქიძის მოღვაწეობას?

- მე მისი მოღვაწეობით აღფრთოვანებული არა ვარ, თუმცა, ფაქტია, რომ ის იყო ნიჭიერი ადამიანი, თუმცა, არასწორ პოლიტიკურ გუნდში იყო მოხვედრილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

- მას ეკუთვნის განათლების სფეროში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია...

- კარგად არ ვიცნობ "თავისუფალ უნივერსიტეტს", ამ სასწავლებელზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები მომდის. ადამიანების ერთი კატეგორია ძალიან აქებს, მეორე კატეგორია კი პირიქით, სკეპტიკურად არის განწყობილი, ამიტომ მე მისი საგნმანათლებლო საქმიანობის სერიოზული შემფასებელად არ გამოვდგები, მაგრამ ძალიან კარგია, რომ კახა ბენდუქიძემ ინვესტიცია განათლების სფეროში ჩადო .

- სოციალურ ქსელში თქვენს პოსტს საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა...

- სოცქსელებში ჩემი "ინბოქსი" სავსეა უაზრო წერილებით, რომელთა უმეტესობის შინაარსს ვერც ვგებულობ. სხვათაშორის, ამ ბოლო დროს მიკავშირდებიან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები, ზოგი პატიებას მთხოვს, ზოგიც მემუქრება და სხვ. მე მათ ვეუბნები რომ მე არც პადრე ვარ და არც მშიშარა. გუშინ დავწერე, რომ ის ადამიანები, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, წავიდნენ ჩემი სოციალური ქსელიდან, რადგან მათსა და სხვა მეგობრებს შორის კონფლიქტი ხდება ხოლმე. შემდგომში ვიღაცეებმა ჩემი ნათქვამი რაღაც ხერხებით შეცვალეს და გამოიყვანეს ისე, თითქოს მე ვთქვი, რომ ვინც ბენდუქიძის მხარდამჭერები ხართ, ყველა წადით ჩემი მეგობრებიდან-მეთქი. ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა, მე კახა ბენდუქიძე არ მიგულისხმია.

- როგორ შეაფასებდით ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამძიმრის წერილს, რომელშიც ის წერს, რომ: კახა ბენდუქიძემ "ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო - ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა."

- მისი სამძიმარი სრულიად არაადეკვატური იყო. მან თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მისი მეგობრები ამზადებენ გადატრიალებას და მიზნად აქვთ არსებული ხელისუფლება რამოდენიმე თვეში დაამხონ. ასეთი არაადეკვატური სამძიმრის დეპეშა არც მინახავს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)