გმირი თუ დამნაშავე? - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

გმირი თუ დამნაშავე? - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

გმირი თუ დამნაშავე?

რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალჩინოსნების სასჯელის ფონზე ემზარ კვიციანისთვის მისჯილი 12 წელი უსამართლობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა. მესმის იმ ხალხის, ვინც მისთვის 12 წლის მისჯას აპროტესტებს. ეს მეც ძალიან მკაცრი სასჯელი მგონია, მაგრამ არ მესმის მათი, ვინც აცხადებს, რომ მას დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია. მე არც პროკურორი ვარ, არც მოსამართლე, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, რომელმაც შეიარაღებულ ხალხთან ერთად სახელმწიფოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო მაშინ სახელმწიფოს მეთაური და სწორი იყო თუ არა "მონადირის" გაუქმების გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო და მას უპირველესად შეიარაღებული ადამიანი უნდა დაემორჩილოს. მათ რომ იარაღი დაეყარათ და მშვიდობიანი პროტესტი გამოეთქვათ, სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ შეიარაღებული დაუმორჩილებლობა, პოლიციისთვის ცეცხლის გახსნა, ოთხი პოლიციელის დაჭრა სულ სხვაა. ასეთი ადამიანი სასამართლომ უდანაშაულოდ რომ გამოაცხადოს, ეს ხომ იქნება მომავალში ასეთი ამბოხის და დაუმორჩილებლობის წახალისება?

კვიციანს შეიძლება მართლაც დიდი დამსახურება აქვს კოდორის ხეობის გადარჩენაში, მაგრამ როდესაც ადრე "ნაციონალების" მაღალჩინოსნების საქმეებზე ვწერდი, მაშინაც ვამბობდი, არ შეიძლება დამსახურებებმა დანაშაული გადაფაროს-მეთქი. მასე "ნაციონალებიც" ამბობენ, ვანო მერაბიშვილს ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვისო და ვაპატიოთ ყველაფერი?

კვიციანმა დანაშაულის გარდა რამდენიმე მორალურად მძიმე შეცდომაც დაუშვა: რუსეთში გაიქცა, ჩვენს მტერს შეაფარა თავი და რაც მთავარია, საშუალება მისცა, საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში გამოეყენებინა. რუსებს უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ ქართულ არმიაში ამერიკელი სამხედროები იბრძოდნენ, რაც სრული აბსურდია, და ამ ცილისმწამებლური პროპაგანდის გასამყარებლად სწორედ კვიციანი გამოიყენეს: გამოვიდა რუსულ არხზე და განაცხადა, კოდორში სპეცრაზმელს ნიღაბი ჩამოვხადე და ის ზანგი აღმოჩნდაო.

რა თქმა უნდა, სააკაშვილიც ისე მოიქცა, როგორც პატარა კაცი, როდესაც გაქცეული ემზარ კვიციანის მაგივრად მისი და, ნორა კვიციანი დაიჭირა და ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდა ციხეში, მაგრამ კვიციანსაც შეეძლო უფრო ვაჟკაცურად მოქცევა და როდესაც მისი და დაიჭირეს, ჩამოსულიყო და ჩამჯდარიყო.

კარგი ქნა, ახლა მაინც რომ ჩამოვიდა. სწორი გზა მისგან დანაშაულის არაღიარება კი არ იქნება, არამედ პირიქით! კი ბატონო, გაიარონ სასამართლოს ყველა ინსტანცია და თუ ყველა დონეზე სასამართლომ ის დამნაშავედ გამოაცხადა, მერე აღიაროს დანაშაული და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. ჩემი აზრით, ციხეში გატარებული ეს ერთი წელი და ექვსი წლის დევნილობა მისთვის საკმარისი სასჯელი იქნება და თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ მისი უდანაშაულოდ გამოცხადება წარმოუდგენელი ამბავი მგონია!

"გასაღები", პენსია და პოლიტპატიმრები

ე.წ. გასაღების თემა ისე გაჭიანურდა, რომ უკვე ყველას ყელში ამოუვიდა, ხალხს მოჰბეზრდა ყოველდღე იმაზე მსჯელობის მოსმენა, თუ რამდენი "გასაღები" უნდა იყოს და ვის უნდა ჰქონდეს ის. თან ბოლომდე ვერავინ გაერკვია ისეთ ტექნიკურ საკითხებში, როგორიც ე.წ. გასაღების თემაა. ზოგი იმასაც ვეღარ ხვდება, რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი. არადა, მართლაც მნიშვნელოვანია, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი უკანონო მოსმენებზე. თან ჯობია ამ საკითხზე პარლამენტარებმა იმსჯელონ, თორემ ხომ ხედავთ, წინა კვირას სხვა შემთხვევაში რა თემებით დაკავდნენ?

ჯერ რამდენიმე საათი არკვევდნენ, ჰიმნის დროს ქუდის მოხდა სავალდებულო უნდა იყოს თუ არაო. მერე ზურაბ ტყემალაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, 160 ლარი ეყოფა პენსიონერსო? განაცხადა: 160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარსო. ადრე, მახსოვს, შევარდნაძის ცოლს მიაწერდნენ შორეულ 90-იან წლებში ასეთ გამონათქვამს: კარგ დიასახლისს 8 ლარი კი უნდა ეყოსო (მაშინ 8 ლარი იყო პენსია), ჰოდა, თუ ამ კრიტერიუმიდან გამოვალთ, მაგრად წინ წავსულვართ, ახლა პარლამენტარები 160 ლარით დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ ჩვენს პენსიონერებს. ნახეთ, 160 ლარი რამდენით მეტია 8 ლარზე! რას ვერჩით ტყემალაძეს? ეტყობა, თავის დროზე 8 ლარით აქვს ნაცხოვრები და იცის, 160 ლარს როგორ უნდა ეყოს პენსიონერი!

თუ სერიოზულად ვიტყვით, ტყემალაძეს და სხვა პარლამენტარებს ურჩევნიათ, მათივე მთავრობის მოხელეებს მიმართონ ანალოგიური მოწოდებებით, ხელფასებზე დანამატების გარეშე რომ ვერ ძლებენ. არ შეიძლება ბატონმა ტყემალაძემ სწორედ მათ მოუწოდოს, ხელფასი კი არ უნდა ეყოს მოხელეს, არამედ მოხელე - ხელფასსო. იქნებ ამის შემდეგ მაინც შეეშვან ხალხის გაღიზიანებას ყოველთვიური დანამატებით. მაგრამ არა: ისევ პენსიონერებმა უნდა მოთოკონ მადა, რომ დიდმოხელეებმა გაილაღონ!

პარლამენტს არც თვითმმართველობა ჩამორჩა: თბილისის ახალ ბიუჯეტში შეღავათებია გათვალისწინებული პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთათვის. გაისიდან 20 თეთრად იმგზავრებენ. ეს ხალხი თავიანთი საქმეების გადახედვას, წართმეული ქონების დაბრუნებას, იმ პროკურორების და მოსამართლეების დასჯას ითხოვს, ვინც მათ უკანონო განაჩენი გამოუტანა. ესენი კიდევ სთავაზობენ, ავტობუსებში 20 თეთრად გამგზავრებთო!

მოკლედ, მიუშვით, ისევ მოსმენებზე და "გასაღებზე" ილაპარაკონ. ეს კანონი ნორმალური სახით თუ მიიღეს, ქვეყანა ერთი ნაბიჯით მაინც წავა წინ დემოკრატიის გზაზე!