"აფხაზეთის გაყიდვის დოკუმენტი" - აფხაზთა უხუცესთა საბჭო რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმებას აპროტესტებს - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის გაყიდვის დოკუმენტი" - აფხაზთა უხუცესთა საბჭო რუსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმებას აპროტესტებს

"ეს არ არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს... არ შეიძლება 5 მილიარდ რუბლად აფხაზეთის გაყიდვა." - ვინ არის აფხაზური წინააღმდეგობის ჟანა დარკი

არდა ინალ-იპა: სულაც არ არის იურისტობა საჭირო, რათა მიხვდე, თუ რა საფრთხე ემუქრება აღნიშნული თანამშრომლობის პროექტით აფახაზეთის სუვერენიტეტს

"ანატოლი ოტირბა პირდაპირ წერს, რომ "ეროვნულ სიმდიდრეებზე კონტროლის უცხო ძალების ხელში გადასვლას, ასიმილაცია და აფხაზთა, როგორც ერის გაქრობა მოჰყვება"

სოხუმში ხმაურიან პროტესტს ელიან. საქმე ისაა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტს, რომელშიც გარკვეული ცვლილელები შეიტანეს, მხარი დაუჭირა და ხელმოსაწერად ე.წ. პრეზიდენტს გაუგზავნა. შეთანხმება რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრაციას გულისხმობს. დოკუმენტი ე.წ. სახელმწიფო საზღვრების ერთობლივ დაცვას და გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნასაც ითვალისწინებს, რომლის მეთაურიც რუსეთის, მოადგილე კი - აფხაზეთის წარმომადგენელი იქნება. აღნიშნულ დოკუმენტს სოხუმში სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან უარყოფოთი დამოკიდებულება მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციასთან, აფხაზების უხუცესთა საბჭო შეიკრიბა, მათ შორის ,,ამცხარას" წევრები, რომელთაც სამეკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება გააპროტესტეს. უხუცესთა საბჭო მომხრეა, რუსეთის მხრიდან ეკონომიური მხარდაჭერის, თუმცა მათი თქმით, აფხაზის ხალხის უფლებების უგულველყოფა, რაც ამ დოკუნეტში აშკარაა, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჯერ კიდევ წლების წინ იყო მსგავსი ხელშეკრულება რუსების მიერ შემოთავაზებული, რაზეც მაშინდელმა დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარი უთხრა, სავარაუდოდ, ასეთივე პოზიციაზე იყო დე ფაქტო ექსპერზიდენტი ალექსანდრე ანქვაბიც, რასაც შეეწირა კიდეც მისი ე.წ. პრეზიდენტობა. "ეს არ არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს, არ შეიძლება 5 მილიარდ რუბლად აფხაზეთის გაყიდვა." - განაცხადა აფხაზეთის დე დაქტო პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ირინე აგრბამ.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში, ფაქტია, რომ აღნიშნულ კანონ-პროექტის შეცვლილი ვერსიაც კი აფხაზთა ნაწილში მწვავე კრიტიკას იმსახურებს:

არდა ინალ-იპა, აფხაზური სამოქალაქო ორგანიზიცია "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის" წარმომადგენელი:

- აფხაზური საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, მათი მხრიდან უმადურობა იქნებოდა, იმ ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მხარდაჭერის, თუნდაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო... რუსულმა პრესამ აიტაცა ეს თემა და სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსოფობებად წარმოეჩინა... არადა, რუსოფობობა არაფერ შუაშია, სულაც არ არის იურისტობა საჭირო, რათა მიხვდე, თუ რა საფრთხე ემუქრება აღნიშნული თანამშრომლობის პროექტით აფახაზეთის სუვერენიტეტს, არა მხოლოდ, თავდაცვისა და საშინაო პოლიტიკის საკითხების, არამედ სხვა "დეტალებში დამალული ეშმაკების"გამო. შესაძლოა, ამ ხელშეკრულებას ჩვენგან ასეთი რეაქცია არ მოყოლოდა, აფხაზეთი სხვა ქვეყნების მიერაც რომ იყოს აღიარებული. გარდა ამისა, ძნელი სათქმელია, როგორი აფხაზეთი სჭირდება რუსულ პოლიტიკურ ელიტას?.. გამოსავალი მხოლოდ ერთში მდგომარეობას, უნდა დავუბრუნდეთ თავდაპირველ პოზიციას და აფხაზეთმაც და რუსეთმაც კარგად უნდა გაანალიზოს ვითარება. მათ შორის სამომავლო თანამშრომლობა უნდა ფორმულირდეს როგორც ორ სახელმწიფოს შორის თანსწორუფლებიანი ურთიერთობა.

აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე გგვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი:

- აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მოწონებული დოკუმენტი ზოგადად თითქოს იზიარებს აფხაზეთის "სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის" დაცვის პათოსს, რაც, უპირველესად, მჟღავნდება ხელშეკრულების დასათაურებაში, სადაც სიტყვა "ინტეგრაციის" ნაცვლად "სტრატეგიული პარტნიორობა" ჩაწერეს, თუმცა ზედაპირული გადათვალიერებითაც ჩანს, რომ დე ფაქტო პარლამენტში შემუშავებული ვერსიისაგან განსხვავებით, "მთავრობისეულმა" ვარიანტმა აშკარად გაიარა რუსული ცენზურა და უფრო კომპრომისული გახდა. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოვლინდა "გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების" სარდლობის საკითხში. "პარლამენტის" ვარიანტში ლაპარაკი იყო, "საომარ ვითარებაში" "გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფება"იმ მხარის უმაღლესი მთავარსარდლის დაქვემდებარებაში გადავიდოდა, რომლის ტერიტორიაზეც იქნებოდა საომარი მოქმედებები. ეტყობა, ეს ზედმეტად გამომწვევი აღმოჩნდა რუსული მხარისათვის და ე.წ. მთავრობამ თავის ვარიანტში აღნიშნული ფორმულირება შეარბილა. ამ ვარიანტით "გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების" სარდალს ნიშნავს რუსეთის "უფლებამოსილი ორგანო" (როგორც ეს იყო რუსულ პროექტშია), ხოლო მის მოადგილეს უკვე აფხაზეთის "უფლებამოსილი ორგანო". გარდა ამისა, ამ პროექტში არის სხვა არა ერთი პუნქტი, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტი ხელშეკრულების რუსულ ვარიანტთან მაქსიმალურადაა მიახლოებული.

- რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- ძნელი სათქმელია. ვიმედოვნებ, რომ აფხაზური საზოგადოების ჯანსაღი ძალები მაინც გამოიჩენენ სიმტკიცეს და წინ აღუდგებიან "აფხაზეთის გაყიდვის" რუსულ პროექტს. ბუნებრივია, ეს პროცესები ძალიან არ მოსწონთ ცალკეულ პატრიოტულად განწყობილ აფხაზ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებმაც ამ პროექტის წინააღმდეგ უკვე აღიმაღლეს ხმა. მაგალითად, ანატოლი ოტირბა პირდაპირ წერს, რომ "დოკუმენტის ამ სახით ხელმოწერა საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ზოგადად აფხაზურ სახელმწიფოებრიობას, რადგან ის გულისხმობს ეროვნულ სიმდიდრეებზე (მიწაზე) კონტროლის გადასვლას უცხო ძალების ხელში, რომელსაც მოჰყვება ასიმილაცია და აფხაზთა "როგორც ერის გაქრობა". მისი მტკიცებით, ეს არის "აფხაზეთის გაყიდვის" დოკუმენტი, რომლის "გატანას" ყველანაირად ცდილობს "რუსეთის პოლიტიკური აფერისტების ერთ-ერთი ჯგუფი". ჩვენი აფხაზი კოლეგა ბოლომდე არ არის გულწრფელი. რადგან არ აღიარებს, რომ "აფხაზეთის ყიდვა" სურს არა უბრალოდ "რუსეთის პოლიტიკური აფერისტების ერთ-ერთ ჯგუფს", არამედ ოფიციალურ კრემლს. აფხაზეთში, რატომღაც არც ის სურთ აღიარონ, რომ აფხაზეთს, პირველ რიგში, აფხაზეთის ამჟამინდელი სეპარატისტული რეჟიმი ყიდის, რასაც ღიად ამბობს, ჩემი ყოფილი სტუდენტი, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, აფხაზური დე დაქტო პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ირინე აგრბა, რომელსაც ამასწინათ, ერთ-ერთ "ფეისბუქკომენტარში" აფხაზური წინააღმდეგობის ჟანა დარკი ვუწოდე. დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ კრემლი გაურიგდა "მაისის რევოლუციის" ლიდერს ნაციონალისტ ხაჯიმბას, "ლეგიტიმურად სცნო" მისი "საპრეზიდენტო" ამბიციები, რის სანაცვლოდაც მისგან აფხაზეთის რუსეთთან "მეტი ინტეგრაციის" გარანტია მიიღო.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)