ღარიბაშვილი ხადურის შემცვლელს საზღვარგარეთ ეძებს?! - სახელისუფლო ცვლილებების მოლოდინში - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი ხადურის შემცვლელს საზღვარგარეთ ეძებს?! - სახელისუფლო ცვლილებების მოლოდინში

ვინ და რატომ ურჩევს უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას?

კოალიციის დაშლა-არმოშლის საკითხში მთავარ ფაქტორად ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილი რჩება

სახელისუფლო კულუარებში ადასტურებენ, რომ პარტია "ქართული ოცნება" გაზაფხულიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და მთავარი პოლიტიკური მოთამაშის სტატუსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება. იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პარტიას პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება დამოუკიდებლად, კოალიციაში შემავალი დანარჩენი სუბიექტების გარეშე სურს, თუმცა სხვადასხვა პარტიიდან გამოცდილი პოლიტიკოსების გადმობირებას მაინც ცდილობს... დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია "პირველი მოქალაქისა" და პარლამენტის თავმჯდომარის "გარიგების" შესახებ - ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას ურჩევს. შესაძლოა, დავით უსუფაშვილს "ქართულ ოცნებაში" პორტირების პრობლემა ნაკლებად აქვს, მაგრამ მაინც საკმაოდ მცირეა, ა, მისი მეუღლე და ასევე რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი "რესპუბლიკურ პარტიას" შეელიოს... დიდი ალბათობით, ყოფილი პრემიერის სწორედ ეს პოლიტიკური შეთავაზება გახდა ძმებ ბერძენიშვილების "გაბრაზების" მიზეზიც - ბოლო პერიოდში, მათ თითქმის ყველა სახელისუფლებო ინიციატივა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის, საყდრისის აფეთქებაც, თუმცა ამჯერად, 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საპასუხო დარტყმა ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს - პრემიერმა პოლიტიკოსები, ვინც საყდრისს გამოესარლნენ, მათ შორის, "რესპუბლიკური პარტიის" წევრებიც, პოპულისტობასა და უპასუხისმგებლო განცხადებების კეთებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ , ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბევრ საკითხში ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკელების" გზები დიდი ხანია არაფორმალურად გაიყო, "რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციის დატოვება ობიექტური მიზეზების გამო 2016 წლამდე არ აწყობს, რასაც პარტიის ლიდერები საჯარო განცხადებებშიც არ მალავენ. ამიტომ კოალიციის დაშლა-არმოშლის საკითხში მთავარ ფაქტორად ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილი რჩება. "ქართული ოცნებისა" და "რესპუბლიკელების" კულუარული დაპირისპირების ფონზე, გუბაზ სანიკიძე და მისი გუნდიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მართალია, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე "ეროვნულმა ფორუმმა" დუმილი არჩია და დღემდე მაქსიმალურად ცდილობს, გარეგნულად მაინც, პროცესებზე დამკვირვებლის პოზიცია შეინარჩუნოს, მაგრამ პირად საუბრებში პარტიის წევრები არ მალავენ, რომ გაზაფხულიდან საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად მოემზადებიან. რას გულისხმობს "ფორუმის" გააქტიურება, ჯერჯერობით, თავად პარტიის ლიდერებსაც არ აქვთ გარკვეული, მაგრამ ფაქტია, გუბაზ სანიკიძე "რესპუბლიკელების" უპირობო მხარდამჭერია და ამ უკანასნკელს მხარს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში აუბამს. ალბათ, თავის მხრივ, გუბაზ სანიკიძის ცნობილი სატელეფონო ჩანაწერების შემდეგ, არც ბიძინა ივანიშვილი ისურვებს ახლადშექმნილ გუნდში "ფორუმის" ხილვას...

ცვლილებებისთვის მინისტრთა კაბინეტშიც ემზადებიან. როგორც ამბობენ, უკვე გადაწყვეტილია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის დავით შავლიაშვილის პორტფელის ბედიც. კულუარებში ადასტურებენ, რომ მას მალე ნოდარ ჯავახიშვილი ჩაანაცვლებს. თანამდებობის დატოვება მოუწევს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესაც, რომლის მამასაც ფინანსურ დარღვევებს ედავებიან. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ თუ ბიზნესპარტნიორებს განსაკუთრებით ფინანსურ მაქინაციებს არ პატიობს. სავარაუდოდ, მალე ვაკანტური გახდება ფინანსთა მინისტრის თანამდებობაც, თუმცა ამბობენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილს ნოდარ ხადურის შემცვლელის პოვნა საქართველოში უჭირს და შემცვლელს საზღვარგარეთ, ქართველ ემიგრანტებში ეძებს...

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)