ზურაბ ტყემალაძე: 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს - კვირის პალიტრა

ზურაბ ტყემალაძე: 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს

"პენსიის 10 ლარით გაზრდა დაცინვა ნამდვილად არ არის"

"ამ ეტაპზე პენსიის 10 ლარზე მეტი ოდენობით ზრდა არ ხერხდება. ამას შეიძლება სოციალური დახმარება უფრო ეწოდოს."

2015 წლის პირველი სექტემბრიდან, ასაკით პენსიონერთა პენსია 10 ლარით იზრდება და 160 ლარი ხდება. ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებში ლარზე დაანგარიშებით, პენსია შემდეგი ოდენობისაა: ესტონეთი - 660 ლარი, ყაზახეთი - 585 ლარი, რუსეთი 438 ლარი, აზერბაიჯანი 303 ლარი. ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობენ მეტად განვითარებული ქვეყნების პენსიონრები. მაგალითად, ფინეთში პენსია 1.344 ევროა, იტალიაში 583 ევრო, გერმანიაში 810 ევრო.

ზურაბ ტყემალაძე: პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე:

- თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველ პენსიონრებს მომატებოდათ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ინიცატივით, ბიუჯეტში დამატებითი თანხის მოძიება (დაახლოებით 20-25 მილიონი ლარის ფარგლებში) მოხერხდა. მომავალი წლის სექტემბრიდან, ასაკით პენსიონრების პენსია 10 ლარით მოიმატებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზრდა (მინიმუმ 10 ლარით) 2016 წლის იანვრიდანაც მოხდება.

- პენსიონრების ნაწილი 10-ლარიანი დანამატით განაწყენებულია. ზოგიერთი ამას დაცინვად თვლის. ამ ადამიანებს რას უპასუხებთ?

- ეს ის დანამატია, დღეს ბიუჯეტი რის საშუალებაც გვაძლევს. ამ ეტაპზე პენსიის 10 ლარზე მეტი ოდენობით ზრდა არ ხერხდება. ამას შეიძლება სოციალური დახმარება უფრო ეწოდოს. არ მგონია, პენსიონრები იმას ფიქრობდნენ, რომ 10 ლარი დაცინვა იყოს. 10 ლარი დაცინვა ნამდვილად არ არის, თუმცა მეტით გაზრდა რომ მოხერხებულიყო, უკეთესი იქნებოდა. პენისა საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდა. რაც შეეხება მოლოდინსა და დაპირებას, შეგახსენებთ, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დააანონსა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პენსიის მომატების გარდა, სოციალური პროექტებიც ამუშავდა, რომლითაც პენსიონრებიც სარგებლობენ, მათ ხარჯი შეუმსუბუქდათ.

- თქვენ თვლით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს 160 ლარად შეუძლია იცხოვროს?

- ყველაფერი შედარებითია. რა თქმა უნდა, 3ჯერ და 4-ჯერ მეტი რომ იყოს, უკეთესი იქნება, მაგრამ საარსებო მინიმუმი საარსებო მინიმუმია.

- თქვენ 160 ლარი რამდენი დღე გეყოფათ?

- 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს. ეს სწორად დასმული შეკითხვა არ არის.

პენიონერთა გულისწყრომა სახელმწიფო მოხელეების მაღალ ხელფასებისა და პრემიების (ახლა რომ სახელფასო დანამატები დაარქვეს), პირობებში მით უფრო სამართლიანია. ეს თემა ბევრ ქვეყანაშია კრიტიკის საგანი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ საიტზე  Gzapress.ge : "ზურაბ ტყემალაძე: 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს "