ივანიშვილი - ტელეეკრანს, ღარიბაშვილი - ივანიშვილს, სააკაშვილი კი ცდუნებას უნდა ერიდოს... - რას ურჩევს ლურჯი თხა პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

ივანიშვილი - ტელეეკრანს, ღარიბაშვილი - ივანიშვილს, სააკაშვილი კი ცდუნებას უნდა ერიდოს... - რას ურჩევს ლურჯი თხა პოლიტიკოსებს

"თეთრი მთვარე ე.წ. "მფარველი ანგელოზი" ივანიშვილის ზოდიაქოს ნიშანს გაივლის."

"სააკაშვილს დავეხმარე, გეზიც მივეცი და მივიდა პრეზიდენტობამდე, ოღონდ მერე დაკარგა საკუთარი თავის კონტროლი"

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2015 წელს პროცესები პოზიტიურად განვითარდება და ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც დადებითად აისახება. მაშ, რა ელის ლურჯი თხის წელიწადში ქართველ პოლიტიკოსებს?! - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი:

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერმინისტრი - ღარიბაშვილისთვის მომავალ წელს ხუთბალიანი სისტემის მიხედვით, 4 ბალით შევაფასებდი. მას ექნება გადასაწყვეტი გააგრძელოს თანამშრომლობა "რესპუბლიკურ პარტიასთან", თუ -არა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე ბიძინა ივანიშვილი რა მასშტაბით ჩაერევა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ მოახერხებს და ეს მასშტაბი შემცირდება, ეს მის პოლიტიკურ მომავალს წაადგება. ეს გარემოება მისთვის მომავალ წელს იქნება მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც საკუთარი პოლიტიკური პოტენციალს გამოვლენა გაუჭირდება.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე – მისთვის განსაკუთრებით კარგი იქნება წლის მეორე ნახევარი, სექტემბრიდან შესაძლოა მისმა რეიტინგმა საგრძნობლად მოიმატოს. გამორიცხული არ არის უსუფაშვილმა ითამაშოს შუამავლის როლი დანარჩენ "რესპუბლიკელებსა" და თუნდაც ღარიბაშვილ -ივანიშვილს შორის, ვინაიდან უსუფაშვილს უკავია შუალედური პოზიცია ამ ურთიერთობებში, თანაც ის დიდ პატივს სცემს ივანიშვილს. "რესპუბლიკელებიდან" ის ყველაზე ზომიერია, მათ შორის გამონათქვამებში და მის პოზიციაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა ურთიეირთობა დაეძაბოს პრემიერთან, მაგრამ მეორე ნახევარში მას აქვს საშუალება ეს ურთიერთობები დაალაგოს და გამოასწოროს, ხოლო თუ კრიზისული სიტუაცია შეიქმნა არ გამიკვირდება, თუ მხოლოდ ის შემორჩება სახელისუფლო სტრუქტურებს. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინაც ვამბობდი, რომ დათო უსუფაშვილი რომ ყოფილიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ფიგურა, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით აგვისტოდან მოსალოდნელია რყევები და სამთავრობო კარუსელის დატრიალება, შესაძლოა გამოჩნდნენ ახალი სახეები. 2015 წლის ბოლო საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი, ამ დროს მოსალოდნელია სერიოზული სავალუტო პრობლემები, ისე სავალუტო რყევები მთელი წელი შეგვაწუხებს.

ბიძინა ივანიშვილი, ექსპრემიერმინისტრი: - ივანიშვილს საკმაოდ საინტერესო და კარგი წელიწადი ექნება - თებერვლიდან დაწყებული თითქმის ნოემბრამდე. თეთრი მთვარე ე.წ. "მფარველი ანგელოზი" სწორედ მის ზოდიაქოს ნიშანს გაივლის. ეს მას საშუალებას მისცემს გამოიჩინოს თავი და გამოასწოროს გარკვეული შეცდომებიც კი, რომელიც დაუშვა, მათ შორის საკადრო პოლიტიკის მიმართულებით, რის გამოც ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. მთელი ეს პერიოდი ივანიშვილს მოვუწოდებდი, რომ უარი ეთქვა ჟურნალისტიკაზე, ისეთი პიროვნების ჟურნალისტობა როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ იქნებოდა კარგი, რადგან მას აკლია ქარიზმა, არ აქვს შესაბამისი ხმის ტემბრი და სხვ. როგორც მითხრეს, მან გადაიფიქრა და აღარ აპირებს ტელე-წამყვანობას. ვერ გეტყვით, ჩემი ნათქვამი შეისმინა თუ თვითონ გადაწყვიტა ასე.

გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი - მისთვის რთული პერიოდი ამ დღეებში უკვე დაიწყო. ესაა მაცდუნებელი ძალის გადასვლა ქალწულის ზოდიაქოში, სადაც იქნება 11 აგვისტომდე. მარგველაშვილი ამ პერიოდში უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ ამ დროს შეცდომების დაშვების ალბათობა, მის წინააღმდეგ აგორებული ჭორები, ინტრიგები, კონკურენტული ბრძოლა გაორმაგდება. თუ ამ პერიოდში ის იქნება ფრთხილი, დიპლომატიური, მომთმენი და სხვ. ძალიან კარგი იქნება მისთვის, ვინაიდან შემდგომი პერიოდი, რომელიც 25 აგვისტოდან დაიწყებს ამოქმედებას იქნება ძალიან კარგი, მაგრამ თუ პირველ ნახევარში სერიოზული შეცდომები დაუშვა,ს მეორე ნახევარს ამ შეცდომების გამოსწორებას მოანდომებს.

ირაკლი ალასანია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი - წლის პირველ ნახევარში შესაძლოა რაღაც აქტიურობა გამოავლინოს, მაგრამ წლის მეორე ნახევარი გაცილებით რთული ექნება, ეს თვალსაჩინო გახდება განსაკუთრებით სექტემბრიდან. ამის მერე მისგან ნამდვილად არ ველოდები რაიმე განსაკუთრებულს. მოდით პირდაპირ ვთქვათ მას მაინცდამაინც სახარბიელო პერსპექტივები არ აქვს. დროდადრო ის გამოჩნდება, როგორ ოპოზიციის ერთ-ერთი წარმოამდგენელი და ძირითადად მხოლოდ ამით შემოიფარგლება.

მიხეილ სააკაშვილი, ექსპრეზიდენტი - წლის პირველ ნახევარში მას კარგი შანსები აქვს და შეუძლია გარკვეული წარმატებების მიღწევა, ოღონდ ეს საქართველოში არ მოხდება, ლაპარაკი მაქვს უკრაინაზე, რომელიც მისთვის ძალიან მაცდუნებელი ქვეყანაა. არაა გამორიცხული გარკვეულ ცდუნებებს აყვეს, რაც მომავალში დიდ პრობლემებს შეუქმნის, მათ შორისაა ფინანსური ცდუნებები... ამიტომ ვურჩევ დაახლოებით 2 წელი მაინც პოლიტიკურ საქმეებში არ ჩაერიოს, მით უფრო, არ დაიკავოს საპასუხისმგებელო თანამდებობა. ასევე არ ვურჩევ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებში ჩართვას. 2001 წელს როდესაც მას ძალიან უჭირდა, ვეცადე მაქსიმალურად დავხმარებოდი, რადგან ჩემი ვალია ვისაც უჭირს დავეხმარო, ამიტომაც დავეხმარე, გეზიც მივეცი და მივიდა პრეზიდენტობამდე, ოღონდ მერე დაკარგა საკუთარი თავის კონტროლი, ძალიან არ მინდა იგივე გაიმეოროს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)