"მინისტრი საზოგადოებაში ვნებების გასანელებლად გაათავისუფლეს" - ვინ შეცვლის ჭიკაიძეს? - კვირის პალიტრა

"მინისტრი საზოგადოებაში ვნებების გასანელებლად გაათავისუფლეს" - ვინ შეცვლის ჭიკაიძეს?

"ბიძინა ივანიშივლმა კი, იქნებ, მოგვაწოდოს სტატისტიკა რამდენმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გაუცრუა იმედები?!"

"ჭიკაიძემ მოინდომა და გადადგა. დარწმუნეული ვარ, მას პრემიერთან კონსულტაციები ჰქონდა და გადაწყვეტილებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან შეათანხმა."

"ჩემი აზრით, პრემიერმა საზოგადოების ნდობა მეტნაკლებად დაკარგა"

ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება გათავისუფლების თაობაზე, დავოსში მყოფმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააკმაყოფილა. გაჩნდა ვარაუდები, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის წასვლა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო და ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრების ყოფილი პრემიერის გარემოცვით ჩანაცვლება გრძელდება. ამბობენ იმასაც, რომ ჭიკაიძე შესაძლოა მისმა პირველმა მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა ანაც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირმა - ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ შეცვალის. დეტალების გასდაკრვევად, "კვირის პალიტრა" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის დაუკავშირდა:

- ალექსანდრე ჭიკაიძემ გარკვეულ გამოწვევებს თავი ვერ გაართვა. გულდასაწყვეტია... მან წესიერი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ჯობდა არ გადამდგარიყო და მუშაობა აქტიურად, გაათმაგებული ძალისხმევით გაეგრძელებინა.

-  გადადგომის გადაწყვეტილება ალექსადნრე ჭიკაიძემ თავად მიიღო თუ მმართველმა გუნდმა, მათ შორის, უმრავლესობამ "ურჩია"?

- არ ვიცი, მთავრობის შიგნით რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, მთავრობაში გადაწყვეტილებას ასე მარტივად არავინ იღებს. ჭიკაიძემ მოინდომა და გადადგა. დარწმუნეული ვარ, მას პრემიერთან კონსულტაციები ჰქონდა და გადაწყვეტილებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან შეათანხმა.

- ვინ შეცვლის მას, ან კიდევ ვის ემუქრება თანამდებობის დატოვება?

- არ ვიცი, ვინ შეცვლის ჭიკაიძეს. სხვა მინისტრების შეცვლის აუცილებლობას კი დღეს ვერ ვხედავ. ცოტა ხნის წინ, არც ჭიკაიძის ჩანაცვლების აუცილებლობა იდგა, მაგრამ ამ ადამიანს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აღმოაჩნდა. შესაძლოა რეფორმების თვალსაზრისით, გარკვეული უწყებები ნელი ტემპით მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

"კვირის პალიტრა" მიმდინარე პროცესების შესაფასებლად ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს დაუკავშირდა:

- ადამიანის თანამდებობიდან მოხსნასა და გადადგომას შორის დიდი განსხვავებაა. თუ ჭიკაიძე მოხსნეს, რა სანქციაა მიღებული იმ პირთა მიმართ, ვინც ახალგაზრდა კაცი შინაგან საქმეთა მინსიტრად დანიშნა და ქვეყნის უშიშროება ჩააბარა?!

- პასუხისმგრბლობას პრემიერიმინისტრს აკისრებთ?

- არ ვიცი როგორ აღმოჩნდა ის ამ თანამდებნობაზე, მაგრამ ვინც დანიშნა, პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მას ეკისრება.

- არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის თანამდებობებიდან გათავისუფლებას განაგრძობს და მათ საკუთარი კადრებით ანაცვლებს?

- არა მგონია. ჭიკაიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება სწრაფად, სპონტანურად მიიღეს. იმდენად სწრაფად, რომ დარწმუნებული ვარ, მისი შემცვლელიც კი არ ჰყავთ ჯერ ნაპოვნი. გასაგებია, რომ მინისტრი საზოგადოებაში ვნებების გასანელებლად გაათავისუფლეს. ბიძინა ივანიშივლმა კი, იქნებ, მოგვაწოდოს სტატისტიკა რამდენმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გაუცრუა იმედები?!

- გაგრძელდება ეს პროცესი და პრემიერიც ხომ არ გადაყვება ცვლილებებს?

- ცვლილებები აუცილებელია მაშინ, როცა თანამდებობის პირი ამოწურავს რესურსებს. ჩემი აზრით, პრემიერმა საზოგადოების ნდობა მეტნაკლებად დაკარგა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)