სოლიდარობის მარში - ისლამისტი ტერორისტები დასავლეთში მასობრივ თავდასხმებს ამზადებენ?! - კვირის პალიტრა

სოლიდარობის მარში - ისლამისტი ტერორისტები დასავლეთში მასობრივ თავდასხმებს ამზადებენ?!

"ესაა ბრძოლა ბნელ ძალებსა და თავისუფლებას შორის და არავითარ შემთხვევში არ უნდა დაუკავშირდეს ეს ისლამს, რადგან ტვინდაბნელებული ადამიანი ყველა რელიგიაში მოიძებნება"

ყველაფერი, რაც მოხდა, ცივილიზაციათა შეჯახებაა.

პარიზში, ევროპა სოლიდარობის მილიონიანი მარშით აპროტესტებს საფრანგეთში ოთხი დღის განმავლობაში დატრიალებულ ჯოჯოხეთს. საფრანგეთის დედაქალაქში მარშის მიმდინარეობისას უსაფრთოხების უპრეცედენტო ზომები მიიღეს. სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo ტეროროსტულ თავადასხმას და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს 17 ადამიანი ემსხვერპლა, ოცზე მეტი კი - დაშავდა. მსოფლიოშიც და ჩვენშიც, ეს თემა კიდევ კარგა ხანს დარჩება განსჯის საგნად. მსოფლიო გმობს ტერორიზმს, რის გამოხატულებაც არის ის, რომ 40-ზე მეტი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი შეიკრიბა პარიზში ტერორიზმისა და ძალადობის გასაპროტესტებლად, მათ შორის საქრათველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ამ დღეებში ქართულ ინტერენეტსივრცეში საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ტერორისტული აქტის მიზეზი რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურები გახდა და ხანადხან იმასაც კი ცდილობენ, რომ დანაშაულის ტვირთი ჟურნალის რედაქციაზეც გადაიტანონ, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ ჟურნალი ტერორისტებმა მხოლოდ და მხოლოდ საბაბად გამოიყენეს. მით უფრო, რომ ევროპული ქვეყნების სპეცსამსხაურები აღარც მალავენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ტერაქტი შეიძლება ჰქონდეს რადიკლურ ისლამისტებს დაგეგმილი. ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების MI5-ის ხელმძღვანელის ენდრიუ პარკერის განცხადებით, სირიაში მებრძოლი ისლამისტი ტერორისტები დასავლეთში მასობრივ თავდასხმებს ამზადებენ და სადაზვერვო სააგენტოები შესაძლოა უძლური აღმოჩნდნენ მათ შესაჩერებლად. ინფორმაცია ამის შესახებ France24-მა გაავრცელა.

ლაშა ბაქრაძე, ფილოსოფოსი: - ის, რაც მოხდა პარიზში, ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე დარტყმა. ფანატიკოსები ყველგან და ყოველთვის ცდილობდნენ და ცდილობენ, თავიანთი აზრი ძალადობრივად გამოხატონ. საერთოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა ბრძოლა ბნელ ძალებსა და თავისუფლებას შორის და არავითარ შემთხვევში არ უნდა დაუკავშირდეს ეს ისლამს, რადგან ტვინდაბნელებული ადამიანი ყველა რელიგიაში მოიძებნება, უბრალოდ, ახლა მხოლოდ ისლამისტები ჩანან. ეს ტერაქტი, ტერორისტებისთვის უკურეაქციას გამოიწვევს. სამწუხარო ისაა, რომ ეს პროცესი წესიერ მუსულმანებს, ვინც ბოლომდე იცავენ საკუთარი რელიგიის პრინციპებს, გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს არ სიამოვნებს ამა თუ იმ კარიკატურის ნახვა, ევროპაში ამის დიდი ტრადიცია აქვს, მით უფრო საფრანგეთში. ფრანგულ ლიტერატურაში და ხელოვნებაში ხშირად ვხვდებით კარიკატურებს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაობენ მომხდარზე და ამბობენ, რომ ტერორიზმი კი დასაგმობია, მაგრამ კარიკატურისტებიც დამნაშავეები იყვნენ, არანაირი მაგრამ არ შეიძლება არსებობდეს!

- "შარლ ებდოს" არაერთგიზს გაუგზავნეს მუქარის წერილები, თუმცა ისინი მაინც აგრძელებდნენ თავის კურსს, რა იყო ეს მათი მხრიდან გაუფრთხილებლობა თუ პრინციპულობა? - რა თქმა უნდა, პრინციპულობა. ისინი იქცეოდნენ სწორედ ისე როგორც უნდა მოიქცეს პრინციპული და წესიერი ადამიანი.

ცოტნე გამსახურდია, პოლიტოლოგი:

- იმას, რასაც ეს ჟურნალი აკეთებდა მთლად თავისუფალ სიტყვასთან ვერ გავაიგივებ, ეს უფრო უხამსობა და სხვათა შეურაცხყოფა იყო, მაგრამ ტერორისტების სამიზნე სწორედ თავისუფალი სიტყვა, მათი მთავარი მესიჯი კი - შიშის დათესვა იყო. სამწუხაროა, რომ ბედის უკუღმართობით სწორედ ეს უხამსობა იქცა თავისუფალი სიტყვის სიმბოლოდ, მოდით, ასე დავსვათ საკითხი - რა მიზანს ემსახურებოდა " შარლი ებდოს" კარიკატურები? ვთქვათ იმას, რომ ჟურნალი სკანდალურობის გამო უფრო კარგად გაყიდულიყო, მაგრამ მათ გასაგონად, ვინც დღეს ბევრს ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებასა და სატირის კეთილშობილურ თვისებებზე, ვკითხულობ, მაინც რა კეთილშობილური ფუნქცია შეიძლებოდა ჰქონოდა წაკუზული წმინდანების კარიკატურებსა და მათი შიშველი უკანალების ჩვენებას?! როგორ უნდა მოეხდინა მას მენტალურად გაკეთილშობილება ბნელი და ფუნდამენტალისტი მრველის, რომელთა სათაყვანებელ ობიექტებსაც ისინი მსგავსი ფორმით წარმოაჩენდნენ. ეს კარიკატურები ცალსახად იყო აგრესიის გამომწვევი და მაპროვოცირებელი. დარწმუნებული ვარ რომ რელიგია იმსახურებს კრიტიკას, განსაკუთრებით რელიგიური პრაქტიკა, რაც დროის მდინარებასთან ერთად ხშირად აბსურდამდე მიდის.  ამ ყველაფერს ხშირად ვაშარჟებ კალმის საშუალებით, რადგან ხშირად ვითარება რელიგიურ აბსურდისტანამდე მიდის. ვფიქრობ, აუცილებელია შეურაცხყოფასა და შარჟს შორის ბალანსის პოვნა. ყველაფერი, რაც მოხდა, ცივილიზაციათა შეჯახებაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)