ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს? - კვირის პალიტრა

ვინ შეცვლის კოტე კუბლაშვილს?

"სახელისუფლებო აურზაური შესაძლოა, თებერვალში ატყდეს"

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მოქმედი კანონმდებლობით, თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი არჩევს და მას პარლამენტს უგზავნის დასამტკიცებლად. მიუხედავად იმისა, რომ კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები  კანდიდატურის შერჩევის თაობაზე ამ დრომდე არ დაწყებულა.

თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა,

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს გამოუთქვამს, მაგრამ მისი კანდიდატურა მთავრობაში დაიბლოკა.

ასევე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კანდიდატურაც. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად წულუკიანს სხვა გეგმები აქვს. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას (საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის თანამდებობაზე). ამჟამად, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს კვოტით წარდგენილი მოსამართლე ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია გახლავთ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ასევე მომავალ წელს ეწურება.

სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში დატოვებს თანამდებობას იუსტიციის მინისტრი, რომელიც მოსამართლის მანტიას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოისხამს.

მით უმეტეს, რომ წულუკიანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება უკვე აქვს.

პოლიტიკურ კულუარებში სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც, რომელსაც 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს. ელჩის თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვალში დაამტკიცეს... ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრამ" ლადო ჭანტურიასთან გადაამოწმა. გვითხრა, რომ შემოთავაზება არ მიუღია...

ექსპერტების ვარაუდით, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეარჩევს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ განხილვებმა პარლამენტში სერიოზული ხმაურით ჩაიაროს.

მანანა კობახიძე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი: - კონკრეტული კანდიდატურა გუნდის შიგნით ჯერჯერობით არ განხილულა, მაგრამ ეს მალე უნდა მოხდეს, რადგან მოქმედ თავმჯდომარეს ვადა თებერვალში ეწურება. ცხადია, ახალი კანდიდატურის მიმართ იქნება ძალიან მაღალი მოთხოვნები. ის, რომ უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამუშაო გამოცდილება ჰქონდეს, საკმარისი არ არის. უნდა იყოს პირუთვნელი და მაღალი რეპუტაციის, კვალიფიკაციის მქონე. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ სამოსამართლეო ან საადვოკატო გამოცდილება ჰქონდეს. გვახსოვს, სასამართლოებში დანიშნეს ადამიანები, რომლებიც მანამდე პროკურატურაში მუშაობდნენ, ამას აუცილებლად სჭირდება დაფიქრება. როდესაც კონკრეტული პირი ამ თანამდებობაზე გამწესდება, იქ უნდა დამთავრდეს მისი პოლიტიკური საქმიანობა, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ექნება...

- ითქვა, რომ ირინა იმერლიშვილს ჰქონდა ამ თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი...

- შეიძლება სურვილი ჰქონდა, მაგრამ მსგავსი თემა არ განხილულა გუნდის შიგნით. გარდა ამისა, ჩვენ რაც უნდა განვიხილოთ, კანდიდატურა მაინც პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს.

- რამდენად მოსალოდნელია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა გახდეს პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს, იმავე მთავრობას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი?

- მგონი, პრეზიდენტის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, წამოაყენოს ისეთი კანდიდატურა, რომელიც მიუღებელია.  ახლა პოლიტიკური კინკლაობის არც დროა და არც სურვილი. იმედი მაქვს, პრეზიდენტიც ამავე პოზიციაზეა...

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს თემა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მორიგი ვნებათაღელვის საფუძველი გახდეს.

ლევან ალაფიშვილი, სამართლის ექსპერტი:–- იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე, პრეზიდენტიც და მთავრობაც, არ ჩამოყალიბდნენ ერთიან სახელმწიფოებრივ ხედვაზე, შეიძლება ეს პროცესი "პინგ-პონგსაც" დაემსგავსოს, ვინაიდან კანდიდატურის წარდგენის დისკრეცია პრეზიდენტს გააჩნია, დამტკიცების კი - პარლამენტს. თუ არ შეჯერდნენ, თებერვალში მორიგ სახელისუფლებო აურზაურს ვიხილავთ. ამ შემთხვევაში მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი და ინსტიტუციური ხედვა. თუ ეს პროცესი ჩიხში შევიდა, უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე, თუნდაც ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში. ვიმედოვნებ, ორივე მხარე სახელმწიფოებრივად მიუდგება ამ საკითხის გადაწყვეტას.

ვახო ბერიძე