"რეზიდენციაში იმ ადგილზეც ავედით, სადაც სააკაშვილმა შერონ სტოუნი აიყვანა" _ პრეზიდენტს სომეხი მეგობარი სტუმრობდა - კვირის პალიტრა

"რეზიდენციაში იმ ადგილზეც ავედით, სადაც სააკაშვილმა შერონ სტოუნი აიყვანა" _ პრეზიდენტს სომეხი მეგობარი სტუმრობდა

"დაკარგული მეგობრის ოჯახი "კვირის პალიტრამ" მაპოვნინა"

"გიორგი დუშეთში იყო წასული, გვითხრეს, ალბათ ვეღარ მოგისწრებთო, მაგრამ უცებ გაიღო კარი და შემოვარდა...

"ბატონი რობერტი პიანინოსთან იჯდა და გატაცებით მღეროდა: "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო... "

ამ რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სომხეთში ვიზიტისას, საზოგადოების ყურდაღების ცენტრში აბრამიანების ოჯახი მოექცა, რომელიც პრეზიდენტმა მოინახულა და საზოგადობას ისიც აუწყა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, მომავალი პრეზიდენტი, სომხეთში სამხდერო სამსახურისას, ამ ოჯახმა შვილივით რომ მიიღო და შეიყვარა. მაშინ "კვირის პალიტრამ"ამ თემაზე სტატია მოამზადა, რომელშიც პრეზიდენტის მეგობარი რობერტ აბრამიანი საბჭოთა ჯარის მეგობრის გურამ არადშელიას მოძებნაში დახარებას გვთხოვდა. ჩვენი საიტის მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ ჩვენი საშუალებით ბატონმა რობერტმა გურამ არდაშელიას ოჯახი იპოვა... ამ რამდენიმე დღის წინ კი, მორიგი დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს, აწ, უკვე ჩემმა მეგობარმა ირაკლი არდაშელიამ დამირეკა და მითხრა, პრეზიდენტის სომეხი მეგობარია, მეუღლესთან ერთად არის ჩამოსული და ერთი საათით თუ მოიცლი ჩვენთვისო. უარს როგორ ვეტყოდი. როცა შეხევდრის ადგილას მივედი, ბატონი რობერტი, რომელიც მანამდე მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით მყავდა ნანახი, პიანინოსთან იჯდა და გატაცებით მღეროდა: "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო... "

- საქართველო, ჩემთვის მეზობელი ქვეყანა კი არა, მშობლიურივით ახლობელია... მეც და ჩემი შვილებიც, როგორც კი დრო გამოგვიჩნდება, აქეთ გამოვრბივართ. ჩემი ქალიშვილი, მეუღლესთან ერთად, შვეციარიაში ცხოვრობს, სომხეთში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში საქართველოში მოდის... ახლაც როგორც კი საშუალება მოგვეცა, მაშინვე თბილისისკენ გამოვეშურეთ. ამ ქვეყანასთან იმდენი რამ მაკავშირებს, ჩემი ყმაწვილკაცობის მეგობრის გურამ არდაშელიასა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახები... გურამის ოჯახი "კვირის პალიტრამ"მაპოვნინა, დიდი მადლობა ამისთვის...

- გვახსოვს ეგ ისტორია..

- პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ, საქართველოდან უამრავმა ადამიანმა დამირეკა. თქვენი სტატიის გამოქვეყნების დღესაც კიდევ ერთხელ დამირეკს, ვიფიქრე, მორიგი თქვენი კოლეგა იქნებოდა და ჩემი და გიორგი მარგველაშვილის მეგობრობის შესახებ მკითხავდა. ტელეფონში ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, რომ გურამ არდაშელიას შვილი - ირაკლი იყო, - არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ჩუმად... ვერ აგიხსნით ეს რა განცდა იყო, ძალიან დიდ ხანს ვარჩევდი სიტყვებს, ერთი სული მქონდა, როდის ავუხსნიდი ჩემს მონატრებულ მეგობარს, რომ მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, სამხედრო ნაწილში მომხდარ ინცინდენტში ბრალი არ მიმიძღვოდა. ირაკლის საუბრისას თითქოს დრო გაჰყავდა, თითქოს რაღაცისთვის მამზადებდა, ბოლოს გამიმხილა, რომ ჩემი მეგობარი გურამი წლების წინ დაღუპულა... ამის გაგონებისას ცრემლები ვეღარ შევიკავე. ვერ მოვასწარი და ვერ ავუხსენი, რომ არაფერი შუაში ვიყავი, მაინც ბედნიერი ვარ, რადგან მის ოჯახს მაინც ვუთხარი, რომ ჩემი და გურამის მეგობრობისა და საკუთარი თავის წინაშე მართალი ვიყავი. ახლა უკვე გურამის შვილებთან ვმეგობრობ. ირაკლისა და მის ძმას, ჩემი ოჯახის სახით სომხეთში ახლობელი ოჯახი ჰყავს და მე მათი სახით საქართველოში მყავს ადამიანები, ვინც მეიმედებიან.. ბედნიერი ვიქნებოდი, ეს ყველაფერი გურამის სიცოცხლეში მომხდარიყო... საქართველოში ჩამოსვლისთანავე, მის საფლავზე ავედით...

- ვიცი, რომ გარდაცვლილი მეგობრის ხსოვნას სიმღერა მიუძღვენით...

- დიახ, "ჩვენი მეგობრობის სახსოვარი"ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ტექსტიც და მუსიკაც ჩემია. ასევე გამოვეცი დისკი, რომლის ერთი ეგზემპლარი ჩემს ქართველ მეგობრებს სახსოვრად ჩამოვუტანე.

- პრეზიდენტსაც ესტუმრეთ?

- დიახ, მისი მშობლების სახლში ვიყავით. გიორგი დუშეთში იყო წასული, გვითხრეს, ალბათ ვეღარ მოგისწრებთო, მაგრამ უცებ გაიღო კარი და შემოვარდა, სადღაც ოფიციალურ შეხვედრაზე გარბოდა და თავი უნდა მოეწესრიგებინა... ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა, გვითხრა, ისე არ წახვიდეთ, რეზიდენცია არ დაათვალიეროთო. დრო გვქონდა და რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოვიყენეთ...

- მოგეწონათ რეზიდენცია?

- ძალიან. ადგილიც საოცრად არის შერჩეული, გარედან გრანდიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს, შიგნით, კი ძალიან სადად და გემოვნებითაა მოწყობილი.

ჰასმიკ აბრამიანი, ბატონი რობერტის მეუღლე:

- პრეზიდენტის რეზიდენციაში იმ ადგილზეც ავედით, სადაც თქვენმა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მსოფლიოში ცნობილი მსახიობი შერონ სტოუნიც აიყვანა. ძალიან საინტერესო დღე იყო... რობერტს უფრო ახლო და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან, მე - იმდენად არა. აღფრთოვანებული ვარ, თქვენი სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, უცხო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)