ენგურჰესის მითვისების რუსულ-აფხაზური გეგმა - კვირის პალიტრა

ენგურჰესის მითვისების რუსულ-აფხაზური გეგმა

"რუსულ-აფხაზური მოკავშირეობა ძალაში შედის და "ენეგურჰესი" პირველი ნაბიჯია..." "ენგურჰესის მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს"

"აფხაზებს შეუძლიათ საქართველოსკენ არ გამოუშვან გამომუშავებული ელექტროენერგია, თუმც, ასეთ სისულელეზე არ წავლენ, რადგან მაშინ საერთოდ გაჩერდება "ენგურჰესი"

"ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელი ბაღაფში იყო, შემდეგ ბაღაფშის კლანს ანქვაბი მფარველობდა, ამიტომაც დაერია "ჩერნომორენერგოს" მაშინდელ ხელმძღვანელობას ხაჯიმბა

"ენგურჰესის ის ნაწილი და საერთოდ, ყველაფერი რაც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს"- განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მისი თქმით, მთავარი ენერგოობიექტის კუთვნილების საკითხი - რთული, აუცილებლად მოსაგავრებლია.

"ამ წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ეს ობიექტი ჩვენს კუთვნილებაში ყოფილიყო. არადა, საჭიროა, საბოლოოდ განისაზღვროს ვინ არის ენგურჰესის მფლობელი, ამ საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტალურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან." - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი და იქვე ამატებს: "დღემდე არ ვიცით, რეალურად თუ ვიღებთ იმ 40%-ს, რომელიც თავის დროზე 60-40%-ზე განაწილებით გვეკუთვნის. პრეზიდენტმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები იმ დოკუმენტების შესამუშავებლად, რომლებიც ენგურჰესის საკუთრების საკითხს გადაწყვეტს... ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ."

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავარმა პროკურატურამ უკვე "დაადგინა", რომ ენგურჰესი საქართველოს კუთვნილებაში კომპანია "ჩერნომორენერგოს" არაკანონიერი ქმედებების გამო აღმოჩნდა. თავის დროზე, აღნიშნულ კომპანიას აწ გარდაცვლილი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობდა და როგორც იმჟამად ამბობდნენ, კომპანიას გარკვეული ფინანსური კავშირები ჰქონდა ქართველ ბიზნესმენებთან... სწორედ ამ კომპანიის მიმართ აქვს კითხვები, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურორ ალექსი ლომიას, რომლის თქმითაც, სახელმწიფო კომპანია "ჩერნომორენერგოს" დოკუმენტების შემოწმებისას, დარღვევების მთელი წყება აღმოჩნდა.

აფხაზი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი თავადაც დაინტერესდა წლების წინ შექმნილ-შეთანხმებული პროექტის კულუარებით და ხელმღვანელობისგან ყველაფრის გამოძიება მოითხოვა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ მიმართულებით ხაჯიმბას გააქტიურებას სახიფათოდ მიიჩნევს. ისინი ქართულ მედიასთან ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა, სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ, რომ ამ განცხადების მიღმა ისევ და ისევ რუსეთის ინტერესები დგას, რადგან სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებითა და სრული კონტროლით რუსეთია დაინტერესებული. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვლადიმერ ღარწკია წერს: "რუსულ-აფხაზური მოკავშირეობა ძალაში შედის და "ენეგურჰესი" პირველი ნაბიჯია, რასაც უახლოეს მომავალში დანარჩენი ნაბიჯები მოჰყვება... ამის უფლებას კი მას დოკუმენტში ჩადებული პუნქტები აძლევს."

ენგურჰესთან დაკავშირებით ხაჯიმბას პოზიციას ქართულ მხრიდან მყისიერი გამოხამრეუბა მოჰყვა. ექსპერტთა თქმით, "ეს არის სიგნალი რუსეთიდან, რითაც აჩვენებს, რომ მზადაა საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას".

რევაზ არველაძე, ენერგეტიკოსი:

- 1996-1997 წლებში, აფხაზეთმა დააყენა საკითხი, რომ გამომუშავებული ენერგიის წილები დადგენილიყო, ვინაიდან სამანქანო დარბაზი და ენგურჰესის მართვის ფარი საბერიოში (გალის რაიონი) მდებარეობდა და ეს დაახლოებით მთელი ელექტროსადგურის ძირითადი ფონდების 40 %-ს შეადგენდა, გამომუშავებული ელექტრონერეგიაც ასე გაანაწილეს, 40 % აფხაზეთს უნდა მოეხმარა, 60 % კი დანარჩენ საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არასწორად იანგარიშეს, რადგან ეს ერთი ელექტროსადგურია და არ შეიძლება მისი ისე დაყოფა, რომ ერთი ნაწილი აფხაზეთის იყოს და მეორე ნაწილი საქართველოსი... ჩვენი მონათესავე აფხაზები ცუდად ნუ გამიგებენ, მაგრამ "ენგურჰესის" მშენებლობაში მათ მონაწილეობაც კი არ მიუღიათ. ეს სადგური მთლიანად საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტით შენდებოდა, რადგან რაც საქართველოდან ქონების სახით მიდიოდა რუსეთის ცენტრალურ ხაზინაში, იქიდანვე მოდიოდა უკან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხით. მართვის ფარი საბერიოში იმიტომ აშენდა, რომ ეს სქემა ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე კარგი იყო. საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინა და ენერგია 40-60 %-ზე გადაანაწილა. არ ვიცი, ხაჯიმბა რატომ ლაპარაკობს, თითქოს მისი საკუთრება იყოს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ენგურჰესის მართვის ფარი. რეალურად, 40-60 %-ზე გადანაწილება არასწორია, მათ 10 %-იც არ სჭირდებათ. იმ 40% ელექტროენერგიასაც აბსოლუტურად უფასოდ იღებენ, ანუ საჩუქარია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ წამოსწიეს აფხაზებმა ეს თემა ახლა და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს?

- ვერ გეტყვით, შესაძლოა, აფხაზებს სურდეთ, ენგურჰესის მეტი ნაწილის ხელში ჩაგდება, რათა შემდეგ უკვე აქით მოგვყიდონ ელექტროენერგია. მათ ისიც შეუძლიათ, საქართველოსკენ არ გამოუშვან გამომუშავებული ელექტროენერგია, თუმც, ასეთ სისულელეზე არ წავლენ, რადგან მაშინ საერთოდ გაჩერდება "ენგურჰესი", რადგან მათ არ აქვთ იმის რესურსი, რომ ეს ობიექტი მხოლოდ თვვითონ ამუშაონ.

ირაკლი ცქიტიშვილი, ექსპერტი:

- აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ხაჯიმბას მოსვლის შემდეგ, მისი ინტერესი მიმართული იყო სწორედ "ჩერნომორენერგოს" ჩახლართულ კორუფციულ სქემების გამოსაძიებლად. ლაპარაკია იმაზე, რომ იმ 40 %-დან, რასაც იღებდა "ჩერნომორენერგო", ისევ უკან ჰყიდიდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რადგან ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ სხვაობას იჯიბავდნენ. "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელი ბაღაფში იყო, შემდეგ ბაღაფშის კლანს ანქვაბი მფარველობდა, ამიტომაც დაერია "ჩერნომორენერგოს" მაშინდელ ხელმძღვანელობას ხაჯიმბა. შესაბამისად, ხაჯიმბას განცხადება თავის დაზღვევაა, რათა ხალხი არ აუჯანყდეს, რადგან ზამთარობით, როგორც კი თოვლი მოდის, აფხაზეთის ტერიტორიაზე დენის გათიშვა ხშირია, ძაბვაც ძალიან დაბალია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)