სერიალი "9 +1" - რას პასუხობენ ივანიშვილს "მიჯირყვნილი" არასამთავრობო სექტორიდან - კვირის პალიტრა

სერიალი "9 +1" - რას პასუხობენ ივანიშვილს "მიჯირყვნილი" არასამთავრობო სექტორიდან

თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ის აქტიურად აპირებს სატელევიზიო პროექტებში ჩართვას. როგორც ექსპრემიერმა თქვა, იგეგმება დოკუმენტური ფილმების სერიის "9 +1" გადაღება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობას ასახავს და შეაფასებს. როგორც ირკვევა, სატელევიზიო ფილმების მომზადებას ივანიშვილი ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის შესახებაც გეგმავს. ექსპრემიერი კვლავაც ევროპულად და წარმატებულად მიიჩნევს მთავრობას და აკრიტიკებს პრეზიდენტს.

ამჯერად როგორც აღმოჩნდა, მას არ მოეწონა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩატარებული საყოველთაო კონსულტაციები. ივანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობაზე ზეგავლენისთვის არავითარი ბერკეტი არ აქვს და თუ რჩევას ვინმე კითხავს, მისი უფლებაა მისცეს ან არ მისცეს ეს რჩევა.

"ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა და საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით-მეთქი. დაცვა ძალიან აქტურობს და პრინციპში, დღესაც პრობლემა მაქვს, ბიჭებს ყოველ დღე ვახსენებ, რომ უფრო დინჯად მოიქცნენ." ყოფილი პრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ნათესავებიც. "ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და კარგად იცით, როცა ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო, ჯანყარაშვილი დაიხმარა და მას პოსტიც ეკავა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია, მაგრამ არაფერი საშინელება არ მომხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა, რომ ასე არ შეიძლება და არ ვარგა, მოუსმინა საზოგადოებას და მიიღო გადაწყვეტილებები." "მე არ ვეთანხმები მოსაზრებებს, რომ ღარიბაშვილის ნათესავები მართავენ მთელ საქართველოს." - განაცხადა ექსპრემიერმა და ტრადიციულად გააკრიტიკა ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი. ახსენა კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია, რომელთა მუშაობის თაობაზე კვლევის ჩატარებას და შესაბამისად, კითხვების დასმას, ივანიშვილი სატელევიზიო გადაცემის ფარგლებში გეგმავს.

"მზად ვარ კვლევის შემკვეთს და ავტორებს გავუწიო დახმარება ინფორმაციის მოპოვებაში! გთხოვთ დამიკავშირდეთ!" - ასე უპასუხა ივანიშვილს თავის "ფეისბუქგვერდზე" "გამჭვირვალეობა -საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო ლომჯარიაც ივანიშვილს სოციალურ სივრცეში გამოეხმაურა: "ახლა გავიგე რომ სახელმწიფოზე მაღლა ვდგევარ და ის ეკა, მგონი, ჩემთან რეკავდა, ცინარიძესთან კი - არა."