"ჭიკაიძეს ბადაშვილიც მიჰყვება" - დიდი საკადრო წმენდის დასაწყისი?! - კვირის პალიტრა

"ჭიკაიძეს ბადაშვილიც მიჰყვება" - დიდი საკადრო წმენდის დასაწყისი?!

"რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი"

შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დიდი საკადრო წმენდის მხოლოდ დასაწყისია.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა არა მხოლოდ რეჟიმის, თავად სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, სისტემამ ხელისუფლება გარკვეულწილად მძევლად აიყვანა. შედეგად, დღეს ქვეყანას სისტემა მართავს და არა ის პირები, რომელთან ერთადაც რეჟიმი დავამარცხეთ.

ზოგჯერ ასეთი აბსურდებიც ხდება - საქმეს ის პროკურორი იძიებს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მონაწილე პირი თავადაა. სანამ სისტემური ხარვეზები იქნება, სამართლიანობა ვერ აღდგება. პირიქით,  რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი. იმედია, სისტემის ლუსტრირება და მისგან გაწმენდა დაგვიანებული არ არის.

ვფიქრობ, ჭიკაიძეს მთავარი პროკურორი ბადაშვილიც მიჰყვება. Eეგ კი არა, 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება!"

ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას საზოგადოებაში დაძაბულობის პრევენციად მიიჩნევს ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი, თუმცა, აცხადებს, რომ მხოლოდ შსს-ში ცვლილებები საკმარისი არ არის: "იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ იოლად შეიძლება შეიძინოს სიმბოლური პოლიტიკური მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე ვლაპარაკობთ, უფრო მეტად რაიმე მძიმე პოლიტიკური კონტექსტის„სიმართლეს“ ველით. კაცმა არ იცის, ვაზაგაშვილის ასეთი მძიმე ფორმით მკვლელობა რა ზეგავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებსა და ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზე. ამდენად, მინისტრის გადადგომა აუცილებელი იყო დაძაბულობის განსამუხტად. აუცილებელი იყო, თუმცა, არა საკმარისი. მინისტრი ისედაც ბევრზე ტოვებდა იმ ფუნქციონერის შთაბეჭდილებას, რომელიც იოლად შეიძლება განტევების ვაცად ექციათ. შემდგომი ნაბიჯი უკვე მკვლელისა და დამკვეთის დადგენა უნდა იყოს. თუმცა, ამას ხელს უშლის სხვადასხვა ძალის მცდელობა, მომხდარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენოს. როგორი დასკვნაც უნდა გააკეთოს გამოძიებამ, ყოველთვის გამოჩნდება პირი ან ჯგუფი, რომლისთვისაც ეს დასკვნა მიუღებელი იქნება. სამთავრობო ცვლილებები ამ მოვლენის გარეშეც იყო მოსალოდნელი.

ცუდ საკადრო გემოვნებას შველა უნდა.

ეკონომიკაში არსებულ სირთულეებს, საგარეო პოლიტიკის ზედმეტ ამორფულობას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის "გახევებასა" და ა.შ., ემატება მოქალაქეთა არასასურველი დამოკიდებულება სხვადასხვა ოფიციალური პირის მიმართ. ხალხი გრძნობს, რომ მის დიდ ნაწილს აკლია სახელმწიფოებრივი იდეალიზმი, ქვეყნის შენების სურვილი და ენერგია. აქედან კი კორუფციამდე ორიოდე ნაბიჯია.

გასათვალისწინებელია, რომ ცუდი გემოვნებით შერჩეულმა კადრებმა უკვე მოახერხეს გავლენის სფეროთა მოპოვება და მათი მოშორება უმტკივნეულო არ იქნება".

ექსპერტებისგან განსხვავებით, "უღელტეხილზე ცხენების შეცვლას" ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი არ ეთანხმება: "ჭიკაიძის გადადგომის მიზეზი მხოლოდ იური ვაზაგაშვილის საქმე არ გამხდარა, საზოგადოებაში მის მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა. შესაძლოა, მისი მუშაობით აღფრთოვანებული არც მთავრობის ხელმძღვანელები იყვნენ და თანამდებობის დატოვებისკენ მიუთითეს. ასე რომ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ ჭიკაიძის გათავისუფლებაში მხოლოდ კატალიზატორის როლი შეასრულა. ვაზაგაშვილის საქმე ხელისუფლებისა და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, სამართალდამცველებისთვისაც, ერთგვარი ტესტიაა. ეს რაუნდი ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ უნდა დაასრულოს. რაც შეეხება პროკურატურას, როცა მსგავსი ტრაგედია ხდება, საზოგადოებას ლეგიტიმურ პირთან კომუნიკაცია სჭირდება. ამიტომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის საზოგადოებასთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მე მსგავს კრიტიკულ ვითარებაში საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პირების შეცვლის მომხრე არა ვარ, რადგან ეს სისტემაში რყევებს იწვევს - თანამშრომლებს არასტაბილურობის განცდა უჩნდებათ. ჭიკაიძის გადადგომა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებაში ჩართულ პირებზე დადებითად არ იმოქმედებს. ისიც ფაქტია, რომ

"ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი მხარდამჭერი შს სამინისტროსა და პროკურატურაში ჰყავს.

ცვლილებები შიდა რგოლსაც უნდა შეეხოს".

ვინ შეცვლის ჭიკაიძეს?

ჭიკაიძის შემცვლელის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. სავარაუდოდ, შს მინისტრობის კანდიდატები არიან: სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, შს მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური და სუს-ის ხელმძღვანელი მირიან მჭედლიშვილი.

რუსუდან შელია