მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს - კვირის პალიტრა

მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს

მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს , – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ნადირაშვილის ინფორმაციით, მინისტრები და მათი მოადგილეები ყოველთვიურად დამატებით იღებენ, თითქმის ხელფასისვე ოდენობის თანხებს.

"2013 წელს "ქართული ოცნების" მთავრობამ 138 მილიონი ლარით მეტი გასცეს პრემიებად და დანამატებად. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების შემდეგ "ქართული ოცნების" მთავრობამ "აღიარა შეცდომა", პრობლემის "მოგვარების" მიზნით ჩამოიყვანა ძვირადღირებული უცხოელი ექსპერტები და შემოდგომ მოახსენა საქართველოს მოსახლეობას, რომ კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ შეწყდება უზარმაზარი პრემიების გაცემა. თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. მინისტრები და მათი მოადგილეები ყოველთვიურად იღებენ დამატებით, თითქმის ხელსფასისვე ოდენობის, თანხებს. მხოლოდ 2014 წლის 8 თვის განმავლობაში და 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებისა და დანამატების სახით და ეს ხდება იმ ფონზე, რომ საქართველოში უკვე ორი წელია არ გაზრდილა პენსია", - აცხადებს ნადირაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დანამატის სახით 21.680 ლარი, ხოლო პრემიის სახით 10.000 ლარი აიღო.

ყველაზე მაღალი დანამატი მიღებული აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ის 43.980 ლარს შეადგენს. 21.680 ლარი მიიღეს დანამატის სახით ფინანსთა მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრმა, სპორტის მინისტრმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრმა. აღნიშნულ მინისტრებს პრემია არ მიუღიათ.

დანამატთან ერთად პრემია მიიღო განათლების მინისტრმაც, მისი დანამატი 21.680 ლარს, ხოლო პრემია 6250 ლარს შეადგენს. იუსტიციის მინისტრმა დანამატის სახით 21 ათას 680 ლარი, ხოლო პრემიის სახით 12 500 ლარი მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დანამატი 21 562 ლარი მიიღო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 17 910, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 22 068, კულტურის მინისტრმა - 21 444 და გარემოს დაცვის მინისტრმა - 22 700. ჯამში დანამატის სახით მინისტრებზე გაცემულია 344 ათას 784 ლარი, ხოლო პრემიის სახით - 28 ათას 750 ლარი.

"როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს "ქართული ოცნების" მორიგ ტყუილთან. ტყუილია თითქოს "ქართული ოცნების" უუნარო და არაკომპეტენტური მთავრობა აღარ იღებს დანამატებსა და პრემიებს და შეგახსენებთ, რომ საუბარია

ხელისუფლებაზე, რომელმაც გაარღვია ბიუჯეტი, გააჩერა ქვეყნის ეკონომიკა, შემცირდა სამუშაო ადგილები და გაიზარდა კრიმინალი", - აცხადებს ნადირაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"