უკრაინაში გოგა ხაჩიძესა და გურამ დონაძესაც დაასაქმებენ?! - კვირის პალიტრა

უკრაინაში გოგა ხაჩიძესა და გურამ დონაძესაც დაასაქმებენ?!

"გოგა ხაჩიძე: ჯანსაღ რეაქციას არც ღარიბაშვილისგან ველოდები და არც ივანიშვილისგან."

"დასანანია, რომ საქართველო კარგავს, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც."

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა. შეგახსენებთ, ეს ის გია გეწაძეა, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებაში იმერეთის ხანმოკლე გუბერნატორობისას საზოგადებას თავი ე.წ. "ბოთლების სკანდალით" დაამახსოვრა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა: "ჩემი მეგობარი გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ის ამ მაღალ თანამდებობაზე ილიას უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე, ჩემი მთავრობაში ყოფნის დროს, სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები, ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. დასანანია, რომ საქართველო კარგავს, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც."

ვრცელდება ინფორმაცია, უკრაინის სახელისუფლო სტრუქტურებში, კიდევ ორი ქართველის შესაძლო დანიშვნის შესახებ. კერძოდ, შესაძლოა უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილეობა გოგა ხაჩიძეს, გურამ დონაძეს კი უკრაინის შსს პრესცენტრის ხელმძღვანელობა, ან საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორობა შესთავაზონ.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე, თუმცა გია გეწაძეს წარმატებებს უსურვებს:

- უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის თაობაზე არავინ დამკავშირებია...

- რომ შემოგთავაზონ ეს თანამდებობა, რას იზამთ?

- თუ შემომთავაზეს, მერე დავფიქრდები იმაზე, თუ რას ვიზამ.…

- არც გურამ დონაძის შესაძლო დანიშვნაზე გსმენიათ რამე?

- არა, არც დონაძის შესახებ გამიგია რამე... აი, გია გეწაძეს კი დიდ წარმატებას ვისურვებ! მას წლებია ვიცნობ და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება. კარგია, რომ ასეთი დონის კადრს, როგორიც გიაა, თავის ქვეყანაში თუ არა, სხვაგან, მეგობარ უკრაინაში მაინც მიეცემა მუშაობის საშუალება... ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. როგორ ფიქრობთ, ამ რთულ ვითარებაში უკრაინის მთავრობა ქართველების ასეთ საპახუსმგებლო თანამდებობზე დანიშვნის გადაწყვეტილებას, დაუფიქრებლად მიიღებდა?! იციან საქართველოში გატარებული რეფომებისა და რაც მთავარია, მიღებული შედეგების შესახებ და უნდათ, ჩვენი გამოცდილება გამოიყენონ. მივესალმები ამას, მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა, მათი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას მოხმარებოდა.

- არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ ოფიციალური თბილისისა და კიევის ურთიერთობა, ანუ ხომ არ შეუქმნის უხერხულობას რომელიმე მხარეს?

- უკრაინულ მხარეს არავითარ უხერხულობას არ შეუქმნის. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და თუ ივანიშვილის მთავრობას შეუქმნის უხერხულობას, ეს მაგათი პრობლემაა. ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა უხაროდეს, რომ მის თანამოქალაქეს მეგობარ ქვეყნაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ. თუმცა, ნორმალურ და ჯანსაღ რეაქციას არც ღარიბაშვილისგან ველოდები და არც ივანიშვილისგან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)