"ევროპული მომავლისთვის დღეს უნდა ვიშრომოთ" - კვირის პალიტრა

"ევროპული მომავლისთვის დღეს უნდა ვიშრომოთ"

"საქართველო გახდება უფრო კონკურენტული, ხოლო ვაჭრობა და ინვესტიციები საგრძნობლად გაიზრდება. ჩვენ მოველით, რომ შეთანხმება გამოიწვევს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ–ს) ყოველწლიურ ზრდას 4,3%–ით"

"შეთანხმება ხელს შეუწყობს უფლებების დაცვასა და იმ სერვისების მიწოდებას, რომელსაც მოქალაქეები მთავრობისგან მოელიან."

იოჰანეს ჰანი ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში აცხადებს, რომ 2014 წელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ისტორიული იყო. ევროკომისრის მიმართვას Georgian Journal-ი ავრცელებს.

2014 წელი ისტორიული მნიშვნელობისაა ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით – ის მიღწევაა, რომელიც ყოველ ჩვენთაგანს სიამაყით აღავსებს. შეთანხმება საქართველოს მეტი კეთილდღეობის, მოდერნიზებისა და სტაბილურობის შესაძლებლობას აძლევს.

შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქართველოს თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე; ახალ ბაზრებს გაუხსნის ბიზნესს, შექმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და გამოიწვევს ეკონომიკის მნიშვნელოვან და სწრაფ ზრდას. საქართველო გახდება უფრო კონკურენტული, ხოლო ვაჭრობა და ინვესტიციები საგრძნობლად გაიზრდება. ჩვენ მოველით, რომ შეთანხმება გამოიწვევს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ–ს) ყოველწლიურ ზრდას 4,3%–ით, რაც ეროვნულ შემოსავალს 292 მილიონი ევროთი გაზრდის. ევროკავშირი უკვე არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი, რომლის წილი საქართველოს 2013 წლის მთლიან ვაჭრობაში 27% იყო. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტის წილი 12%–ით გაიზრდება, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტის წილი – 7.5%–ით. ვაჭრობის ზრდის პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა. მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში ევროკავშირში საქართველოდან იმპორტი 52.7%–ით გაიზარდა და 67.8 მლნ ევრო შეადგინა. ამ ტენდენციებისგაგრძელება საქართველოს ეკონომიკისა და კომპანიების განვითარებას სერიოზულ ბიძგს მისცემს. ზემოხსენებული მონაცემები არ მოიცავს ინვესტიციებს, რომელთა მნიშვნელოვან ზრდასაც ასევე მოველით.

ეს მხოლოდ ერთ–ერთია იმ სარგებლიდან, რომელსაც საქართველო შეთანხმებიდან უნდა მოელოდეს. შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ევროკავშირის ისეთი ძირითადი ღირებულებების განმტკიცებას, როგორიცაა კანონის უზენაესობის ღრმა პატივისცემა და ინსტიტუციური სტაბილურობა. შეთანხმება ხელს შეუწყობს უფლებების დაცვასა და იმ სერვისების მიწოდებას, რომელსაც მოქალაქეები მთავრობისგან მოელიან. დროთა განმავლობაში შეთანხმება საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს.

2015 წელი ასოცირების შეთანხმების ეფექტურად განხორციელებაში ღრმად ჩართვის წელი იქნება, ეს პროცესი კი მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სიღრმისეული რეფორმების ჩასატარებლად მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რომ მოხდეს საქართველოს სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან თანდათანობით დაახლოება. ამას დრო სჭირდება. წესებისა და პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის რთულ პროცესში საქართველოს ევროკავშირის ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გამოყენება შეუძლია და ეს გამოცდილება საქართველოს განკარგულებაშია.

ეს შეთანხმება არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების დასასწყისი. ის გზას გაუკაფავს რეფორმირებას ისეთი დემოკრატიული საზოგადოებისა, რომლის მთავარი მახასიათებელია პლურალიზმი, დისკრიმინაციაზე უარის თქმა, ტოლერანტობა, სოლიდარობა, თანასწორობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ჩემი ღრმა რწმენით საქართველოს მოქალაქეებმა მომავლისკენ სწორედ ამ გზით სვლა არჩიეს. მე ძალზე ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ გზაზე ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება.