"ვისაც შევაგინე, იმაზე ახი იყო..." პარლამენტში ივანიშვილის თანაკურსელმაც იჩხუბა - კვირის პალიტრა

"ვისაც შევაგინე, იმაზე ახი იყო..." პარლამენტში ივანიშვილის თანაკურსელმაც იჩხუბა

"არ ვაპირებ ვინმეს რამე დავუთმო, როცა უპასუხიმგებლოდ იქცევიან, აუცილებლად მიიღებენ ხურდას. აქამდე კი არეულობას ხან მე ვიწყებდი და ხან - სხვა"

"უნდა ვნახო ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვჩხუბობ, ორეული ხომ არ მყავს, ნეტავ?!"

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას, განსაკუთრებით ბოლო წლებში, საკანონმდებლო ორგანოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ისე შეხმატკბილებულად თანამშრომლობდენ, ხალხი ხუმრობდა ხელჩართული ჩხუბი კი არა, ერთი მამა - პაპაური კამათი მაინც გვანახაო. ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი შეიცვალა, დაპირისპირება და გაწევ - გამოწევა უკვე მრავლად ვნახეთ, მაგრამ მსგავსი ჩხუბი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ სხდომათა დარბაზში, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ქუჩური ჩხუბისას ყველა ყველას რომ უტყვას, პარლამენტში სწორედ ის განმეორდა. უმცირესობის და უმრავლეობის წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე და პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი უძღვოდა წინ, რაც პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა. ვითარების გამწვავება აკაკი ბობოხიძის უცენზურო გამონათქვამებმა გამოიწვია, რომელმაც პირდაპირ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიწყო გინება.

აკაკი ბობოხიძე:

- დიახ, შევიგინე, იმას შევაგინე, ვინც მე შემაგინა. ბუნებრივია ვისაც მიკროფონი არ აქვს ჩართული, მისი ხმა არ ისმის, მხოლოდ ჩემი გაისმა, რადგან ჩემი მიკროფონი ჩართული იყო. სამწუხაროდ, მომიწია პასუხის გაცემა გინებასა და შეურაცყხოფაზე და იქვე მოუხადე ბოდიში საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, პარლამენტიდან მგავსი სიტყვები არ უნდა ისმოდეს, მაგრამ ვისაც შევაგინე, იმაზე ახი იყო.

- რომელმა დეპუტატმა შეგაგინათ?

- არ ვიცი, მისკენ არ ვიყურებოდი, მხოლოდ ხმა გავიგონე და თავის დაცვა ვცადე. ვიმეორებ, ჩხუბი და აყალმაყალი მე არ დამიწყია. ეგენი დამესხნენ თავს და თავის დაცვაც არ მაცალეს.

- პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თქვენ ხდებით ჩხუბის და აყალმაყალის მიზეზი...

- რატომ იწყებთ მაინცდამაინც ჩემგან ათვლის წერტილს?! დღეს არეულობა მე არ დამიწყია. არ ვაპირებ ვინმეს რამე დავუთმო, როცა უპასუხიმგებლოდ იქცევიან, აუცილებლად მიიღებენ ხურდას. აქამდე კი არეულობას ხან მე ვიწყებდი და ხან - სხვა...

ჩხუბის კადრებში კარგად ჩანს, რომ განსაკუთრებულად აქტიურობენ დეპუტატები: კობა სუბელიანი, სოსო ჯაჭვლიანი და დავით ლორთქიფანიძე. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი თამაზ მეჭიაურიც.

- ბატონო თამაზ, საპარლამენტო მუშაობისას მაინც და მაინც არ ჩანხართ, თუმცა ჩხუბში ადვილად ჩაებით...

- ეს რა ჩხუბი იყო, ეს იყო პატარა ინციდენტი. შეურაცხყოფა მოგვაყენეს, გვაგინეს და ამას მოჰყვა ეს ინციდენტი...

- ვინ მოგაყენათ შეურაცხყოფა?

- ხომ ნახეთ ვინც, "ნაციონელებს" არ ესმით, როგორც ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტში არ შეიძლება ჩხუბი და ლანძღვა-გინება. რაც არ უნდა მოხდეს, ასე დედის გინება და უხამსი სიტყები გაგონილა?! მათ უხამს სიტყვებს მოჰყვა ადეკვატური რეაქცია.

- ერთ კადრში ჩანს როგორ ურტყავთ ერთ-ერთ დეპუტატს?

- მე არ მიჩხუბია, რაღა დროს ჩემი ჩხუბია, ბერიკაცი ვარ. უნდა ვნახო ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვჩხუბობ, ორეული ხომ არ მყავს, ნეტავ?!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო