"არ გამოვრიცხავ, კვიციანს ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად აწვდიდნენ და ალასანიას წინააღმდეგ აქეზებდნენ" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, კვიციანს ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად აწვდიდნენ და ალასანიას წინააღმდეგ აქეზებდნენ"

"საინტერესოა, ვინ აძლევდა კვიციანს გარანტიებს, აშკარაა, რომ ვიღაცამ ძალიან ცუდად იმუშავა"

"დაუჯერებელია, რომ კონდოლიზა რაისი მაშინ კოდორის ხეობაში ჩასულიყო"

"ოქრუაშვილი იყო არა მხოლოდ მაღალი თანამდებონის პირი, არამედ სპეცოპერაციის უშუალო წინამძღოლი. შესაბამისად, თუ რაიმე ტიპის პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს."

"გაეროში იყო კაცი, ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბრებლად მოამზადა." - განაცხადა ემზარ კვიცინმა სასამართლოში თავისი ემოციური გამოსვლისას. ექსპერტი მამუკა არეშიძე კი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ალასანიამ მართლაც შეასრულა "არასწორი ბრძანება." მისსივე აზრით, მას შემდეგ რაც სასამართლო ხელისუფლება შეცდომას გამოასწორებს, საზოგადოება სამართლიან განაჩენს ნახავს, ალასანიამ პასუხი უნდა აგოს. 2006 წელს კოდორის ხეობაში პროცესები მას შემდეგ დაიძაბა, არც სააკაშვილსი ხელისუფლებამ შეიარაღებული ფორმირების "მონადირის" გაუქმება გადაწყვიტა. ერთ-ერთ სხდომას, რომელიც "მონადირის" დაშლის საკითხს განიხილავდა, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდა:

- ეს იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა. მოგეხსენებათ, დახურლ სხდომას მხოლოდ კომიტეტის წევრები ესწრებიან. მაშინ პირველად შევხვდი ირაკლი ალასანიას, იგი, როგორც აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, იცავდა "მონდირეს". ჰქონდა ბევრი არგუმენტი. ამბობდა, რომ შესაძლოა პრობლემაა ის, რომ ეს არაფორმალურია ჯგუფი, თუმცა არსებობს მექანიზმები "მონადირე" კონტროლირებადი რომ გავხადოთო, თუმცა ამ აზრის გაზიარება არავინ მოინდომა. გაგახსენებთ, უკვე ის პერიოდი, როდესაც გირგვლიანის თემაზე საპროტესტო ტალღა უკვე საკმაოდ ძალამოკრებილი იყო. სწორედ ამას დაამთხვიეს კოდორის ხეობის სპეცოპერაცია, რაც, სავარაუდოდ, ამ დაძაბული ფონის გადასაფარადაც სჭირდებოდათ. სხვათა შორის, ამის მერე იყო ზუსტად, რომ ირაკლი ალასანია გადააყენეს თანამდებობიდან და მალევე გაუშვეს ელჩად. იგი გაარიდეს სიტუაცის მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

- მაშ, მას რატომ ადანაშაულებს კვიციანი?

- ვერ ვიტყვი ზუსტად, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კვიციანს მაშინ ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად აწვდიდნენ და ალასანიას წინააღმდეგ აქეზებდნენ. შესაძლოა, მას აქვს განცდა, რომ, რაკი ალასანია მაშინ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ისიც უნდა დაისაჯოს. ამ ამბავში ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლი ოქრუაშვილის როლი, ოქრუაშვილი იყო არა მხოლოდ მაღალი თანამდებონის პირი, არამედ სპეცოპერაციის უშუალო წინამძღოლი. შესაბამისად, თუ რაიმე ტიპის პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. თუმცა როგორც ვიცი, ამ საკითხზე ოქრუაშვილი არც კი დაკითხულა. ოქრუაშვილსა და ალასანიას შორის 2006 წელს, დაპირისპირება აშკარა იყო, დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი სწორედ კოდორის ხეობა იყო.

- კვიციანმა, ერთ-ერთი პრესკონფერენციისას, კოდორში კონდოლიზა რაისისა და ალასანიას ფარული ვიზიტის შესახებ განაცხადა და ამერიკა კოდორის სპეცოპერაციის წახალისებაში დაადანაშაულა...

- დაუჯერებელია, რომ კონდოლიზა რაისი მაშინ კოდორის ხეობაში ჩასულიყო. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები და წყაროები რომლებსაც სურთ, საქართველოს სახელმწფოს საწინააღმდეგო ქმედებებში ამერიკა დაადანაშაულონ. ამგვარ ინფორმაციას ბუნებრივია რუსული წყაროები ავრცელებენ. ერთი ცხადია, რომ ერთადერთი ვისაც არ უნდოდა კოდორი საქართველოს კონტროლის ქვეშ ყოფილიყო გახლდათ რუსეთი. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა კოდორი რუსულ სამხედრო შენაერთებს დაეკავებიათ. მესმის კვიციანის ოჯახის ემოციური მდგომარეობა. ქალბატონი ნორა კვიციანი დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა, ის ძმის გამო იქცა პოლიტიკურ პატიმარად. ბუნებრივია, ამ ადამიანებს აქვთ მოჭრბებული უსამართლობის განცდა. საინტერესოა, ვინ აძლევდა კვიციანს გარანტიებს, აშკარაა, რომ ვიღაცამ ძალიან ცუდად იმუშავა. ფაქტია, რომ კვიციანების იოჯახი რეპრესირებული იყო წინა ხელისუფლების პირობებში და რეპრესირებულია დღევანდელი ხელისუფლების დროსაც. მხარს ვუჭერ და ვგულშემატკივრობ ამ ოჯახს. ამ მიმართულებით გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რათა ყველაფერს ნათელი მოეფინოს. კიდევ ერთიც, ამ სპეცოპერაციის წინამძღოლი ოქრუაშვილთან ერთად, მერაბიშვილიც იყო და არც ის დაუკითხავს ვინმეს, რაც სრულიად გაუგებარი, მით უფრო თუ გავიხსენებთ, რომ სასამართლომ კვიციანს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა...

მერაბ ჭუმბურიძე (სპეციალურად საიტისთვის)