"ციგურებზე დავდგეთ და მწვანე შარვლები ჩავიცვათ?!" - კვირის პალიტრა

"ციგურებზე დავდგეთ და მწვანე შარვლები ჩავიცვათ?!"

"თუ გამოსავალი არ დაგვიტოვა, არც დამხობაზე უნდა ვთქვათ უარი"

"უგულავას განცხადება იყო სიგნალი რუსეთისთვის,  ნოღაიდელი კი არა, აგერ ჩვენც მაგ ჭკუაზე ვართო"

"ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს"

"სახელმწიფო მკვდარია და ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაც მოკვდება. საქართველო დაიშლება. ერთი წერტილიდან მეორეში რომ ჩავიდეთ, 5-6 საბაჟოს გავლა მოგვიწევს. ვიყოთ თბილისში და ვიძახოთ, ქალაქელები ვართო და არც შეგეცილება ვინმე თბილისში," - ამბობს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელსაც სამომავლო გეგმებსა და ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე ვკითხეთ:

- ოპოზიციაში გადაჯგუფება, ფლანგების დაკავება და ვაკუუმის შევსება მიმდინარეობს. საქართველოში აქამდე პრორუსული ძალის ვაკუუმი იყო. რუსეთთან ურთიერთობა   ტაბუდადებული თემა გახლდათ. ნოღაიდელმა პოლიტიკური სიმამაცე გამოიჩინა, რუსეთთან ლაპარაკი რომ დაიწყო, მაგრამ სხვა საქმეა, ვეთანხმებით თუ არა ამას. კატეგორიულად მიუღებელია მოსაზრება, რომ რუსეთთან სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ჩემთვის ნიშანდობლივი იყო ლავროვის განცხადება, რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხინვალისა და აფხაზეთის გარეშეო. აი, ამას ნიშნავს სუფთა ფურცელი და არ გამოვრიცხავ, ქართულ პოლიტიკაში იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც ფიქრობენ, ხელისუფლებაში მოსვლის ან დარჩენის ფასად აფხაზეთსა და ცხინვალს თავი დავანებოთ და იმას მივხედოთ, რაც შეგვრჩენიაო. "ეროვნული ფორუმი" ამას არასდროს შეეგუება.

- ფიქრობთ, რომ ამ მოსაზრებას ნოღაიდელი ეთანხმება?

- არ ეთანხმება, მაგრამ ასე ჩანს, ასე გამოდის მისი ქმედებებიდან. რუსეთის ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მივიღოთ მონაწილეობაო. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პუტინმა ეს პრიმაკოვის დაბადების დღეზე თქვა, მინდა შევნიშნო, რომ ეს ოფიციალური განცხადება კი არა, სადღეგრძელო იყო, თანაც ძალზე ეშმაკურად ნათქვამი. გულუბრყვილო საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჭკუაზე მოვიდეს.

ქართველ საზოგადოებას პოლიტიკური ფლუგერიზმი დასჩემდა - ხან ნატოს, ხან კი რუსეთის გვამში გვინდა შეძრომა.   სანამ ასეთი მერყევი პოზიცია გვექნება, ქვეყანას არაფერი ეშველება.

სამი წლის წინ "ფორუმმა" კითხვა დასვა, არის თუ არა ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი? მაშინ ხელისუფლებამ ქოქოლა დაგვაყარა და "შულავერის კომიტეტი" დაგვარქვა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ნატოელი მაღალჩინოსნებისაგან, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობით. სააკაშვილმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ნატოს არ დავახლოებოდით. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ავადმყოფ და უსუსურ სახელმწიფოებს არ იღებენ. ჩვენ რომ უსუსური სახელმწიფო გვაქვს, აგვისტოს ომში გამოჩნდა. ეს არის სახელმწიფო-ხალტურა.

ნატომ ვერ გვიშველა და ახლა რუსეთზე ლაპარაკი გახდა მოდური. ამას წინათ ნოღაიდელმა თქვა, მთავარ მიზნამდე პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა მივიდეთო. არავითარ შემთხვევაში! რუსეთთან ლაპარაკი მთავარი თემით უნდა დავიწყოთ. რუსეთი დაუშვებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს? გვითხრას, რა არის ამისთვის საჭირო. ასე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს და არა, დღეს შენს ბაზარზე "ბორჯომი" შემატანინე, ხვალ ფრენა აღმადგენინე და ზეგ სავიზო რეჟიმი გამიუქმეო.

- დედაქალაქის მერის განცხადება ამ მხრივ არაფერს ნიშნავს?

- ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. მიშას "პიარშჩიკები" თუ ღალატად მიიჩნევენ პოზიციას, ნატოს სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიები დავგვიბრუნონო, მაშინ უგულავაც მოღალატეა. "ნიუსვიკი" "სოფლის ცხოვრება" და ამ მთავრობის მხარდამჭერი პრესა არ არის. უგულავას განცხადება იყო სიგნალი რუსეთისთვის, ნოღაიდელი კი არა, აგერ ჩვენც მაგ ჭკუაზე ვართო.

რასაც რუსები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში გულისხმობენ, სწორედ ის შეიძლება გახდეს საქართველოს დაშლის მექანიზმი. ლაპარაკია კონფედერაციაზე, რაც რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთობას გულისხმობს. თუ ამას დავთანხმდით, საქართველო დარჩება ენგურიდან წითელ ხიდამდე და გორიდან დმანისამდე. კონფედერაციის შექმნამდე საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა ცნოს და მერე თურმე საქართველომ, სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა უნდა დადონ სამოკავშირეო ხელშეკრულება!  აქედან ერთი ნაბიჯიღა იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობამდე.

რუსეთი უთუოდ შემოგვთავაზებს კონფედერაციას და ატყობთ საქართველოს ოპოზიციას ან ხელისუფლებას, რომ  პრინციპულ პოზიციას დაიკავებენ? ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელისუფლება აკონტროლებს. არც მათ დასახელებას ვაპირებ და არც საზოგადოებისთვის რამის ახსნას. ისინი მათივე საქმით უნდა გამოიცნოთ. დიდი აქცია ორჯერ გაიმართა და ორჯერვე შეწყდა. მეტი რა ახსნა უნდა ამას, თუ რატომ? ტვინი გაანძრიოს ხალხმა და გამოიცნოს, ვინ არის ხელისუფლების მოკავშირე. ხალხის ენერგია და საპროტესტო მუხტი არასწორი მიმართულებით წავიდა. როდესაც ამას უშვებ, ან მოღალატე ხარ, ან ბრიყვი. ჩემი აზრით, ორივე ერთად  არიან - ბრიყვი მოღალატეები. დროა, ხალხმა ავისა და კარგის გარჩევა ისწავლოს და პოლიტიკოსთა ბიოგრაფიებს გადაავლოს თვალი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი პოლიტიკოსები უნდა ოპოზიციაში.

ოპოზიცია მესამე, დამაგვირგვინებელ ტალღაზე ლაპარაკობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაიგეგმება ის და როგორ განხორციელდება. არიქას დაძახებით საქმე არ გამოვა. აპრილის აქციების წინ  ვკითხულობდით, მზად არის ოპოზიცია-მეთქი? რად უნდა მომზადება, მიშა გაიქცევაო. ხომ არ გაიქცა? მერე დაგვიძახეს, არიქა, გვიშველეთ, გეგმა გვჭირდებაო. მივეცით, მაგრამ მოკლეზე მოჭრეს და ეკლესიაში წავიდნენ. სწორად რომ წარგვემართა აქციები, მიშა გაიქცეოდა. აპირებდა კიდეც 6 მაისს, გიორგობა დღეს. რამდენჯერმე სხვა დროსაც დააპირა გაქცევა..

- მაგრამ ვიღაცამ უთხრა, ოპოზიციას "მეზარბაზნეები" არ ჰყავსო?

- დიახ. ამბის გამტანი არ ჰყავდა სააკაშვილს ოპოზიციის კომიტეტიდან თუ რა? ესეც არ უნდოდა, რა, ერთი კვირით ადრე არ ვაქვეყნებდით სამოქმედო გეგმებს? პრობლემა სააკაშვილში კი არა, ოპოზიციაშია. როდესაც მის უპრინციპობაზე ვლაპარაკობ, საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, ზნეობრივ გმირს კი არ ვთამაშობ.

პოლიტიკოსობა  ტალღაზე მიყოლა არ არის. კარგი პოლიტიკოსი ზოგჯერ ტალღასაც უნდა შეეწინააღმდეგოს. შემოდგომა იმით გააფუჭა ხელისუფლებამ, რომ არჩევნების თემა შემოგვიგდო და გადაყლაპა ეს ოპოზიციამ. სააკაშვილის კონსტიტუციური ხერხით - არჩევნებით გაშვება არ მოხერხდება. ის უნდა აიძულო, წავიდეს და თუ გამოსავალი არ დაგვიტოვა, არც დამხობაზე უნდა ვთქვათ უარი. რასაც 10 წლის წინ არ მოვითმენდით, ახლა ვითმენთ. საქართველოს დაშლა ამით არ დამთავრდება.

არჩევნები სააკაშვილს უკვე გაყალბებული აქვს. ვაღიაროთ, რომ უგულავას აქვს რეიტინგი თბილისში და თანაც სააკაშვილზე მაღალი. თავი არავინ მოიტყუოს. უგულავა გიჟს არ ჰგავს. სააკაშვილი კი ამ ქვეყანას არ არის. ასეთებს იზოლირებას უკეთებენ და მკურნალობენ. ზოგიერთი მას ნერონს ადარებს, მაგრამ მის დროს რომის იმპერიაში პროვინციები ყვაოდა. სააკაშვილი არ არის მიზეზი იმისა, რაც ამ ქვეყანას დაემართა. სააკაშვილი შედეგია, მიზეზი კი საკუთარ თავში უნდა ეძებოს ქართველმა საზოგადოებამ.

ავად როცა ხარ, ექიმთან უნდა მიხვიდე და გაესინჯო, თორემ მოკვდები. ქვეყანას სიცხე აქვს, სააკაშვილი კი გაიძახის, ასეთი ჯანმრთელები არასოდეს ვყოფილვართო. დავუჯეროთ ასეთ პრეზიდენტს, ციგურებზე დავდგეთ და მწვანე შარვლები ჩავიცვათ?! თვითმკურნალობა გვჭირდება. დავფიქრდეთ, რატომ ჰგონია ყველას საკუთარი თავი ჭკვიანი და ამდენი ჭკვიანის ხელში ქვეყანა რატომ დაგვექცა!