ვის ჰგონია ვეტო თოხის დარტყმა და რატომ ალაპარაკდა კახელი ღარიბაშვილი მეგრულად - კვირის პალიტრა

ვის ჰგონია ვეტო თოხის დარტყმა და რატომ ალაპარაკდა კახელი ღარიბაშვილი მეგრულად

წლის ფრაზები

ტრადიციულად წლის მნიშვნელოვანი ფრაზების კრებულს გთავაზობთ. როგორც აღმოჩნდა, 2014 წელსაც არაერთი მარგალიტი გვაჩუქეს როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე სხვადასხვა სფეროს საჯარო მოხელეებმა.

მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა, ივანიშვილის ნაუბარს კვლავაც მრავალი მსმენელი ჰყავდა.

"მარგველაშვილს უნდა, აჩვენოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ, ვიზიტებზე რამდენი სკანდალიც იყო", - განაცხადა ექსპრემიერმა მისივე ნებით გაპრეზიდენტებულ მარგველაშვილზე, რომელიც არ ჩამორჩა ფრაზებით: "ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება" და "ქვეყანა კულისებიდან არ უნდა იმართებოდეს!"

"ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს, ჩემზე უკეთესი პრემიერია",”- ეს ივანიშვილმა ღარიბაშვილზე თქვა.

ვეტოს თემა 2014 წელს განსაკუთრებით გააქტიურდა, რასაც უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ასე გამოეხმაურა:“"ვეტო თოხის დარტყმა არ არის". მისივე მტკიცებით: "ფაქტია, რომ ორი წელია, საქართველოში ხალხი გაღიმებული დადის".

პარლამენტის თავმჯდომარემაც რამდენიმე ფრაზით დაგვამახსოვრა თავი, ერთ-ერთია: "ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის და ივანიშვილის წინაშე". "მე რა ვქნა, მე?!", - ალასანიას ეს ფრაზა კაკო ბობოხიძისგან გაბეზრებულმა უსუფაშვილმა გაიმეორა, რამაც სხდომა ფრიად გაამხიარულა. გაგახსენებთ, 2012 წელს ეს ფრაზა ალასანიას საუბრის ფარულ ჩანაწერში გაისმა, სავარაუდოდ, ალასანია ამ კითხვას წელს უფრო ხშირად უსვამდა საკუთარ თავს.

პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაიჩივლა: "მე არ მინდოდა დეპუტატობა, ბატონმა ბიძინამ მომისაჯა".

დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ფრაზა: "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს", - შეიძლება წლის ფრაზადაც კი დასახელდეს, საზოგადოების მხრიდან იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ დელეგაციაში პრეზიდენტ მარგველაშვილის არყოფნასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე პარლამენტარმა თინა ხიდაშელმა თქვა: "რატომ უნდა იყოს დელეგაციაში, ხელისმომკიდედ უნდა წავიდეს?"

ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსების საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო კოალიციის წევრების კრიტიკას ასე უპასუხა: "ბუნებრივია, ჯაზ-გუნდებისთვის ვიოლინოების პარტიას ვერ მოვითხოვდი".

"ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალასანიასა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, რაზეც ალასანიამ ასე უპასუხა: "მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, პრემიერ-მინისტრმა კი სახე დაკარგა".

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობიდან წასვლის თაობაზე განცხადება ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შევარდნაძის პაროდიით გააკეთა: "ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, ამიტომ მე გადავდექი". მასვე ეკუთვნის ფრაზა: "ნაციონალებს" სძინავთ და ესიზმრებათ, რომ საქართველო იბომბება".

ის, ვინც ნარმანიას თბილისის მერად არათბილისელობის გამო იწუნებდა, ენერგეტიკის სამტრედიელმა მინისტრმა კახა კალაძემ ასე დაამშვიდა: "ნარმანია საბურთალოელი მეგრელია, ამიტომ პრობლემა არ არის".

წლეულს შავმა კატამ გაირბინა ბიზნესმენ ფადი ასლისა და გოგი თოფაძეს შორის, ჰოდა, თუ ბატონ ფადის დავუჯერებთ, "თოფაძის ქარხანაში ვირთხებიც კი აირწინაღებით დარბიან".

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ფრაზა: "წინასწარ კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა უპრიანი იქნება", - კომენტარს არ საჭიროებს. გახშირებული დანაშაულების გამო შეშფოთებული საზოგადოება ჭიკაიძის ნაცვლად, სოზარ სუბარმა ასე დაამშვიდა: "კაენმა რომ აბელი მოკლა, იმის მერე კრიმინალი არსებობს და იარსებებს".

დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა კი გაიხსენა: "სანდრა შევარდა ჩემს სახლში... ქვევრები დამიხსნეს, ღვინო დამილიეს..."

გადეპუტატების შემდეგ ოჯახის პრობლემატიკამ შეაწუხა ჟურნალისტებისთვის ყოვლად მიუწვდომელი გუბაზ სანიკიძე, რომლის თქმითაც: "ვისაც უყვარს თავისი ოჯახი, ის დღეს ითვლება დინოზავრად".

პრემიერმა ღარიბაშვილმა გივი თარგამაძეს საპარლამენტო მოსმენისას ჰკითხა: "ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ? მე მგონი, წინა ცხოვრებაში ქურდი იყავით".

კარგა ხანს იყო განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული ფრაზა: "კრიზისი ხანდახან ხელოვნურადაც უნდა შევქმნათ, რომ მენეჯერები შევაფასოთ".

ზუგდიდში ჩასული კახელი ირაკლი ღარიბაშვილი ყველასთვის მოულოდნელად მეგრულად ალაპარაკდა: "გომორძგუა, ზუგიდარეფ! გომორძგუა, ჩქიმ მარგალეფ! გომორძგუა, სამარგალო! სამარგალოქ წოხოლე ოკო ქეწაუნას საქორთუოს!", რითაც მეგრელების გული მოიგო.

ჩვენი სტატია კი გვინდა დავასრულოთ ჯეიმზ აპატურაის ფრაზით, რომელიც მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ თქვა: "ყოჩაღ, საქართველო!"

ნათია დოლიძე