"ეს აქცია კონტროლდება და აზრზე მოდით!.." "პეტრიაშვილს ფეხებით დავკიდებ" _ ემუქრებოდნენ მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაშვილი გაფიცულ რკინიგზელებს?! - კვირის პალიტრა

"ეს აქცია კონტროლდება და აზრზე მოდით!.." "პეტრიაშვილს ფეხებით დავკიდებ" _ ემუქრებოდნენ მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაშვილი გაფიცულ რკინიგზელებს?!

"პეტრიაშვილს გადაეცით, ეგ თავხედი და გასიებული ადამიანი თავის მსგავს ტყუილებს ნუ იძახის!.. პეტრიაშვილი ნამდვილად ფეხებითაა ჩამოსაკიდი"

"მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციელებმა გაათრიეს, თორემ შეიძლება აქციის მონაწილეებს ჩაექოლათ კიდეც"

"ალექსანდრია არის ცრუ და დაკავებულია საბოტაჟით. სხვათაშორის ეს ალექსანდრია არის გიგა ბოკერიას დედის ნათესავი და სწორედ ბოკერიას დაკვეთებს ასრულებს. ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რკინიგზა გაფიცულია და არ მუშაობს."

რამდენიმე დღეა უკვე რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, "პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე გაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან". ამის შესახებ ალექსანდრიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩვენ დავუკავშირდით პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს და უფლებათადამცველს მელორ ვაჩნაძეს.

ირაკლი პეტრიაშვილი:

- გაფიცულ რკინიგზელებთან მივიდა დირექტორატი: ნიკოლაიშვილი, გურამიშვილი და სხვ. სწორედ მათ მიიყოლეს მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. მათთან იყო დაჩი ცაგურიაც, მაგრამ ის მათი თანამშრომელია და არაა გასაკვირი, რომ მათთან ერთად ყოფილიყო.

- მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ზეწოლას ახდენდენ გაფიცულ რკინიგზელებზე?

- კი მელორ ვაჩნაძე ეუბნებოდა შემდეგ ფრაზებს: "ბიჭებო თქვენ თემაში ხართ?!", "აზრზე მოდით, რა, თემაა", მერე რაღაც ასეთიც სუთხრა: " ეს აქცია კონტროლდება და აზრზე მოდითო". ლევან გოგიჩაიშვილს უთქვამს, რომ მე - ირაკლი პეტრიაშვილს 2-3 დღეში ფეხებით დამკიდებს. ჩემი მოადგილე და ჩვენი სხვა წარმომადგენლები ყველანაირად შეეცადნენ განემუხტათ სიტუაცია. ეს ადამიანები გაფიცულ მუშაკებთან ძველ ბიჭობდნენ. ყვიროდნენ, იმუშავეთ და წადით სახლებშიო და ასეთი რაღაცეები. დაჩი ცაგურიას ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. აქეთ-იქით სირბილებით რაღაც თანამდებობა დაირტყა, მაგრამ ხომ იცით, სახედარს რომ უნაგირი დაადგა რაში ვერ გახდება.

- თავად გაფიცულები როგორ შეხვდნენ მელორ ვაჩნაძეს და ლევან გოგიჩაიშვილს?

- იქ პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ და ჩვენმა წარმომადგენლებმა მათ მიმართეს, რომ ეს ხალხი გაეთრიათ. მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციამ გაათრია, თორემ შეიძლება აქციის მონაწილეებს ჩაექოლათ კიდეც.

- ამ ყველაფრის შემდეგ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ ?

- დიახ, ჩემმა მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ უთხრა, რომ ეს თქვენი მოყვანილი ხალხია, ისინი აწყობენ დებოშს და ამის შესახებ, გაიგებს საქართველოში არსებული ყველა დიპლომატიური მისია, აგრეთვე საქმის კურსში იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიო. ასევე იმასაც ვეტყვი, რომ მანქანა დამყვება და მუდმივად მითვალთავლებენო. მერე დაჩი ცაგურია ეხვეწებოდა, არ გინდა სიტუაციას ნუ გავართულებთო, დავივიწყოთ რაც მოხდაო. ეს ადამიანები, ვინც რკინიგზის დეპარტამენტის მენეჯმენტშია, ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ატერორებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გაფიცულები არიან. ნიკოლაიშვილი, გურამიშვილი და სხვ. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენს ხალხს არაფრის უფლება ჰქონოდა. ახლა უკვე ჩვენი წევრები ყოველდღიურ რეჟიმში უყურებენ ამ ხალხს, სწორედ დირექტორატის მიზეზითაა ეს გაფიცვა. მოტყუებით, დამცირებით, იგნორირებით და სხვა საშუალებებით გაფიცვა სპეციალურადაა ინსპირირებული. მოიგონეს სახელფასო სისტემა რის საფუძველზეც ამ ხალხს ხელფასები აკლდება. წარმოიდგინეთ შარშან გაფიცული იყვნენ ხელფასის მომატების მოთხოვნით და წელს იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასი კიდევ უფრო მოიკლებს. ეს სპეციალურადაა გაკეთებული, რომ ამ ხლახის აღშფოთება გამოეწვიათ.

- ამბობენ, თითქოს გაფიცვის მეთაურები "ნაციონალური მოძრაობის" ჩანერგილები არიან...

- "საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააგდო სამსახურიდან და დასკვნები თქვენთვის მომინდია.

მელორ ვაჩნაძე, ყოფილი პოლიტპატიმარი:

- ვერ ვხვდები ეგენი რას გულისხმობენ ზეწოლაში, ადამიანებთან საუბარს? სხვათაშორის, ეგენი თვითონ ითხოვდნენ ჩვენთან ლაპარაკს.

- პროფკავშირების ხემძღვანელი ამბობს, ლევან გოგიჩაიშვილი იმუქრებოდა, რომ პეტრიაშვილს 2-3 დღეში ფეხებით დაკიდებდა...

- არაპირდაპირი მნიშვნელობით გეტყვით, რომ პეტრიაშვილი ნამდვილად ფეხებითაა ჩამოსაკიდი, მხოლოდ იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველობის მთელი 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არსებული პრობლემები არ ახსოვდა. სხვათა შორის, ეგ ვანო მერაბიშვილის მიერაა ხელდასხმული. ამდენი წლის მანძილზე არ ჰქონდა მუშათა კლასს პრობლემები, სად იყო ამ დროს პეტრიაშვილი?! ჩვენი მხრიდან არავითარ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. ჩვენ გაფიცულებთან გვქონდა ლაპარაკი და აზრების გაცვლა. სწორედ გაფიცულების მხრიდან იყო მოთხოვნა რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაიტერესებულიყვნენ მათი პრობლემებით. სწორედ ამიტომ მივედით მათთან მე და ლევან გოგიჩაიშვილი. იმ დროს, როდესაც მე და ლევანი ვასრულებდით უფლებათადამცველის პირდაპირ მოვალეობას, გამოჩნდა გოჩა ალექსანდრია, რომელმაც ატეხა პანიკა და დაიწყო ათასგვარი პროვოკაციის მოწყობა. ეს იყო ჩვენი მუშაობის პირდაპირი ხელისშეშლა და ამას რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დავტოვებ. ალექსანდრია არის ცრუ და დაკავებულია საბოტაჟით. სხვათაშორის ეს ალექსანდრია არის გიგა ბოკერიას დედის ნათესავი და სწორედ ბოკერიას დაკვეთებს ასრულებს. ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რკინიგზა გაფიცულია და არ მუშაობს. ეს მტკნარი სიცრუეა.

- პეტრიაშვილმა თქვა, რომ ხალხი თქვენს ჩაქოლვას ცდილობდა და პროფკავშირის ხალხმა გააჩერა.

- ეს უკვე სისულელეა. პეტრიაშვილს გადაეცით, - ეგ თავხედი და გასიებული ადამიანი მსგავს ტყუილებს ნუ იძახის. მე კიდევ მივალ ამ ადამიანებათან, შევხვდები და ვნახოთ ვინ როგორ ჩამქოლავს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)