ვინ და რატომ არიგებს კახეთში რუსულ პასპორტებს?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ არიგებს კახეთში რუსულ პასპორტებს?!

"კვლავ ვიბრმავებთ თვალებს და ვიყრუებთ ყურებს... - ვიდრე ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით, პუტინმა ამასობაში შეიძლება მთელი კახეთის ანექსიაც კი განიზრახოს და განახორციელოს"

რუსეთი დაღესტანში აგრძელებს ე.წ. ავარეთი-კახეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო მშენებელობას.  ამ ცოტა ხნის წინ მომსწრენი გავხდით აქციისა, სადაც ყვარლის რაიონში მცხოვრები ლეკები ამ გზის მშენებლობის საქართველოს ტერიტორიაზეც ითხოვდნენ, ისინი არც იმას მალავენ, რომ უპრობლემოდ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ჩვენი ხელისუფლებისთვის შეხვედრის შეთავაზებზე, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, აცხადებს:

- ასეთ საჯარო შეთავაზებას მკვახე პასუხი და უარი არ უნდა მოჰყვეს, თუმცა, არც ზღვარგადასული სიხარულის წარმოჩენა და რაღაც განსაკუთრებული იმედის დამყარებაა საჭირო. ვფიქრობ, თავშეკავება გვმართებს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პუტინმა ახალი მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა, მაგრამ რატომღაც კვლავ ვიბრმავებთ თვალებს და ვიყრუებთ ყურებს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ პუტინმა რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო კახეთის იმ რაიონში, სადაც საავტომობილო გზის გაყვანა აქვს დაგეგმილი. ვიდრე ამ კითხვას პუტინს დაუსვამდეს ვინმე, მანამდე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ჩვენს სახელმწიფოში ტერიტორიული პრინციპით ჩამორიგება, აიკრძალება. ვიდრე ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით და ვილაპარაკებთ, რომ პუტინი ამას არ გააკეთებს, ამასობაში შეიძლება მთელი კახეთის ანექსიაც კი განიზრახოს და განახორციელოს. პუტინი ყველაფერს იზამს, ის ყველაფრის მკადრებელია და მისი ერთი ღიმილიანი მიპატიჟება არაფერს ცვლის.

ბატონი სოსო მიიჩნევს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედოს. მისივე თქმით, აუცილებელია შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში ტერიტორიული პრინციპით უცხო პასპორტების ჩამორიგებას აკრძალავს.