სააკაშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი "ნისიად" დაფრინავდნენ? - კვირის პალიტრა

სააკაშვილი, მერაბიშვილი და კეზერაშვილი "ნისიად" დაფრინავდნენ?

"სააკაშვილის, მერაბიშვილის და კეზერაშვილის გამო საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებს და მაღალი რანგის პირებს, შესაძლოა პარიზის აეროპორტმა VIP მომსახურება აღარ გაუწიოს და უფრო მეტიც, საქართველოს მხარეს დამატებითი ჯარიმა დააკისროს." - წერს სააგენტო "აიპრესი".

როგორც ირკვევა, საქართველოს სხვა უწყებებზე რიცხულ დავალიანებებს შორის, 2007 წლიდან მორჩენილი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ექსმინისტრ, დავით კეზერაშვილის დავალიანებებიც ირიცხება. საქართველოს მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა პარიზის აეროპორტის VIP დარბაზით "ნისიად" ისარგებლეს და თანხა არ გადაიხადეს. როგორც ირკვევა, პარიზის აეროპორტის ადმინისტრაციამ საქართველოს საელჩოს საშუალებით საქართველოს 4 უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა. "პარიზის აეროპორტის ადმინისტრაცია უწყებებს თხოვნით მიმართავს, რათა დროულად იქნას დაფარული არსებული დავალიანება, ვალის არ გადახდის შემთხვევაში კი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციებსა და მაღალი რანგის პირებს მომავალში აღარ გაეწევათ VIP დარბაზით მომსახურება. ასევე შესაძლებელია, ფრანგულმა მხარემ საქართველოს დამატებითი ჯარიმა დააკისროს." - წერს სააგენტო, რომელთანაც საუბრისას, შინაგან  საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი აცხადებს: "დიახ, ვადასტურებ, რომ მერაბიშვილის VIP დავალიანებაზე ჩვენც მივიღეთ წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო პარიზიდან, საქართველოს ელჩის, ქალბატონი ეკა სირეძე-დელონეს მიერ."