"ვირთხა სააკაშვილი საიდანღაც გვემუქრება, ემზარ კვიციანს კი _ 12 წელს უსჯიან" - კვირის პალიტრა

"ვირთხა სააკაშვილი საიდანღაც გვემუქრება, ემზარ კვიციანს კი _ 12 წელს უსჯიან"

"კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ სამჯერ დაიბარა, ბოდიში და ერთ ადგილას დაიკიდა ყველაფერი, არაფრად ჩააგდო სასამართლო..."
"ვეკითხები ეკა ბესელიას:
- რატომ ამოიღეს ემზარ კვიციანი პოლიტდევნილების სიიდან?!"

"ჩემი ძმა ამ ხელისუფლების პირობებში პირველი პოლიტპატიმარია"

ზუგდიდი საქალაქო სასამართლომ ემზარ კვიციანს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით 2006 წლიდან იძებნებოდა. მას პატიმრობა დაუსწრებლად წინა ხელისუფლების დროს მიესაჯა. მიმდინარე წლის 28 თებერვალს კი, მას შემდეგ, რაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, სამართალდამცველებმა აეროპორტში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ვთხოვეთ: ემზარ კვიციანის დას ნორა კვიციანს, პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც 2006 წელს სწორედ ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანს. ნორა კვიციანი:

- ჩემი ძმის განაჩენით სასამართლომ საბოლოოდ დაასამარა სამართალი. დღეს განაჩენი არა მარტოO ემზარ კვიციანს, არამედ მთელ ხეობას და საქართველოს გამოუტანეს. დღეს გაასამართლეს, ის პარლამენტარებიც, ვინც ჩემს ძმას თავდებში ჩაუდგნენ. სასამრთლოს არ აინტერესებს პატრიოტიზმი და გულანთებული ქართველები, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ვინც სამშობლოს იცავს ყველა კრიმინალია. ჩემი ძმა იმიტომ ჩამოვიდა, დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, თორემ დანაშაული რომ ჩაედინა, დაიმალებოდა. ემზარმა ხატისა და ერის წინაშე დაიფიცა რომ ცამდე მართალია. მან დაიფიცა, რომ თავისი ქმედებით ღალატს აღუდგა წინ. ვეკითხები ეკა ბესელიას: - რატომ ამოიღეს ემზარ კვიციანი პოლიტდევნილების სიიდან?! ემზარი ამდენი წელი იცავდა კოდირის ხეობას, ხოლო სააკაშვილმა წაგვართვა ეს ხეობა ქართველებს და ხონჩით მიართვა რუსებს. ჩემმა ძმამ სასამართლოზე განაცხდა: - კოდორის ხეობას 12 წელი ვიცავდი და ალბათ ამისთვის მისჯიან 12 წელსო. ყველა, ვინც სამშობლოს იცავდა, გამოდის, რომ მოღალატეა. ემზარ კვიციანის საქმის პროკურური ის იყო, ვინც სულხან მოლაშვილის გამოუტანა განაჩენი. იმ მოლაშვილს, რომელიც ევროსასამართლომ უკანონო პატიმარად მიიჩნია. ჩემი ძმა ამ ხელისუფლების პირობებში პირველი პოლიტპატიმარია.

ირაკლი ბათიაშვილი: - ეს განაჩენი ჩვენი ხელისუფლების სირცხვილია. აშკარაა, რომ სასამართლო წარიმართა ტენდენციურად და წინასწარი დაკვეთით. ბარლმდებლებმა წაიკითხეს ის საბრალდებო დასკვნა, რაც იყო სააკაშვილის დროს. "ოცნების" ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით აიკიდა იმ დანაშაულის ტვირთი, რაც წინა ხელისფლებამ ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ გამოეძიებინათ კოდორის ხეობის მოვლენები და დამნაშავეები: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი და სხვ. დაესაჯათ, ციხეში ჩასვეს კაცი, რომელიც საკუთარი ფეხით ჩამოვიდა, რადგან ეგონა, სიმართლეს იპოვიდა. ეს განაჩენი ყველა პატრიოტისათვის შეუარცხყოფაა.

სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთია იმ 32 დეპუტატთაგან, რომელიც ემზარ კვიციანს თავდებში ჩაუდგა:

- გაუგებარია, რატომ ხდება, რომ "ნაციონალები" აქ "პარადს" გვიწყობენ, ვირთხა სააკაშვილი საიდანღაც გვემუქრება, ემზარ კვიციანს კი - 12 წელიწდს უსჯიან?! კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ირაკლი ოქრიაშვილი სასამართლომ სამჯერ დაიბარა, ბოდიში და ერთ ადგილას დაიკიდა ყველაფერი, არაფრად ჩააგდო სასამართლო, ხან უცხოეთში და ხან - სად, არაფერს იკლებს, კვიციანი კიდევ ციხეში ზის. ექსპრეზიდენტიც ხომ დაიბარეს სასამართლოში, ძებნა გამოაცხადეს, თუმცა არხეინად გრძნობს თავს, "ნაციონალ" დეპუტატებს თავისთან იბარებს, სახალხოდ თათბირობენ და რევოლუციის მოწყობით გვემუქრებიან, კვიციანი კიდევ, რომელიც ცდილობდა ეს ვირთხა სააკშვილის გაეჩერებინა და კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა, ციხეშია. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: – რატომ?

- კვიციანის ოჯახის წევრები ამას ხელისუფლებას ეკითხებიან და პასუხს ითხოვენ...…

- ხომ ხედავთ, მეც ხელისუფლების წევრი, პარალამენტარი, იგივე კითხვებს ვსვამ და ველოდები ამაზე პასუხებს. ვიმეორებ, ჩემთვის გაუგებარია კვიციანს 12 წელს უსჯიდნენ და ახალაიას ორიოდე წელს. მით უფრო, ეს ადამიანი თავისი ნებით ჩამოვიდა საქართველოში, მშიშარა სააკაშვილი კიდევ იმალება.

- როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს?

- ვინაიდან ამდენი კითხვა გაჩნდა, პრობლემები, როგორც ჩანს, პროკურატურასა და სასამართლოშია, ამიტომაც ეს საქმე ნეიტრალურმა ადამიანებმა უნდა გამოიძიონ და განაჩენიც იმათ გამოიტანონ.

პ.ს. ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)