"ჩვენ რუსული ხელოვნება მოგვწონს, მათ კი - ჩვენი, ამიტომ კულტურული ურთიერთობა არ უნდა გავწყვიტოთ!" - "რუსოფილებს ჩემს თანამემამულეებად არ მივიჩნევ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ რუსული ხელოვნება მოგვწონს, მათ კი - ჩვენი, ამიტომ კულტურული ურთიერთობა არ უნდა გავწყვიტოთ!" - "რუსოფილებს ჩემს თანამემამულეებად არ მივიჩნევ"

"რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ვიცნობ და პატივს ვცემ, მაგრამ იმ რეზო ჩხეიძეს, რომელიც ასე ლაპარაკობს, ნამდვილად არ ვიცნობ. ასეთი აზროვნება ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. მე და რეზო ჩხეიძე ამ შემთხვევაში ერთი ქვეყნის მოქალაქეები არ არ ვართ..."

"არავინ იცის სად რა მოხდება, ხვალ გაიღვიძებს, თუ - არა საერთოდ პუტინი."

"ამ ბოლო ხანს მოსკოვიდან თუ რამ თეატრის დასი ჩამოვიდა და აქ ითამაშა, ყველას უდიდესი წარმატება ჰქონდა! ისინიც გაოგნებული უყურებდნენ ქართველებს, ეს რა ხალხიაო... არ არის ეს ბედნიერება?!"

რუსეთმა აფხაზეთთან მოკავშირეობისა და სტარტეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით, კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რომ დათვი დათვია და როდესაც საქმე მის "დერჟავნიკულ" ინტერესებს შეეხება, მასთან არც ტკბილი სიტყვა, არც მინერალური წყალი და არც ციტრუსი ჭრის... შესაბამისად, სულ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, ხომ არ არის გადასახედი ახალი ხელისუფლების ე.წ. კონსტრუქციული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს. ბოლო ხანს, რუსეთთან კულტურული პროცესის გაცვლა-გამოცვლა აშკარად გახშირდა. სულ ახლახან, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ანექსიის პარალელურად თბილისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ფესტივალი "კავკასიის რუსული სული" გაიმართა... როგორც ირკვევა, ფესტივალის თბილისში ორგანიზებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც მუშაობდა. უნდა ტარდებოდეს თუ არა მსგვსი ღონიძიებები საქართველოში? - ამაზე აზრთა სხვდასხვაობა, ზოგი მიიჩნევს, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმენთისგან უნდა გაიმიჯნოს, მაგალითად, რეჟისორი რეზო ჩხეიძე ერთ-ერთ გამოცემასთან აცხადებს: "რუსეთმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის, გაიხსენეთ ჩვენი კლასიკოსები, მეცნიერები და იმჟამინდელი განათლების დონე, ქართული კინო მსოფლიოში წამყვან პოზიციაზე რომ იდგა სწორედ რუსეთის დამსახურებაა, ყველა გამოჩენილმა რეჟისორმა "ვგიკი" დაამთავრა, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გეზი რუსეთისკენ უნდა აიღოს, ჯერ ერთი, მეზობელი სახელმწიფოა რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორეც-მართლმადიდებელი ქვეყანაა და, ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ვიცნობთ რუსეთს."

გურანდა გაბუნია, მსახიობი:

- კულტურაა ის, რაც დღეს ყველას აკლია! კულტურისა და ხელოვნების გარეშე არ არსებობს ერი! რუსი ხელოვანების არ ჩამოსვლაზე ლაპარაკი დიდი სირცხვილია! არავინ იცის სად რა მოხდება, ხვალ გაიღვიძებს, თუ - არა საერთოდ პუტინი... შეიძლება გაუთავებლად ერთ და იმავეზე ლაპარაკი?! - ხელოვნება არის ხელოვნება და მორჩა! პოლიტიკა სულ სხვა რამეა, მე არ ვერევი და არც მაინტერესებს... ამ ბოლო ხანს მოსკოვიდან თუ რამ თეატრის დასი ჩამოვიდა და აქ ითამაშა, ყველას უდიდესი წარმატება ჰქონდა! ისინიც გაოგნებული უყურებდნენ ქართველებს, ეს რა ხალხიაო... არ არის ეს ბედნიერება?! - ჩვენ რომ ჩავდიოდით რუსეთში ერთი ამბავი იყო, ლენინგრადში სპექტაკლი რომ ჩავიტანეთ, შუშის კარი შემოამტვრიეს და შემოცვივდნენ, ისე მოსწონდათ ჩვენი სპექტაკლები... ამაზე კარგი რომ არაფერია, რით ვეღარ უნდა შეიგნოს ქართველმა ხალხმა?! ამათ არაფერი აინტერესებთ და არაფერზე წყდებათ გული... ღმერთო, რამდენი სპექტაკლი აქვს რუსეთში ოთარს ნათამაშები და სულ გადაჭედილ დარბაზებში...

სიმონ მასხარაშვილი, ისტორიკოსი:

- რუსეთს სურს საქართველოს სრული ანექსია და ჩვენი თვითმყოფადობის მოსპობა. ამისთვის ყველანაირ იარაღს და თემას იყენებს - სპეკულირებს ვითომ ერთმორწმუნეობით, კულტურით, ეკონომიკით, ისტორიით... საქართველოში ვიღაც-ვიღაცები რატომ ფიქრობენ, რომ კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა, ჩემთვის ყოვლად გურკვეველია, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. ვინც მაგას ამბობს, მე მაგათ ჩემს თანამემამულეებად არ მივიჩნევ.

- რეზო ჩხეიძე აცხადებს რომ რუსეთი ახლაც ბევრს გვეხმარება...

- რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ვიცნობ და პატივს ვცემ, მაგრამ იმ რეზო ჩხეიძეს, რომელიც ასე ლაპარაკობს, ნამდვილად არ ვიცნობ. ასეთი აზროვნება ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. მე და რეზო ჩხეიძე ამ შემთხვევაში ერთი ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ. ახლა ომია, ხან უფრო მძაფრი, ხანაც - ნაკლებად... ეს ომი 200 წელია მიმდინარეობს, მაგრამ განსაკუთრებით ახლა შეიძინა უსაძაგლესი ფორმა. დღეს რაიმე სიყვარულსა და ფსევდოურთიერთობაზე ლაპარაკი ყოვლად გაუმართლებელია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც პუტინის რუსეთში ხედავს მომავალს, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რას ნიშნავს ხელოვნებას საზღვრები არ აქვს?! ხელოვნება ხალხს და ერს ემსახურება. შეიძლება რამე უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე ერია, ღმერთია, სიმართლე და სიყვარულია შენი მოყვასის?! როგორ დავუჯერო მათ, რომლებსაც უყვართ რუსი და არ უყვართ ქართველი. რომელსაც არ აწუხებს დაღუპული ქართველი ბიჭები და არ არიან შურისძიებით გაჟღენთილი?!

გიორგი შენგელაია, რეჟისორი:

- მომხრე ვარ, რომ პოლიტიკა კულტურისგან განცალკევებულად განვიხილოთ. ეს სულ სხვა სფეროა. კულტურის მოღვაწეები არ აგებენ პასუხს იმაზე, რასაც მათი მთავრობა აკეთებს. სახარებაში წერია, როცა ერთ ლოყაში მოგატყამენ, მეორე მიუშვირეო... ანუ თუ სიძულვილით გექცევიან, შენ უფრო მეტი სიყვარული უნდა გამოუცხადო. ისტორიაში უარესი ამბები ყოფილა. მეორე მსოფლიო ომის დროს სულ ხოცვა-ჟლეტა იყო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ურთიერთობები აღადგინეს, იმიტომ რომ კულტურა ზოგადსაკაცობრიო მოვლენაა. ამ წუთში ჩვენ დიქტატორულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ქვეყნის მმართველს პუტინს რომ ჰიტლერს ადარებენ, ეგეთ რუსეთთან, მაგრამ პუტინი აუცილებლად დამარცხდება. ეგეთი ფიგურები არ რჩებიან ისტორიაში და ჩვენ აღვადგენთ ისევ ძველებურ ურთიერთობას. ჩვენ რუსული ხელოვნება მოგვწონს, მათ კი ჩვენი, ამიტომ კულტურული ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავწყვიტოთ! დღეს როცა პუტინმა ხელი მოაწერა აფხაზეთთან შეთანხმებას, ვფიქრობ, ეს კულტურის მოღვაწეებმა უნდა გვაპროტესტოთ, არ გამოვიდეთ რუსულ სცენაზე, არ მივიღოთ მათი სპექტაკლები ამ კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ ზოგადად ეს დროებითი მოვლენაა. დიქტატურა დამარცხდება, რუსეთისგან დადგება კარგი რუსეთი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)