ვინ როგორ აფასებს კახა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დაკრძალვის იდეას?! - კვირის პალიტრა

ვინ როგორ აფასებს კახა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დაკრძალვის იდეას?!

"საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში... უსასრულოდ დიდია განსხვავება ივანიშვილსა და ბენდუქიძეს შორის"

"კახა ბენდუქიძე ის კაცი იყო, ვინც, ქართული კულტურა, ხელოვნება და მწერლობა წარყვნა, ვინც ქართული ეკონომიკა გააჩანაგა და გაყიდა, ვინც სახელმწიფოს ქონება მიითვისა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკრძალოს ისეთ საპატიო ადგილას, როგორიც მთაწმინდის პანთეონია!"

"უფრო იდიოტური აზრი, ვიდრე კახა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დაკრძალვის იდეაა, არც მომისმენია."

ეკონომიკის ექსმინისტრი კახა ბენდუქიძე ლონდონიდან დღეს ჩამოასვენეს. რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემდეგი ინიციატივით გამოვიდა: "კახა ბენდუქიძე, როგორც უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი, საზოგადო მოღვაწე და პატ რიოტი უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში. თუ ამას ესენი არ იზანენ, ნებისმიერი მომავალი ნორმალური მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს!" კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ციხიდან გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. გამოსამშვიდობებელ წერილში ის კახა ბენდუქიძეს ილია ჭავჭავაძეს ადარებს და წერს: "კახასთან შეუძლებელი იყო ურთიერთობა კამათის და შემდეგ ჩხუბის გარეშე. ყოველი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, მე მქონდა საპატიო მისია - შერიგების ორგანიზება. შერიგების მისიას ყოველთვის ვიწყებდი ორბელიანის ფრაზით ნათქვამს ილია ჭავჭავაძის მიმართ:" ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი". .. მე ვიცი, რომ გავა არც ისე ბევრი წელიწადი და ორ "ბურთივით მრგვალ ლიბერალს " შორის შთამომავლობა ძალიან ბევრს იპოვის საერთოს, განსხვავებას კი ძალიან ცოტას!"

დავინტერესდით რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ექსპეზიდენტის იდეაზე?

დავით დეფი გოგიბედაშვილი, პოეტი:

- კახა ბენდუქიძის დამსახურება საქართველოს წინაშე დიდია, მან განუზომლად წინ წასწია საქართველოს ეკონონიკა. კახა იყო გენიალური ადამიანი, რომელიც დააკლდება საქართველოს. თუ შესაძლებელია მთაწმინდის პანთეონში კახა ბენდუქიძის დაკრძალვა, მე ამას მხოლოდ მივესალმები, ის აუცილებლად საპატიო ადგილას უნდა განისვენებდეს! მან ბევრი რამ შეძლო. ბევრი რამ იცოდა და ეს ცოდნა სხვებსაც გადასცა. მან მომავალს შანსი მისცა. უსასრულოდ დიდია განსხვავება ივანიშვილსა და ბენდუქიძეს შორის, როცა კაპიტალს ახალ თაობაში, მათი განათლებისთვის აბანდებ, ესე იგი მათი თავისუფლების და ბედნიერებისთვის დებ შენს კაპიტალს და არა ივანიშვილივით ოცნებასა და ილუზიებში. კახას ნათელი სული ღმერთის წიაღში დაბრუნდა, საქმეებს მისას, მომავალი თაობები აღტაცებით შეხედავენ. საბედნიეროდ კახას გენიალური, ბრწყინვალე გონება ყველას თვალწინ, აბსოლუტურად ფანტასტიურ უნივერსიტეტებსა და სკოლებში გარდაისახა. მისი საქმის ნაყოფი კი, საქართველოს ზეგინდელი მოქალაქეების სიხარულით იქნება მხოლოდ აღქმული.

ჟანრი ლოლაშვილი მსახიობი:

-მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს, მე გაჩუმებას ვარჩევ, არ მინდა რამე ცუდი წამომცდეს, მაგრამ უფრო იდიოტური აზრი, ვიდრე კახა ბენდუქიძის მთაწმინდაზე დაკრძალვის იდეაა, არც მომისმენია.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

- კახა ბენდუქიძე ის კაცი იყო, ვინც, ქართული კულტურა, ხელოვნება და მწერლობა წარყვნა, ვინც ქართული ეკონომიკა გააჩანაგა და გაყიდა, ვინც სახელმწიფოს ქონება მიითვისა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკრძალოს ისეთ საპატიო ადგილას, როგორიც მთაწმინდის პანთეონია. ეს იქნება ერის, ქვეყნის, კულტურისა და სულიერების შეურაცხყოფა. ეს იდეა ეკუთვნის ისეთ პოლიტიკურ მძორს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია და მისგან ეს არც გამკვირვებია.

ანა კვანჭილაშვილი, კახა ბენდუქიძის ახლობელი:

- დარწმუნებული ვარ, რომ კახა ძალიან ბევრს იცინებდა  ეს კითხვა, რომ მოესმინა. თუ მეკითხებით, პანთეონებთან ჩემ დამოკიდებულებას, გაგახსენებთ, რომ ჯაბა იოსელიანია, დიდუბის პანთეონში დასაფლავებული... შესაბამისად, დასკვნები თქვენ გააკეთეთ, თუ მეკითხებით, იყო თუ არა საზოგადო მოღვაწე კახა ბენდუქიძე - დიახ, ის იყო სრულიად განსაკუთრებული ფიგურა, რომლის ღვაწლსაც დრო გამოაჩენს...

პ.ს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კახა ბენდუქიძეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" ეზოში დაკრძალავდნენ. ბოლო ინფორმაციით, ექსმინისტრი შესაძლოა კუკიის სასაფლაოზე დაკრძალონ.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)