"ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ჩინოსანთა ნაწილი ბიზნესის შევიწროვებას ცდილობდა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ჩინოსანთა ნაწილი ბიზნესის შევიწროვებას ცდილობდა"

"არ მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასუსტეს, რადგან რამდენიმე ადამიანის გაშვება თვითონ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა."

"ძმებმა ჩხენკელებმა ან რით დაიმსახურეს თავის დროზე ეს თანამდებობები, ან რატომ დატოვეს?!. ეკონომიკური საკითხებში რომან ჩხენკელს მეტი ეკითხებოდა, ვიდრე ამ დარგში მომუშავე მინისტრებს..."

"ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. კახელების ჯგუფს დაარტყა..." ივანიშვილს ეჭვი არაერთმა ნაჩქარევად ჩატარებულმა ტენდერმაც გაუჩინა.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მალე შეიძლება ხელისუფლებიდან წასულ მაღალჩინოსანთა ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

სამთავრობო ვერტიკალში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ჩინოსანთა "საკუთარი ნებით" სამსახურიდან წასვლის ეპიდემიამ უკვე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იჩინა თავი - გათავისუფლების თაობაზე განცხადება ამჯერად ამ სამსახური უკვე ყოფილმა უფროსმა ირაკლი გვარამაძემ დაწერა. როგორც ირკვევა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის თავმჯდომარეს მისი შემცვლელის კანდიდატურად გიორგი თაბუაშვილი უკვე წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციით, გვარამაძეც მთავრობაშის იმ სახელისუფლო დაჯგუფების წარმომაგენელი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან იყო დაკავშირებული, მეტიც, მის საყრდენს წარმოადგენდა და რომლის მაკოორდინირებელ ფიგურად ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი ზვიად ჯანყარაშვილი სახელდებოდა. ჯანყარაშვილის პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან წასვლას ჯაჭვურ რეაქციად მოჰყვა ხელისუფლებიდან არაერთი მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლება, მათ შორის ძმები ჩხენკელების, რომელთაგან ერთი ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა და პრემიერის მრჩეველი იყო, მეორე კი - მთავრობის კანცელარიაში რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტმენტს განაგებდა. მათზე კარგა ხანია ლაპარაკობდნენ, რომ ბიზნესსექტორზე გარკვეული გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ და ხელისუფლებაში ბიზნესიდან მოსული ძმები გარკვეულ კომპანიებს ლობირებდნენ.

"სრულიად აშკარაა, რომ ეს იყო გარკვეული სტრუქტურა, უფრო ზუსტად ქსელი, შეგნებულად არ ვახსენებ ერთ სიცილიაში ცნობილი სიტყვას... შოკის მომგვრელია, როდესაც თანამდებობიდან წასულ გურიის გუბერნატორს, უკან სახელმწიფო უშიშროების პირველი პირი მიჰყვება... სად მიჰყვება, რატომ გადაწყვიტა, რომ გაიქცეს?! რისი ეშინია ასე ძალიან?! ან რატომ დასრულდა ასე სწრაფად და უშედეგოდ ე.წ. საკადრო "ჩხენკელია". ძმებმა ჩხენკელებმა ან რით დაიმსახურეს თავის დროზე ეს თანამდებობები, ან რატომ დატოვეს?! როგორც ვიცი, რომან ჩხენკელი თავის დროზე "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში ფიგურირებდა და ამის გამო მცირე ხნით პატიმრებობაში იყო, მაგრამ შემდეგ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დანიშნეს და ეკონომიკური საკითხებში მეტი ეკითხებოდა, ვიდრე ამ დარგში მომუშავე მინისტრებს."- აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამ სახელისუფლო ცვილებების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი ღარიბაშვილს, ზვიად ჯანყარაშვილთან ერთად, შეხვდა. როგორც ამბობენ, შეხვედრის დროს პრემიერმა ექსპრემიერისგან არაერთი საყვედური მოისმინა და ივანიშვილმა ღარიბაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა ჯანყარაშვილისა და მისი გარემოცვის პარტიისა და ქვეყნის მართვიდან ჩამოშორება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი გახდა ის ინფორმაციები, რომელიც ამ ჯგუფის წევრების საქმიანობის შესახებ ივანიშვილმა შეკრიბა. უპირველესად აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებამ აჩვენა, რომ ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე არ არის. კულუარული ინფორმაციით, ამის მიზეზების გარკვევისას, აღმოჩნდა, რომ მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მუშაობას მნიშვნელოვანწილად უშლიდა ხელს იმ ჯგუფის წევრთა არაჯანსაღი მოქმედებები, რომელთაც პრემიერ-მინისტრის ყველაზე მეტად ენდობოდა. მაგალითად, რომან ჩხენკელი, რომელიც ღარიბაშვილის მრჩეველი იყო სერიოზულად ბლოკავდა არაერთ ინიციატივას, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკიდან მოდიოდა.

რაც შეეხება მის ძმას აკაკი ჩხენკელს, მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ინერტულობა, რაც რეგიონების მმართველობაში იგრძნობა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ივანიშვილს ეჭვი არაერთმა ნაჩქარევად ჩატარებულმა ტენდერმაც გაუჩინა. ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მალე შეიძლება ხელისუფლებიდან წასულ მაღალჩინოსანთა ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. საინტერესოა, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ "ქართუ ბანკის" უკვე ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა, კაცი, რომელსაც ივანიშვილი ენდობა. ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ჯავახიშვილი უახლოეს მომავალში მინისტრის სავარძელს დაიკავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად მალხაზ ჩიკვილაძის ნაცვლად მირიან მჭედლიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ასევე "ქართუ ბანკში" მუშაობდა. შეიძლება ამ ცვლილებებით ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში თავისი კადრების დაბრუნებას ცდილობს. როგორც უკვე იცით, თანამდებობიდან ასევე გადადგა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი სამყურაშვილიც, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებოდა და როგორც ამბობდნენ, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ ზვიად ჯანყარაშვილის სურვილმა განაპირობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივად ისმის კითხვები: ეს ყველაფერი იარკლი ღარიბაშვილის დასუსტებისკენ ხომ არ არის მიმართული და რა ელის ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს?

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- ის, რომ ყველას ერთდროულად მოუნდა განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შემდგარი საუბრით არის განპირობებული. საქმე ის არის, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ძალზე რთული მდგომარეობა შეიქმნა, ეს შეეხება როგორც ბიუჯეტის ხარჯვას, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში, როგორც რეგიონალურ, ასევე სხვადასხვა დონეზე, ჩინოვნიკ-შემსრულებელთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც იმის შიშით, რომ რამე არ შეეშალოთ, საერთოდ ყოველგვარ პასუხისმგებლობას გაემიჯნენ და რაიმე ინიციატივის თავის თავზე აღების ეშინიათ, სამაგიეროდ თითქმის არაფერის კეთებაში იღებდნენ ხელფასებს, დანამატებსა და პრემიებს... რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ხელისუფლების ბრალია, თანამდებობებზე ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანები აჰყავთ, რომელთაც საკუთარი ინიციატივა არ გააჩნიათ. ახლა სასწრაფოდ დაიწყეს ორ-სამდღიანი ტენდერების ჩატარება, რაც სასაცილოა. ერთი სიტყვით, პარადოქსული სიტუაციაა. ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩაბმულია "ნაციონალებთან" ასოცირებული ფირმა, მხოლოდ იმიტომ, რომ, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, მსურველი სხვა არავინ გამოჩნდა.

- რომელ ფირმაზე ლაპარაკობთ?

- "სინათლის ქალაქზე", აი, ის საახალწლოდ თბილისი რომ უნდა მორთოს,... ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ჩინოსანთა ნაწილი ბიზნესის შევიწროვებას ცდილობდა და ამან ძალიან გააღიზიანა, ამიტომაც, კონკრეტული პიროვნებების გაშვება მოითხოვა. როგორც წესი, მათ უკან კიდევ სხვა ჯგუფი იდგა და ამ პროცესებმა ვერც მათ აუარა გვერდი. თუმცა, ისეთებიც გაუშვეს, ვინც ამ ჯგუფთან კავშირში არ ყოფილა, თუმცა, სახელი მათაც "პასიურობით" გაითქვეს. ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ისეთი, ვისაც რბილად რომ ვთქვათ, მუშაობა არ უყვარს.

- გამოდის, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს გუნდს დაარტყა?

- მთლად ასეც არ გამოდი, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. კახელების ჯგუფს დაარტყა... ღარიბაშვილის გარემოცვიდან ხელისუფლებაში კვლავაც დარჩნენ რიგი ადამაინები, ცვლილებები მათ არ შეხებია, მაგალითად, პრემიერის ნათესავ ზედელაშვილს. არ მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასუსტეს, რადგან რამდენიმე ადამიანის გაშვება თვითონ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა. შესაძლოა, რამდენიმე თვის შემდეგ მთავრობა და თავად ღარიბაშვილიც გადააყენონ, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არ ველი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)