დეპუტატ ქალებს საპარლამენტო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ - სკანდალური ფოტოები თუ გაუგებრობა - კვირის პალიტრა

დეპუტატ ქალებს საპარლამენტო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ - სკანდალური ფოტოები თუ გაუგებრობა

"ამის ნათელი დადასტურება გახლავთ 22 ნოემბერს შემდგარი შეხვედრა, სადაც "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკელების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შესაძლო საპარლამენტო გადატრიალებაზე ითათბირეს."

"

შეხვედრა, როემლიც ამ ფოტოებზეა აღმეჭდილი, არანაირ "საპარლამენტო გადატრიალებას" და პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება."

"ვინც ამ ფოტოებს ამგვარი ინტერპრეტაციით ავრცელებს, ტყუის."

"ვიყავით კონგოელ და კენიელ პარლამენტარებთან ერთად..."

ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის " ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაავრცელა ნიუ იორკში გადაღებული ფოტოები, რომელზეც ასახული არიან საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის "რესპუბლიკელი" წევრი თამარ კორძაია, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი პარლამენტში ნინო გოგუაძე და როგორც სადღობელაშვილი ამბობს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 მთავარი სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი, დათა ახალაიას კუდის ხელმძღვანელობისას უშიშროების საკითხებში ოფიცერი თამარ მიქაძე.

ლადო სადღობელაშვილი: -  "მას შემდეგ რაც 15 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნათლად დაინახა, რომ მას ხალხში არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს, ტაქტიკა შეცვალა და "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილი აგენტურის საშუალებით აამოქმედა საპარლამენტო გადატრიალების გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რომ "ნაცები" აწარმოებდნენ მუდმივ კონსულტაციებს "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ პირებთან, რათა საჭირო მომენტში მომხდარიყო მათი ამოქმედება. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ 22 ნოემბერს შემდგარი შეხვედრა, სადაც "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკელების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შესაძლო საპარლამენტო გადატრიალებაზე ითათბირეს."

ამ განცხადების შემდეგ, "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა თამარ კორძაიას და ხათუნა გოგორიშვილს:

თამარ კორძაია, პარლამენტარი:

- შეხვედრა, როემლიც ამ ფოტოებზეა აღმეჭდილი არანაირ "საპარლამენტო გადატრიალებას" და პოლიტიკურ დაპირისპირებას არ უკავშირდება. შეხვედრა მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით, შეეხებოდა ქალთა უფლებებს და იქ არა მხოლოდ ქართული დელეგაცია, არამედ , კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნის პარლამენტარებიც იყვნენ, ეს სურათები ხელმისაწვდომია ჩემს "ფეისბუქ" გვერდზე, სადაც მთელი ვიზიტის განმავლობაში გადაღებული ფოტოები შეგიძლით ნახოთ.

ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტარი", "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი:

- საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ნამდვილად ერთად ვიყავით, შეხვედრა შეეხებოდა ქალთა უფლებებს, ლაპარაკი იყო ქალთა უფლებების დაცვის პროგრამაზე. ვინც ამ ფოტოებს ამგვარი ინტერპრეტაციით ავრცელებს, ტყუის.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)