სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს სტრასბურგში შეხვდებიან?! - კვირის პალიტრა

სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს სტრასბურგში შეხვდებიან?!

მარგველაშვილმა, როგორც ჩანს, მთავარობა კიდევ ერთხელ დააყენა ფაქტის წინაშე...

"ყოველივე ამის შემდეგ კი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ალბათ კიდევ ერთხელ იტყვის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ვიზიტები და სკანდალები ძალიან უყვარს..."

თუ ვინ უნდა დასწრებოდა 18 დეკემბერს საქართველოდან ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, ჩვენში ბევრი ლაპარაკი და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ეს საპარლამენტოო კომპეტენცია იყო, პარლამენტში კი ამბობდნენ, რომ სტრასბურგში გასამართ ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარე უნდა წასულიყო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა. მოკლედ, ვითარება საკმაოდ უხერხული შეიქნა, საინტერესოა, რომ თავის დროზე რატიფიცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის თემაც ასეთივე მიეთმოეთის მიზეზი გხდა, მაშინ პირიქით, ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებს შორის საჯილდაო ქვად ის საკითხი იქცა, თუ ის იყო ვინ მოაწერა ისტორიულ დოკუმენტზე ხელი. მაშინ ხელისუფლებაში ეს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციად მიიჩნიეს, თუმცა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ დაუმალავს, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ნამდვილად არ იყო.

ჯერ კიდევ დღეს დილით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძე აცხადებდა, რომ ვროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საპარლამენტო განზომილება იყო და მას მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრებოდნენ. მისივე თქმით, ევროპარლამენტის სესიაზე საქართველო საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების დონეზე იქნებოდა წარმოდგენილი. მოკლედ მაშინ, როდესაც ერი და ბერი იმას არჩევდა რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთბაშად მოაგვარა პრობლემა. როგორც გაირკვა, საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში დღეს გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ის 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. "ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი." – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მოკლედ, მარგველაშვილმა, როგორც ჩანს, მთავარობა კიდევ ერთხელ დააყენა ფაქტის წინაშე, კულუარულად ირკვევა, რომ პერზიდენტის გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წარმოამდგენელთათვის, ფაქტობრივად, მედიიდან გახდა ცნობილი. შესაძლოა, მარგველაშვილმა ან მართლა ნაუცბათევად მიიღო გადაწყვეტილება, ანაც გადაწყვეტილება კარგა ხნის მიღებული კი ჰქონდა, მაგრამ ხმამაღლა ბოლო წუთში თქვა, იმის შიშით, რომ სავარაუდო კონკურენტები მთავრობიდან აუცილებლად გამოუჩნდებოდნენ, ვინ იცის, იქნებ, თვით პრემიერ-მინისტრიც კი...

კიდევ ერთი საკითხიც, გავრცლებული ინფორმაციით, შესაძლოა სტრასბურგში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავიდეს. როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუჟ ვოლსკიმ განაცხადა, სტრასბურგში სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის, ბორის იაროშევიჩის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე რიგი პერსონები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიიწვია. თუმცა ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ დაესწრება ღონისძიებას.

მოკლედ, სრულიად შესაძლებელია ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები სტრასბურგში გადაეყარონ ერთმანეთს, მოხდება ეს, თუ – არა, ამას რამდენიმე საათში ვნახავთ. თუ ისინი სტრასბურგში მართლაც შეხვდნენ, ამას, სავარაუდოდ, ჩვენში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვება. ყოველივე ამის შემდეგ კი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ალბათ კიდევ ერთხელ იტყვის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ვიზიტები და სკანდალები ძალიან უყვარს...

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)