ჩინური ენის სწავლა სავალდებულო გახდება? - რა აერთიანებს აბაშიძეს, სააკაშვილსა და ალიბეგაშვილს - კვირის პალიტრა

ჩინური ენის სწავლა სავალდებულო გახდება? - რა აერთიანებს აბაშიძეს, სააკაშვილსა და ალიბეგაშვილს

"შეამოწმეთ, საკრებულოს თავმჯდომარეს მოწეული ხომ არფერი ჰქონდა"

"ჩინური ქალაქები ე.წ. china town მთელ მსოფლიოშია და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ"

"საზოგადოებას ქართულად ლაპარაკი უჭირს, საქართველოს ისტორია არ იციან და იმის მაგივრად, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, ასეთ უაზრობებზე ვმსჯელობთ"

ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლების თაობაზე საქართველოში პირველმა ლაპარაკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს აჭარის იმჟამინდელმა ლიდერმა ასლან აბაშიძემ დაიწყო. მეტიც, მან თურმე გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა და ჯერ, აჭარის სკოლებისთვის ჩინელი მასწავლებლების გამოგზავნის თხოვნით საქართველოში ჩინეთის ელჩს მიმართა, შემდეგ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, პეკინსა და გუანდუნის პროვინციის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას, იგივე თხოვნა გაიმეორა. შემდგომი პოლიტიკოსი, ვინც ჩინური ენა მომავლის ენად გამოაცხადა, სწორედ ის აღმოჩნდა, რომელმაც ასლან აბაშიძეს "ჩინური ოცნების" განხორცელება არ აცალა. "შემდეგი 4 წლის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ ყველა ქართველი ბავშვი, სკოლის ასაკის, 5 წლის და უფრო უფროსი, გახდება ინგლისურენოვანი. ამას მოყვება ის, რომ შემდგომ ეტაპებზე, გათვალისწინებით დღევანდელი მოთხოვნების, მათი შემდგომი ენა იქნება ჩინური..." - ეს სიტყვები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ამჯერად ამგავრი ინიციატივით ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტად წასვლამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გამოვიდა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენში ამ ინიციატივაზე?

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი:

- როგორც ჩანს, ბატონ გიორგის კომპეტენციები აერია. სკოლაში რა უნდა ისწავლებოდეს, საკრებულოს თავმჯდომარის გადასწყვეტი არაა. ამისთვის შესაბამისი სტრუქტურები არსებობს. კარგი იქნება, თუ ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი იმაზე კი არ იფირებს სკოლაში რა უნდა ისწავლებოდეს, არამედ ქალაქის პრობლემების მოგვარებაზე. ვიმეორებ, საკრებულოს თავმჯდომარისაგან ასეთი ინციატივები ძალიან არასერიოზულია.

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

- სადაც ინგლისური, თურქული ან რუსული ენა ისწავლება, არაფერი დაშავდება თუ ჩინურიც შეისწავლება, თუმცა ეს არ უნდა იყოს პირველი ან მეორე კლასიდან სავალდებულო საგანი, ეს უნდა ისწავლებოდეს ალბათ მერვე-მეცხრე კლასიდან და აუცილებლად არჩევითი საგნად. ჩინეთი ძალიან პერსპექტიული ქვეყანაა. არ გამიკვირდება ცოტა ხანში ამერიკა გვერდზე ჩაწიოს და მსოფლიოს ლიდერის როლში მოგვევლინოს. კიდევ ერთი საკითხიც, ჩვენთან, ჩინელების გარდა, ჩამოდიან ვიეტნამელები, მოგეხსენებათ, ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან გვანან ერთმანეთს და ხალხს ვიეტნამელები ჩინელები ჰგონია, თორემ ჩინეთში სამსახურების მხრივ ისეთი პოტენციალი არსებობს, რომ ქართველები იქით უნდა გავრბოდეთ. საქართველოში თუ ვინმეს თვალმოჭუტულს დაინახავენ, ყველა ჩინელი ჰგონიათ.

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკოსი:

- მაგათ ურჩევნიათ საქმეს მიხედონ, ქალაქი თავზე ექცევათ. ფულს ტყუილად ნუ ხარჯავენ და ნუ დახეტიალობენ აქეთ-იქით. მაგათ საქმე აქვთ გამოლეული და იგონებენ ასეთ სულელურ რაღაცებს. დიპლომატიური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან წაგვადგება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რამდენ ქვეყანაშიც საკრებულოს წევრი წაჩანჩალდება ბიუჯეტის ხარჯით, იმდენი იმ ქვეყნის ენის შესწავლა მოვინდომოთ. "ძაღლი შინ არ ვარგოდაო..." ხომ გაგიგიათ. ამბობენ, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთო, მაგრამ ვისაც უნდა მოეზიდა, - ბიძინა ივანიშვილს, მაგას არაფერი მოუზიდია, აბა, ეგენი რისი მაქნისები არიან. სხვათა შორის, ეგენი ინვესტიციების მოსაზიდად კი არ დადიან, არამედ დროის სატარებლად. ისე, ერთს გირჩევთ, შეამოწმეთ, საკრებულოს თავმჯდომარეს მოწეული ხომ არფერი ჰქონდა...

ზურაბ ქარუმიძე, მწერალი:

- რაც უფრო მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უკეთესია მისთვის. ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანაა და შეიძლება ითქვას მალე გლობალური ლიდერი გახდება და ამ ქვეყნის ენის ცოდნა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნება. ისე, რთული იქნება მაგის განხორციელებისთვის კადრების მოძიება.

- ჩვენში მაინც და მიანც არ ახარებთ ჩინელების დანახვა, ჩინური ენის სწავლების სკოლებში შემოღება, ხალხს კიდევ უფრო ხომ არ გააღიზიანებს?

- პირიქით, ჩინური ენის სწავლება ხელს შეუშლის უსაფუძვლო ფობიებს. ჩინური ქალაქები ე.წ. "china town" მთელ მსოფლიოშია და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი:

- გასაგებია, რომ ახლო მომავალში ჩინური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე აჯობებს რუსული და ქართული უკეთ იცოდნენ, ვიდრე ჩინური. დღეს სკოლებში იმას ვერ აკეთებენ რაც მართლა ევალებათ, აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას მნიშვნელოვნად არ მივიჩნევ. ერთ რამეს გეტყვით: ჩვენთან აფხაზური ენა კონსტიტუციურად ითვლება სახელმწიფო ენად და მოსახლეობის 99%-მა მეეჭვება აფხაზურად გამარჯობა მაინც იცოდეს, მათ შორის ვარ მეც... როდესაც ასეთ მაიმუნურ სიტუაციაში ხარ, ასეთ ინიციატივას მიდებ-მოდება ჰქვია, თორემ არავინ არავის უშლის ენის სწავლას. საზოგადოებას ქართულად ლაპარაკი უჭირს, საქართველოს ისტორია არ იციან და იმის მაგივრად, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, ასეთ უაზრობებზე ვმსჯელობთ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)