„ეს ანტიოსური მოთხოვნაა" - თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას ითხოვს - კვირის პალიტრა

„ეს ანტიოსური მოთხოვნაა" - თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას ითხოვს

"კრემლი  შესაძლოა სამხრეთ ოსეთის მიერთებაზეც წავიდეს"

"აფხაზებისგან განსხვავებით, ოსების ძირითადი ნაწილის, მათ შორის პოლიტიკური ელიტის, დიდი სურვილია რუსეთთან მიერთება "

"თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს დე ფაქტო შეიერთებს, მაშინ უკვე ყველასთვის ნათელი იქნება, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია თავიდანვე ამ ტერიტორიების მიტაცებისკენ იყო მიმართულიბა"

როგორც ჩანს, აფხაზეთის შემდეგ კრემლი "მოკავშირეობის და პარტიონორობის" ხელშკრულების გაფორმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გეგმავს. დე ფაქტო ცხინვალის პრეზიდენტის ინიციატივით, დღის წესრიგში დადგება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი. ოფიციალური თბილისისთვის თიბილოვის განცხადება მოულოდნელი არ აღმოჩნდა. პოლიტიკოსების და ექსპერტების მოსაზრებით, აფხაზეთის შემდეგ, ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება სამხრეთ ოსეთთან მოსალოდნელი იყო.

როგორია პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასება, ამის გასაგებად "კვირის პალიტრა" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა:

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ხელშკრულება, რომ გაფორმდება, ეს მოულოდნელი არავისთვის იქნება. მით უმეტეს, აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ისევე როგორც სოხუმთან, სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშკრულება, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, სრული ნონსესი იქნება, რომელსაც არც ერთი ქვეყანა და რომელიმე საერთაშორისო გაერთიანება არ ცნობს. ეს არის რუსეთის, ისევე როგორც სეპარატისტული რეგიონების, დე ფაქტო ხელისუფლებების მცდელობა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ურთიერთობებში ახალი ელემენტი შემოიტანონ და ურთიერთობებს "სახელმწიფოებრივი" ფორმა მისცენ. თუმცა, ამით მდგომარეობა არ შეიცვლება.თბილისის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მაქსიმალურ დონეზეა მხარდაჭრილი. საბოლოო ჯამში ოკუპანტს ეს ვერანაირ წარმატებას ვერ მოუტანს.

- რაც იტყვით თიბილოვის ინიციატივაზე?

- ეს არის არა მარტო პოლიტიკურად ანგაჟირებული და დასაგმობი, არამედ ანტიოსური მოთხოვნაა. გვუგულისხმობ, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და  სულაც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ოსებს. ეს არის პოლიტიკურად განწირული ადამიანის წამოყვირება, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს და პოზიციის შენარჩუნება სჭირდება, რომ ვიღაცას თავი მოაწონოს. თუნდაც რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ერთი რამ გასათვალისწინებელია, არ არსებობს თემა, რომლის იგნორირება მოხდეს. ყველა გარკვეულ პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს. ნებისმიერი განცხადება გაანალიზებული უნდა იყოს.

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

- როგორც კი კრემლმა აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივა წამოაყენა, ჩვენთვის ეს სქემა ცნობილი გახდა. ამიტომ, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება. ამის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას ვაცნობეთ. ყველგან, სადაც ვაფიქსირებდით აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ვამბობდით, რომ ცხინვალთან მიმართებაში უარესს ველოდით. ფატობრივად, ველოდით იმას, რაც თიბილოვმა გააჟღერა. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც ჩვენ ანექსიას ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებას არავინ აღიარებს და ფარატინა ქაღალდად დარჩება. ბოლო რამდენიმე თვეა, ცივილიზებული  მსოფლიოსთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა ისევე აქტუალურია, როგორც უკრაინაში მიმდინარე საომარი ოპერაციები. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანის საკითხი ავსახეთ რეზოლუციებში, მაგრამ ვშიშობ, რომ კრემლი უფრო შორს წავა. შესაძლოა, სამხრეთ ოსეთის მიერთებაზეც წავიდეს. ალბათ, პირდაპირ ანექსიაზე წავა. თუ რუსეთი ცხინვალის რეგიონს დე ფაქტო შეიერთებს, მაშინ უკვე ყველასთვის ნათელი იქნება, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესია თავიდანვე ამ ტერიტორიების მიტაცებისკენ იყო მიმართული.

გიორგი ანაშვილი, ექსპერტი, კავკასიური სახლის დირექტორი:

- აფხაზებისგან განსხვავებით, ოსების ძირითადი ნაწილის, მათ შორის პოლიტიკური ელიტის დიდი სურვილია რუსეთთან მიერთება. აქამდე, რუსები უარზე იყვნენ. მაგალითად, ზაფხულში, როცა სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები იყო, საწყის ეტაპზე ოსებმა წინადადება წამოაყენეს, - რუსეთთან მიერთების მოთხოვნით რეფერენდუმი ჩავატაროთო. მაშინ ეს რეფერენდუმი რუსებმა დაბლოკეს. ამ ეტაპზე რა პოზიციას დაიკავებენ რუსები, ძნელი სავარაუდოა. რუსეთს ფორმალური ანექსია არ სჭირდება. ვფიქრობ, ერთგვარი თამაში იქნება, ოსები შეეცდებიან ხელშეკრულებაში პერსპექტივების შესაძლებლობის შესახებ რაღაც ჩანაწერი გაჩნდეს. აფხაზეთის შემთხვევაში, რუსების მიერ წარდგენილი დოკუმენტი ბევრად უფრო შემტევი იყო. აფხაზები შეეცადნენ, რომ მინიმუმადე დაეყვანათ დეგრაციული მომენტები. ოსების შემთხვევაში კი, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ხელშეკრულებაში რაიმე სახის ჩანაწერი იყოს, სადაც გამოიკვეთება ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების სურვილი. თუმცა, ამ ეტაპზე ამის თქმა ძნელია. ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოს ტერიტოტორიების ანექსიის მორალური წინააღმდეგობა რუსეთს არ გააჩნია. სამხრეთ ოსეთის ანექსიის შემთხვევაში, ფაქტობრივად, რუსეთი საქართველოზე ყველანაირ გავლენას კარგავს.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)