ვინ ქუდით და ვინ უქუდოდ _ ახალი საპარლამენტო "დილემა" - კვირის პალიტრა

ვინ ქუდით და ვინ უქუდოდ _ ახალი საპარლამენტო "დილემა"

"როცა კაცი პანაშვიდზე მიდის, მას კანონი არ ავალდებულებს ქუდის მოხდას, მაგრამ გინახავთ კაცი პანაშვიდზე ქუდით?! "

"ერთი ჟურნალისტი ყმაწვილი თუ გოგონა შემოვიდა დარბაზში და არ იყო ისე ჩაცმული, რომ ბატონი გიას მოსწონებოდა".

ერთი ძველი სიმღერის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, ქუდი რომ ხურავს და ქედს არავის უხრის, მაგისთანა კაცებით ყოფილა ჩვენი პარლამენტი სავსე, ჰოდა, ახლა ქვეყანაში მხოლოდ იმის პრობლემაღა გვიდგა ეს ჩვენი ქუდბედიანი დეპუტატები ჰიმნის მოსმენისას ქუდს მოიხდიან, თუ -არა. მოკლედ, განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომას, რომელზე დეპუტატებმა ჰიმნის შერსულების დროს, მამაკაცებისთვის ქუდის მოხდის ვალდებულებაზე კარგა ხანს იმსჯელეს, საზოგადოების საკმაოდ ირონიული შეფასებები მოჰყვა. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, ჰიმნის მოსმენისას ფეხზე ადგომისა და ქუდის მოხდის დაკანონება საჭირო არაა, თუმცა რიგი დეპუტატები, მაგალითად, თოვლის ბაბუის როლის ყოფილი შემსრულებელი გია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს ვალდებლება აუცილებლად საკანონმდებლო დონეზე უნდა დაწესდეს. ჯაფარიძემ ჩაცმულობა ჟურნალისტებსაც დაუწუნა და იკითხა: -"მაიკებით" საკანონმდებლო ორგანოში სიარული ვის გაუგიაო?! "მაიკას" გააჩნია ალბათ, თუმცა თავის დროზე, პირველი, ვინც ჟურნალისტების საპარლამენტო დრესკოდზე ალაპარაკდა პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე იყო. საკომიტეტო სხდომას, რომელზეც პარლამენტარისა და ქუდის ამბავი წყდებოდა, ბატონი ვანო კიღურაძე თავმჯდომარეობდა, სწორედ მასთან გადავწყვიტეთ "ამ პრობლემაზე" გასაუბრება:

- დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც ღირდა აჟიოტაჟის ატეხვა, რაც უკვე მოხდა ქართულ პრესაში. - საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ, ჰიმნის მოსმენისას ქუდის მოხდა სავალდებულო უნდა იყოს?

- მე სრულიად ვიზიარებ ბატონი გიორგი კახიანის აზრს, რომ დეპუტატებისთვის ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე ადგომისა და ქუდის მოხდის მოთხოვნა საჭირო არაა. საქმე საა, რომ ეს თავისთავად ხდება. Eეს ადამიანის შინაგანი მოთხოვნაა და არა ვალდებულება. ჩემი აზრით, ამას კაცი ბავშვობიდან ეჩვევა, და ასე ჰიმნს, როგორც ქვეყნის ძირითად სიმბოლოს, პატივი სცეს.

-თქვენ მოიყვანეთ პანაშვიდის მაგალითი, ბრძანეთ, პანაშვიდზე შესვლისას ხომ ყველა ვიხდით ქუდსო, რა საერთო აქვს პარლამენტს პანაშვიდთან?

-მართალია ეს არ არის პირდაპირი პარალელი, თუმცა როცა კაცი პანაშვიდზე მიდის, მას კანონი არ ავალდებულებს ქუდის მოხდას, მაგრამ გინახავთ თქვენ კაცი პანაშვიდზე ქუდით?!

-სხდომაზე თქვენმა კოლეგამ გია ჯაფარიძემ, ქართველი ჟურნალისტების ჩაცმულობა დაიწუნა, იზიარებთ მის აზრს?

-აბა, კარგად ნახეთ რა თქვა ბატონმა გიამ. მას არ უთქვამს, რომ ქართველი ჟურნალისტების ჩაცმულობა ზოგადად არ მოსწონს. უბრალოდ აღნიშნა, რომ ერთი ჟურნალისტი ყმაწვილი თუ გოგონა შემოვიდა დარბაზში და არ იყო ისე ჩაცმული, რომ ბატონ გიას მოსწონებოდა. გია ჯაფარიძემ, უბრალოდ, თავისი აზრი გამოთქვა.

მერაბ ჭუმბურიძე (სპეციალურად საიტისთვის)