"ჩვენ ახლა რუსეთის საქმეს ვაკეთებთ?!" - მანქანა ე.წ. აფხაზური ნომრებით თბილისში გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"ჩვენ ახლა რუსეთის საქმეს ვაკეთებთ?!" - მანქანა ე.წ. აფხაზური ნომრებით თბილისში გამოჩნდა

"მაშინ, როდესაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის, სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა და რუსეთის ცდილობს, ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვარი, ოფიციალურ საზღვრად აქციოს, ამ ტიპის დარღვევებზე ყურადღების გამახვილება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია."

"დიახ, ეს არის უკანონო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს სახელმწფო საჭიროება, რა დროსაც თვალი უნდა დავხუჭოთ"

"ჩვენ ახლა რუსეთის საქმეს ვაკეთებთ?! რუსეთი ცდილობს ენგურის საზღვარი ჩაკეტოს და ჩვენ მას საქმეს ვუადვილებთ?!"

ინფორმაციამ, რომ "მერსედესის" ტიპის ავტომობილი ე.წ. აფხაზური ნომრებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩნდა, საზოგადოებაში აზრთა სახვადასხვაობა გამოიწვია. ავტომობილი, სავარაუდოდ, თბილისში მოძრაობდა, თუმცა, უცნობია, ფოტო როდის არის გადაღებული. ამ საკითხზე კომენტარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა: "საქართველოს საზღვარი ამ ნომრით ავტომობილს არ გადმოუკვეთია. როგორც კი მოხდება საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში ავტომანქანა მსგავსი ნომრებით, კანონის შესაბამისი ყველა პროცედურა გატარდება და რეაგირება მოხდება. საქართველოს საზღვარს ასეთი ნომრებით ავტომობილი ვერ გადმოკვეთს".

საქმე ის არის, რომ მსგავსი სანომრე ნიშნებით ავტომობილების მოძრაობა ზუგდიდსა და მის სოფლებში სიახლე ნამდვილად არ არის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ კვირაში რამდენჯერმე. ე.წ. ენგურის საზღვრიდან, აფხაზურნომრებიანი მანქანები გადმოდიან. მათი უმეტესობა გალიდან გადმოდის და ამ მანქანებით ზუგდიდის ბაზრიდან სურსათს ეზიდება. ადგილობრივების თქმით, ენგურისგაღმიდან ტაქსიც გადმოდის, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, ქართველი, ზოგჯერ კი აფხაზი მძღოლი მართავს... რომ არაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ გადაუდებელი სასწრაფო სამედეცინო სამსახურის საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი, საკუთარი მანქანით, ან დაქირავებული ტაქსით გადმოდიოდა ენგურს აქეთ. შს სამინისტროს ოფიცალურ კომენატრში, რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოს საზღვრის არამართაბულად ხსენებაზე, ალბათ კიდევ უფრო უცნაურია, რომ აფხაზურ დროშიანი სერიითა და დროშით აღჭურვილი მანქანები, თუნდაც ზუგდიდის შს სამინისტროს სამსახურის თანამშრომლებს აქამდე არ შეუნიშნავთ...

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და სანომრე ნიშნების ერთიანი სისტემა მოქმედებს. იურიდიულად ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს მხოლოდ სამართლებრივი საკითხი არ არის და არც შსს-ს გადასაწყვეტია. ამას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს, ეს რეგიონია, სადაც საქართველოს იურისდიქცია დროებით არ ვრცელდება. მაშინ, როდესაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის, სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის კვალდაკვალაც ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს, რუსეთის ცდილობს, ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვარი, ოფიციალურ საზღვრად აქციოს, ასეთი განცხადების გაკეთება და ამ ტიპის დარღვევებზე ყურადღების გამახვილება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. საჭიროა ფრთხილი და მოზომილი განცხადებები, რათა ეს მეორე მხარემ არ გამოიყენოს და განაცხადოს, ჩვენ რუსები კი არ გვზღუდავენ, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ჩვენი დევნა და მიმოსვლას ზღუდავსო. ეს საფრთხე არსებობს. არ ღირს ასეთ რამეზე ხმაურის ატეხა და ბრძოლა, რომ დარეგულირდეს. ჩვენ ახლა რუსეთის საქმეს ვაკეთებთ?! რუსეთი ცდილობს ენგურის საზღვარი ჩაკეტოს და ჩვენ მას საქმეს ვუადვილებთ?!

……

მამუკა არეშიძე, ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში:

- აფხაზეთიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც კანონით საქათველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ეს სანომრე ნიშნები, რომლითაც ისინი ახლა გადაადგილდებიან, უკანონოდ გაცემულად ითვლება. ეს არის სამართლებრივი მხარე, რომლის მიხედვითაც, ასეთი სანომრე ნიშნებით საქართველოში მანქანა არ უნდა გაადგილდებოდეს, მაგრამ ამ პრინციპით, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და არც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები უნდა დავუშვათ.

- სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის მეტი ინტეგრაცია იყოს...

- მეტი ინტეგრაცია კი არა, რაც შეიძლება მეტი ინტეგრაცია და გაღმრავებული ურთერთობები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, ეს არის უკანონო, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს სახელმწფო საჭიროება, რა დროსაც თვალი უნდა დავხუჭოთ. მნიშვნელოვანი ის კი არის, რა სანომრე ნიშნებით მოძრაობს მანქანა, არამედ, თუ ვინ ზის შიგნით. თუ ეს არის, იქაური ქართველი ან აფხაზი, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების გამო აღმოჩნდა ენგურს აქეთ, მაგალითად, ავადმყოფი ბავშვი გადმოჰყავთ, ან რაღაც მსგავსი, ანგარიში უნდა გაეწიოს. ყველა შემთხვევას ინდივიდუალური შეფასება სჭირდება...

- ამის შემოწმება ევალება შსს..

- რასაკვირველია და არა იმის განცხადება, რომ ასეთი სანომრე ნიშნები საქართველოს საზღვარს ვერ გადმოკვეთს. ვინც ეს განცხადება გააკეთა. ეტყობა, ზაქარეიშვილის უწყებასთან კონსულტაცია არ გაუვლია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)