"ხელისუფლების არიფობის ბრალია "ნაციონალები" ასე რომ "გაბლატავდნენ" - რა კითხვები აქვს სოსო ჯაჭვლიანს პროკურატურასთან - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების არიფობის ბრალია "ნაციონალები" ასე რომ "გაბლატავდნენ" - რა კითხვები აქვს სოსო ჯაჭვლიანს პროკურატურასთან

"გამუდმებით ვიმეორებდი, დაკითხეთ დამნაშავე გიორგი ბარამიძე, დაკითხეთ-მეთქი, მაგრამ ყური არავინ დამიგდო!"

"ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით, "ნაციონალები" პარლამენტიდან ცემა-ტყეპით რომ გამოგვეყარა"

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართლიანობის აღდგენის საკითხი აქტუალობას დღემდე არ კარგავს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ეს პროცესი დაგვიანებულია და ახლა დღის წესრიგში მთავრობის ნდობის საკითხი უნდა დადგეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანიც ითხოვს, რომელიც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას მმართველ გუნდს არიფად მოიხსენიებს:

- იცით, ქართველმა ხალხმა "ქართული ოცნება"ხელისუფლებაში რატომ მოიყვანა? სამართლიანობის აღდგენას ელოდნენ - ეს იყო სრულიად საქართველოს უპირველესი მოთხოვნა! გასაგებია, ვიღაცები ამბობენ, კადრებში ყველაფერი ისედაც კარგად ჩანს, ამდენ ხანს რას იძიებთო, მაგრამ გამოძიება ორგანიზატორამდე ხომ უნდა მივიდეს?! მეც მაწუხებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაჭიანურდა.

- თქვენც ხალხისგან არჩეული დეპუტატი ხართ - თუ რეალურად გაწუხებთ სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება და ამომრჩეველთანაც თავს ანგარიშვალდებულად გრძნობთ, რა გააკეთეთ მის დასაჩქარებლად და როგორც ამბობთ, საზოგადოების მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად?

- საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, როცა პარლამენტში შევედით პირველივე სხდომაზე განვაცხადე - ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ნაციონალებისთვის ამომრჩევლის 40%-ს ხმა არ მიუცია-მეთქი. გამუდმებით ვიმეორებდი, დაკითხეთ დამნაშავე გიორგი ბარამიძე, დაკითხეთ-მეთქი, მაგრამ ყური არავინ დამიგდო! მეც არავინ მკითხა, რა ინფორმაცია გაქვსო. ამიტომ დღეს ვსვამ კითხვას და ყველამ მიპასუხოს - დამნაშავე გიორგი ბარამიძე დღემდე რატომ არ დაკითხეთ?

- ისე, შეგახსენებთ, ხელისუფლებაში თქვენ ხართ და კითხვებზე პასუხს თქვენგან უნდა ვისმენდეთ - ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?

- დიახ, ვიცი და ამიტომაც ვამბობ - პასუხისმგებლობა იმას ეკისრება, ვისაც არ უნდოდა "ნაციონალური მოძრაობის" ფაშისტური დანაშაულებები გახმაურებულიყო. მართალია, ხელისუფლებაში ვარ, მაგრამ არ ვიცი ამას შიგნით ვინ აკეთებს. საიდან უნდა ვიცოდე?! სააკაშვილის რეჟიმისას ჩემ აგარაკზეც აპირებდნენ სპეცოპერაციის ჩატარებას, "ვერტალიოტებით"მელოდებოდნენ, იმ დილით გლდანში წკრიალაშვილი ჩაცხრილეს. ისევ ყველას ვეკითხები, რატომ არ დამკითხეთ? ბევრი რამ ვიცი, რისი თქმაც მხოლოდ გამოძიებისთვის მინდა, მაგრამ არავის აინტერესებს.

- პროკურატურა პრემიერზე დაქვემდებარებული უწყებაა, ანუ თქვენი აზრით, დღეს მთავრობის ნდობის საკითხიც უნდა დადგეს?

- პრემიერმა თუ მთავარი პროკურორი თანამდებობაზე დანიშნა, ამ კაცმა მერე არაფერი გააკეთა. ამ შემთხვევაში კბილაშვილზე ვლაპარაკობ.

- კბილაშივლის თანამდებობიდან ერთი წლის წინ გადადგა, რა შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

- არ ვიცი, როგორ უნდა გიპასუხოთ... კი ბატონო, გავაკეთებო - ასეთია ყველაფერზე პასუხი. იცით რა, ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით, "ნაციონალები" პარლამენტიდან ცემა-ტყეპით რომ გამოგვეყარა. მაშინ ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, ბიჭო, ხომ იცი, ახლა მთელი მსოფლიო გვიყურებს, ყველაფერი კონსტიტუციურად მოხდა და "ნაციონალებს" ნუ შეეხებიო. პირადად ჩემთვის კონსტიტუციურად არაფერი მომხდარა. დღეს ამ შეცდომას, ალბათ, ბევრი ნანობს. მეორე შეცდომა ეჭვმიტანილ ბარამიძის სპიკერად არჩევა იყო. ასეთი მაღალი ქვორუმით მანანა კობახიძე და ზურა აბაშიძეც არ აგვირჩევია. მე მისთვის ხმა არ მიმიცია, მაგრამ "ნაციონალებმა" ჩათვალეს, ყველაფერი გაგვდისო. მესამე შეცდომა იყო ის, რომ 26 ათასი ფაილი გავანადგურეთ, კულტურულები და რაინდები ვართ და ამის ჩვენება ხალხისთვის არ შეიძლებაო, ვამტკიცებდით. ვის ვუფრთხილდებოდით? სამი კინოთეატრი დაგვექირავებინა, 18 წლამდე ახალგაზრდების შესვლა აგვეკრძალა და საზოგადოებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" სახე გვეჩვენებინა. ხალხს რომ ენახა, როგორი მანიაკები და ფაშისტები იყვნენ, ხელისუფლების არიფობის ბრალია, დღეს "ნაციონალები" ასე არ "გაბლატავდნენ". დიახ, ჩვენ ვართ არიფები და ეს ყველაფერი ამიტომაც დაგვემართა. ნაძირალები კი, ჩვენი არიფობის გამო გვიყენებენ.

- სწორედ ამ ფონზე, საზოგადოების ნაწილი მთავრობის ნდობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მომხრე დღესაც ხართ?

- ისევ ბარამიძე უნდა ვახსენო! როცა მაგასათან კამათი მომივიდა, დედა არ შემიგინებია, მან კი, დეპუტატებს აგინა. მეტიც, ცოტა ხანში, კაკო ბობოხიძემ მთელ საქართველოს შეაგინა დედა. გესმით, სადამდე მოვედით?! როცა ბობოხიძემ შეგვაგვინა, მაშინ უმრავლესობას ასე მივმართე - თუ ახლაც არ ადგებით, თქვენი დედაც -მეთქი. ყველა ადგა და ჩხუბი დაიწყო. ვაი, უბედურ საქართველოს პარლამენტში ჩხუბი რომ მოსწონს და უხარია. ხალხი იმდენადაა სამართლიანობას მოწყურებული, რომ სისხლის დანახვა უნდა. ერთმა მითხრა კიდეც, "ნაციონალები" რატომ არ დაასისხლიანეო. ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომის შედეგია! რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, რასაც ხალხი მოითხოვს, ისე უნდა მოვიქცეთ. თუ საზოგადოებას ვადამდელი არჩევნები უნდა - დავნიშნოთ! თუ მთავრობის გადაყენებას ითხოვს - გადავაყენოთ!

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)