რა ქონებას ფლობს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი?

"ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო."- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენისას.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჭიკაიძე შსს-ს მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა და მის ფავორიტად მიჩნეულმა ვახტანგ გომელაურმა შეცვალა. ვახტანგ გომელაური შსს-ში 2013 წლიდან მუშაობას. მას ჯერ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

"ის გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით." - ასე შეაფასა ახალი მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილმა.

2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ფლობს 64 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს თბილისში, ვარკეთილში. ასევე ვარკეთილში მისი მეუღლის, ნინო კუდუხაშვილის მფლობელობაშია კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობია 88 კვადრატული მეტრი. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ვახტანგ გომელაურის ანგარიშზებზე 7 ათასი ლარი და 10 ათასი ამერიკული დოლარი ირიცხება. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად გომელაური ფლობს ერთ ავტომობილს - HONDA CRV, 1998. რაც შეეხება ვახტანგ გომელაურის საბანკო ვალდებულებებს, "ბანკი ქართუდან" მას ჯამში 4 300 ლარის კრედიტი აქვს გამოტანილი, ხოლო "თიბისი" ბანკიდან მინისტრს 150 დოლარიანი კრედიტი აქვს აღებული.

ვახტანგ გომელაური ბიოგრაფიული მონაცემი:

დაიბადა 1975 წ. 24 დეკემბერს, ქ. თბილისში.

განათლება:

2001 წ. - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

პროფესიული გამოცდილება:

2013 წლიდან დღემდე - შს მინისტრის მოადგილე;

2013 წლამდე - პრემიერ მინისტრ - ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;

2002 წ. - შსს დაცვის პოლიცია;

1994 წ. - სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.

ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.