"ომი, რომელშიც მუსლიმი მუსლიმს კლავს, ჯიჰადი არაა"- 21 წლის პანკისელი სირიაში დაიღუპა - კვირის პალიტრა

"ომი, რომელშიც მუსლიმი მუსლიმს კლავს, ჯიჰადი არაა"- 21 წლის პანკისელი სირიაში დაიღუპა

"ეს არის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი დაჯგუფება და მას არც ჯიჰადთან და არც რელიგიასთან კავშირი არ აქვს."

"იქ, სადაც ომია, ყოველთვის არის დიდი ფული და შეიძლება, ვიღაცამ მართლაც მოითბო ხელი"

" საქართველოს ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი და იქეთ ჩეჩნეთიც ცუდ სიტუაციასშია. თუ ბრძოლაა საჭირო, პირველ რიგში აქ გვაქვს საბრძოლველი"

სირიის ქალაქ ქობანში აფეთქებას, 21 წლის ზელიმხან ჩათიაშვილი ემსხვერპლა. ზელიმხან ჩათიაშვილი წარმოშობით, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან არის. ის უკვე მერვე ქართველია ვინც სირაში მიმდინარე შეიარაღებულ ორთაბრძოლებს შეეწირა. დაახლოებით რამდენი ქართველი იბრძვის სირიაში და როგორ ხვდებიან ახალგარზდები ომის ქარცეცხლში, ამაზე კომენტარი კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელს ზაალ კასრელიშვილს და საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ.

ზაალ კასრელიშვილი:

- სირიაში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იბრძვის, როგორც აჭარის, ასევე პანკისის ხეობის მცხოვრებნი. თუ გეოგრაფიულ მარშრუტზე ვისაუბრებთ, ისინი თურქეთის გავლით წავიდნენ, თუ რატომ წავიდნენ, ეს უკვე სპეცსამსახურების კვლევის საგანია და მაგაზე რთულია საუბარი.

- ვრცელდება ინფორმაცია რომ ისინი, ვისაც ეს ახალგაზრდები იქ მიყავს, ამის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ ფულს შოულობენ...

- რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია რეალობასთან ახლოსაა. ომი ძალიან ძვირადღირებული ბიზნესია..

- ახლაგაზრდები იქ რა მოტივით მიდიან: რელიგირი მოსაზრებით თუ ანაზღაურების სანაცვლოდ?

- რელიგიური მოტივაციაც იყო, მაგრამ მოსაბეზრებელმა და დამამცირებელმა სიღარიბემაც ითამაშა დიდი როლი. როდესაც ადამიანი ვერ ახდენს თავისი შესაძლებლობის რეალიზაციას, ძალიან იოლია მისი გადაბირება. სხვათა შორის სირიაში არ იბრძვიან მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, იქ სულ ცოტა 500-მდე კავკასიელი იბრძვის. საველე მეთაურებისა და სარდლების დიდი წილი ეთნიკურად კავკასიელია. მათი იქ ყოფნის ერთ-ერთი მოტივაცია არის საღვთო ომი და დანარჩენი სხვა ყველაფერი თანმდევი პროცესია, მათ შორის ეკონომიური ინტერესიც.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, გარკვეული ჯგუფები დღესაც მუშაობენ ახალგაზრდების ომში წასაყვანად?

- დაზუსტებით ვერ გეტყვით. არა მგონია, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა მე და თქვენ ჩაგვიგდოს ხელში რაიმე სახის ინფორმაცია, თუმცა ვიდრე არის ომები, მანამდე არიან მსურველები ვისაც ომში მონაწილეობა უნდათ, რადგან ეს მსურვლები არიან ადამიანები რომლებიც ეძებენ მებრძოლებს. სხვათაშორის, ბევრი როცა ამ თემაზე წერს, ხაზს უსვამს მხოლოდ პანკისის ხეობას და ეს ძალიან არასწორი მიდგომაა, რადგან სირიაში აჭარელი მუსლიმებიც იბრძვიან.

მექა ხანგოშვილი:

- არც ერთი ადამიანი პანკისის ხეობიდან, იქ არ უნდა იბრძოდეს. ჩვენ ძალიან მცირერიცხოვანი ერი ვართ, თანაც ჩვენს ორივე სამშობლოს პრობლემები აქვს. აქეთ საქართველოს ტერიტორიები აქვს დასაბრუნებელი და იქეთ, ჩეჩნეთიც ცუდ სიტუაციასშია. თუ ბრძოლაა საჭირო, პირველ რიგში აქ გვაქვს საბრძოლველი. ომი, რომელშიც მუსლიმი მუსლიმს კლავს, ჯიჰადი არაა. მე ვფიქრობ კავკასიელს სირიის ომში არაფერი არ ესაქმება. არც ერთი წმინდა რელიგია ძალადობას და ადამიანის სიცოცხლის მოსპობას არ ქადაგებს. ამდენად მიმაჩნია, რომ ეს არის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი დაჯგუფება და მას არც ჯიჰადთან და არც რელიგიასთან კავშირი არ აქვს. თავიდან როცა პანკისის ხეობიდან მებრძოლების წასვლა მოხდა აბსოლუტურად სხვა განწყობა იყო. მოგეხსენებათ, რომ სირიაში ცხოვრობენ ჩეჩენი მოჰაჯირების შთამომავლები. იქ ჩეჩნების ერთი კომპაქტური დასახლება იყო, რომლებიც ჩეჩნურად საუბრობდნენ და რელიგიითაც ერთი აღმსარებლობა ჰქონდათ. თავიდან როცა ომი დაიწყო, ეს ხალხი ბაშარ-ასადის წინააღმდეგ იბრძოდა და ფიქრობდნენ, რომ ჩეჩნების დასაცავად მიდიოდნენ,

- პანკისელი ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, პირველ რიგში, იდეოლოგიის გამო წავიდა სირიაში. იქ, სადაც ომია, ყოველთვის არის დიდი ფული და შეიძლება, ვიღაცამ მართლაც მოითბო ხელი. მინდა გითხრათ, რომ ერთი-ორ ახალგაზრდას, უკან ვინც დაბრუნდა, გზის ფულიც არ ჰქონდა და მშობლებს სთხოვეს ფულის გაგზავნა.

- როგორ ფიქრობთ, კიდევ ხომ არ მოხდება ახალგაზრდების გადინება?

- თითქმის შეწყდა ხეობიდან ახალგაზრდების გადინება. მოსახლეობამ ხელისუფლებასაც კი სთხოვა, რომ ქისტი ახალგაზრდებისთვის საზღვრის დატოვების პროცესი გაემკაცრებინათ. სხვათა შორის, თუ ადამიანს სურს ჯიჰადში მიიღოს ონაწილეობა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დედის კურთხევა, ხოლო ამ ახალგაზრდებს დედის ნებართვა არ ფქონდათ, მაგრამ იპარებოდნენ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)