"ოცნება", "ნაცები" და საბავშვო ბაღი - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

"ოცნება", "ნაცები" და საბავშვო ბაღი - მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნიგოზი, კონცერტი, ღარიბაშვილი და პიარი

უკვე ნიგვზიანი საჭმელი და ქართული საახალწლო პროგრამები მესიზმრება! ამ დღეებში ორივე ისეთი დოზით მივიღე, რომ არც ერთის დანახვა აღარ მინდა, თუმცა, სასმელს როგორღაც გადავურჩი. ჰოდა, ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა ქართულ ახალ წელს! ნიგვზიანს კუჭი როგორღაც ინელებს, ტვინი კი საახალწლო პროგრამებს - ვეღარ. ათასჯერ ნანახი ფილმები, მთავრობის თუ ტელევიზიების მიერ მოწყობილი კონცერტები, იუმორისტული კონცერტების ჩანაწერები, რომელთა ყურებისას ხვდები, რა კარგი ქენი, რომ მათ სანახავად ბილეთი არ იყიდე და ფული არ დახარჯე, თორემ იმდენჯერაც არ გაგეღიმებოდა, რამდენჯერაც ახლა ტელევიზორთან მათი ცქერისას.

გარჩევა იმისა, იგრძნობოდა თუ არა საახალწლო განწყობა; მიშას დროს უფრო კარგი კონცერტები იყო თუ ახლა? სინამდვილეში უკმაყოფილოები ყოველთვის იყვნენ: მიშას დროს პომპეზურობა და დახარჯული ფულის ოდენობა არ მოსწონდათ, ახლა საახალწლო განწყობა არ იგრძნობაო. ჩამოყალიბდით, ხალხო!

პირადად მე წინააღმდეგი ვარ მთავრობის მიერ მოწყობილი კონცერტების! თუ მაინცდამაინც, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ კულტურის სამინისტრო და ცენტრალური მთავრობა ამაში არ უნდა ჩაერიოს და მით უმეტეს, მომღერლები არ უნდა გადაანაწილოს, თორემ უკმაყოფილოს რა გამოლევს?! ყველას თბილის|ში უნდა სიმღერა და მერე იბოღმებიან, რაღაც შავ სიებზე იწყებენ ლაპარაკს.

აგერ წელს "რუსთავი 2"-მა საერთოდ მთავრობის კონცერტის ალტერნატიული კონცერტი გააკეთა და სულ არ ჩართო პირდაპირ ეთერში ღონისძიება რიყედან, არც პრეზიდენტისა და პრემიერის მილოცვები გაუშვა, არც პატრიარქის. თავისუფლებით ტკბებიან! მერე იმის გარჩევა მიდიოდა, ვინ უკეთესი ღონისძიება მოაწყო - "რუსთავი 2"-მა თუ მთავრობამ? მე რომ მთავრობა ვიყო, ამ ფუნქციას მთლიანად ტელევიზიებს გადავულოცავდი. მთავრობას ნამდვილად ურჩევნია, კონცერტების მოწყობას ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე იფიქროს. ახალი წლიდან აქციზის გადასახადის გამო სიგარეტის ფასი 20-30 თეთრით იზრდება, 1-ლი მარტიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება (თუ მანამდე არ გადაავადეს), იზრდება ჯარიმები გარემოს დაბინძურებაზე, მინიმალური 50 ლარი იქნება (ამას ნამდვილად მივესალმები). ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა: "დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთად დგომა, რომ ჩვენი სამშობლო ვაქციოთ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ". ვერაფერს იტყვი, გადასარევი ნათქვამია, მაგრამ მას ასევე გადასარევი შესრულება უნდა და, იმედია, მხოლოდ კეთილ სურვილად ან აუსრულებელ დაპირებად არ დარჩება! ამ გზაზე მომავალ წელს კარგი გამოცდა იქნება პროკურატურის რეფორმა. სულმოუთქმელად ველოდები, რას შემოგვთავაზებს საბოლოოდ ხელისუფლება, გვექნება თუ არა, ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომლის სამართლიანობაში თუ არა, პოლიტიკურ მიუკერძოებლობაში მაინც არავის შეეპარება ეჭვი!.. სოციალური გადავდგით ნაბიჯებიო, ღარიბაშვილმა. რა ვიცი, წელს პენსიონერებს მხოლოდ 10 ლარით უზრდით პენსიას, ისიც სექტემბრიდან. ყველა ხელისუფალს უნდა ახსოვდეს: სოციალური ხარჯები უძირო ჭურჭელია, საკმარისი არასდროს იქნება. რაც უნდა გაზარდო, მადლობას არავინ გეტყვის, რომ არ გაზარდო, აუცილებლად გაგაკრიტიკებენ!

დაბოლოს: ამ ღარიბაშვილს პიარის თუ რამე ესმოდეს, მე ვიყო სააკაშვილი! წიწამურში ილიას ძეგლი არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაარემონტა. მახსოვს, რამდენი მოწოდება იყო, "კვირის პალიტრამ" არაერთი სტატია გამოაქვეყნა ამ პრობლემის შესახებ. ჰოდა, ამათ გაუკეთებიათ და მარტო კულტურის მინისტრს ახსნევინებენ. ადექი, წადი, გახსენი! ამაზე კარგი ამ საახალწლო დღეებში რა უნდა გააკეთო?! თუმცა, რა მიკვირს, იმასაც კი ვერ მიხვდა, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მნიშვნელოვანი რომ იყო და სტრასბურგში რომ უნდა ჩასულიყო! სააკაშვილი რომ არ დაენახათ იქ, ალბათ, არც არავინ ჩავიდოდა!

"ოცნება", "ნაცები" და საბავშვო ბაღი

"ოცნება"' და "ნაცები" დაობენ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მეტად ვისი დამსახურებაა. არადა, სინამდვილეში მთავარი წვლილი პუტინს მიუძღვის. ეგ რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში, არ მოგვცემდნენ მაგ ასოცირებას ასე დაჩქარებულად! თუმცა, პუტინისთვის მადლობის თქმას მაინც არ ვაპირებ და, იმედია, უმადურობაში არ ჩამომართმევთ.

"ნაცები" და "ქოცები" კი დავას, ალბათ, ამ წელსაც გააგრძელებენ. აგერ გასული წლის ბოლო დღეებში "ნაცებმა" "ქოცებს" ახალი ბრალდება წაუყენეს: ერთ დროს კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორმა (ამბობენ, უკვე აღარ არისო, მაგრამ ვინ იცის?), დავით იაკობაშვილმა ოფშორში დარეგისტრირებული იმ კომპანიის წილი, რომლის სახელიც ყოველთვის უკავშირდებოდა კეზერაშვილს, რუსებს მიჰყიდა და '"ნაცები"', რომლებსაც ყოველთვის სწორედ რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ადანაშაულებდნენ და რომლებიც ამ დროს პასუხობდნენ, ფულს წარმომავლობა არა აქვსო, ახლა ხელისუფლებას აწვებიან, ეს გარიგება როგორ დაუშვიო! ან კიდევ "ნაციონალურ მოძრაობას" და ზოგ ჩემს კოლეგას ჰგონია, თუ ღარიბაშვილს ჰკითხავენ: პუტინი მტერია თუ არაო და ის პირდაპირ პასუხს არ გასცემს, ამით მის პრორუსულობას დაამტკიცებენ! საბავშვო ბაღია, რა! დაახლოებით, ასეთი შეკითხვაა: "აბა, ქურდებს შეაგინე!" თუ ვერ აგინებ, ესე იგი, შენც ქურდული ტრადიციების მიმდევარი ხარ! მე იქნება გინება არ მევასება?! ათასი მიზეზი შეიძლება მქონდეს, რომ ვიღაცას არ ვაგინო! ასევეა პოლიტიკაშიც. პრემიერ-მინისტრი არც ექსპერტია და არც დეპუტატი, შეფასებები რომ გააკეთოს. მისი ყველა განცხადება არის გზავნილი და გზავნილებს კი იმის მიხედვით არჩევ, რა გჭირდება იმ მომენტში და არა იმის მიხედვით, სინამდვილეში როგორაა. ეს პოლიტიკის ანაბანაა და გული მწყდება, ჩემს კოლეგებს ამის ახსნა რომ სჭირდებათ. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა აცხადებ, რუსეთთან ვაპირებ დიალოგის გზით ურთიერთობის მოგვარებასო და პარალელურად პუტინს მტერს ეძახი ან ლანძღავ?! ხომ გეტყვის ის კაცი, თუ მლანძღავ, რაღაზე უნდა გელაპარაკოო? გისურვებთ ამ წელს მაინც აღარ იყოს ქართული პოლიტიკა საბავშვო ბაღი!