ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

რატომ არ დაიკითხნენ დღემდე ლაფანყურის საქმეზე ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია?!

რატომ არ ითანამშრომლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებრივ საბჭოსთან?!

"ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა ბურთი პროკურატურისა და შსს-ს მოედანზეა"

სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო 2012 წელს ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს 1-ლ დეკემბერს წარმოადგენს. ომბუდსმენი არ აკონკრეტებს იკვეთება თუ არა მასალების შესწავლის შედეგად ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც საზოგადოებრივი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მამუკა არეშიძე აცხადებს, ანგარიშში ეს პასუხისმგებლობა ირიბად იკვეთება, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაინც საგამოძიებო ორგანოების ხელშია და იმ კითხვებს, რომელიც ამ ანგარიშშია დასმული, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. გარდა ამისა, ანგარიშში არის რამდენიმე დეტალი, რომელიც დღემდე უცნობი იყო და ამის თაობაზე საზოგადოება ანგარიშის გამოქვეყნებისას შეიტყობს. შეგახსენებთ, ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო 12 წევრისგან შედგება. ესენი არიან: სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი. ლაფანყურის სპეცოპერაციისას შსს-ს 2 და თავდაცვის სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ასევე დაიღუპა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი.

სოსო ცისკარიშვილი:

- მიმაჩნია, რომ საბჭოს ეგიდით ძალიან ეფექტიანი და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა ბურთი პროკურატურისა და შსს-ს მოედანზეა. იმედი მაქვს, ქილიკს არ დაიწყებენ და დაუფიქრდებიან ამ ანგარიშს. უცნაურია, რომ არც წინა ხელისუფლებას, არც დღევანდელს, ჩემდა გასაკვირად, არც კრემლის მესვეურთ არ გამოუჩენიათ ამ საქმის გახსნის სურვილი და ალბათ, ისევ საზოგადოების აქტივობა იქნება აუცილებელი, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

- როგორ ფიქრობთ, იკვეთებაAთუ არა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი?

- ვნახოთ... ფაქტია, რომ ეს სრულიად განსხვავებულია, იმ ინფორმაციებისგან რაც ორი წლის წინ ვრცელდებოდა. არ მინდა წინასწარ ანონსი გავაკეთო, მაგრამ დაკვნები შინაგან საქემთა სამინსიტრომ და პრკურატურამ უნდა გააკეთოს. თუ საკმარისი არ იქნება ამ ორი ორგანოს მუშაობა, არსებობს პარლამენტი, დიდი ალბათობით სწორედ მისკენ იქნება მიპყრობილი საზოგადოების ყურადღება. საბჭოს წევრები არაერთხელ ვესაუბრეთ დაღუპული ადამიანების ოაჯხის წევრებს. საბჭოს წევრად მოწვეული გვყავს პანკისის "უხუცესთა საბჭოს" წარმომადგენლები. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ისეთი ინფორმაციაც გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომელსაც პანკისის მოსახლეობის დახმარებისა და რაც მთავარია, თანხმობის გარეშე ვერ მოვიძიებდით. ეს ინფორმაცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ საქმეში. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით გაგვერკვია რამდენიმე ისეთი დეტალი, რაც მანამდე არ იყო ცნობილი.

- ეს ინფორმაციაც 1-ელ დეკემბერს გახდება ცნობილი?

- დიახ, საბჭო პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას ჩვენს მიერ მომზადებულ 100-გვერდიან ანგარიშს გავაცნობთ. გეტყვით, რომ არც ერთი გასაიდუმლოებული დოკუმენტი არ გამოგვიყენებია, რადგან ჩვენთვის მიუწვდომელი იყო. სულ რამდენიმე დღეში, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება პრეზენტაცია და იმედი მაქვს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

მამუკა არეშიძე:

- ჩვენი მუშაობის დაწყებამდეც ჩანდა, რომ ამ საქმეში რამდენიმე ადამიანის, შს სამინისტროს ხელმძღვანელობის გულგრილი დამოკიდებულება გამოიკვეთებოდა. ზოგიერთ ვერსიას მეტი დამამტკიცებელი საბუთი სჭირდებოდა. ერთი საინტერესო მომენტი გამოიკვეთა, - ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, სხვებმა მხარი დამიჭირეს და ჩვენს ნამუშევარს "ანგარიში" დავარქვით. ეს ამბავი ზუსტად იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი სტრუქტურის წარმომადგენლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვგულისხმობ, ჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვეს, აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვა დარჩა... რასაკვირველია, ბევრი საინტერესო ფაქტი გაირკვა, ზოგიერთი ვერსია ფაქტებით შეივსო.

- ბატონო მამუკა, თუ გახდა საბჭოსთვის ცნობილი სამართალდამცავების მიერ ამ საქმეზე დაიკითხნენ თუ არა ქვეყნის იმჟამინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია?

- ოფიციალურად ამაზე არაფერი ვიცი, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, არ დაკითხულან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)