კვიტაშვილი სააკაშვილ-პოროშენკოს ბიზნესპროექტებს განახორციელებს?! - კვირის პალიტრა

კვიტაშვილი სააკაშვილ-პოროშენკოს ბიზნესპროექტებს განახორციელებს?!

"უკრაინაშიც მალე გამოაცხადებენ, რომ საჭიროა დიდი პრივატიზაცია და სახელმწიფოსთვის არახელსაყრელი პირობებით გაიყიდება ის საავადმყოფოები, რომლებიც უზარმაზარ მიწის ნაკვეთებზე, მსხვილი, მილიონიანი ქალაქების ცენტრშია განლაგებული."

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროტეჟე სანდრო კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკიდან ახლახან დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი გოგავა, რომელმაც ქვეყანა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დატოვა და, რომელიც 2009-2010 წლებში კი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საველე ოპერაციების მენეჯერისა და უფროსი პოლიტიკური კონსულტანტის მოვალეობებს ასრულებდა, კვიტაშვილის დანიშვნის უკან საკაშვილისა და პოროშენკოს ერთობლივ ბიზნესპროექტებს ხედავს. გოგავა "კვირის პალიტრასთან" აცხადებს:

- პოროშენკოსა და სააკაშვილს ერთობლივი ბიზნესაქტივობების გამოცდილებაც აქვთ - თუ გავიხსენებთ უვარგის ავტობუს "ბოგდანს", რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ პოროშენკოსგან შეიძინა.

ავტობუსები არ გამოირჩეოდა ხარისხით, მაგრამ იმის გამო, რომ პოროშენკოს ქარხანაში მზადდებოდა, საქართველოს ბიუჯეტს აყიდვინეს.რაც შეეხება კონკრეტულად დანიშვნებს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნა - კვიტაშვილის პრაქტიკული რეფორმები საქართველოში არავის ახსოვს. რეალურად მისი როლი და დანიშნულება იყო ტოტალური გაყიდვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების, მათი ღირებულების 10-15 პროცენტად. მათ შორის იყო რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ნაცვლად 30-35 მილიონისა, რაც წარმოადგენდა მის საბაზრო ღირებულებას, 6 მილიონ ლარად გაიყიდა. ახლა კი სახელმწიფო ცდილობს, როგორმე დაიბრუნოს და ნაციონალიზაცია მოახდინოს ამ და სხვა ქონებისა, რომლებიც კაბალური ხელშეკრულებით გაყიდეს.

უკრაინაშიც მალე გამოაცხადებენ, რომ საჭიროა დიდი პრივატიზაცია და სახელმწიფოსთვის არახელსაყრელი პირობებით გაიყიდება ის საავადმყოფოები, რომლებიც უზარმაზარ მიწის ნაკვეთებზე, მსხვილი, მილიონიანი ქალაქების ცენტრშია განლაგებული. კიევის ცენტრში, მაგალითად, არის ალექსანდროვის სახელობის უზარმაზარი სამედიცინო კლინიკა, რომელსაც 9 ჰექტარი მიწა უკავია. ასეთი ქონების ერთ ლარად გადაცემას მიჩვეულ სააკაშვილს და მის კადრებს, რა თქმა უნდა, ხელი წაუცდებათ. ასევე ეჭვს გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ მთელი ეს ჰოსპიტალური საკუთრება საბოლოოდ აღმოჩნდება პოროშენკოსა და სააკაშვილთან დაახლოებული კომპანიების ხელში.