ირაკლი ალასანია, ნიკა რურუა და დავით ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან?! - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია, ნიკა რურუა და დავით ბაქრაძე ახალ კოალიციას შექმნიან?!

"დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია არამხოლოდ პროდასავლური თვალსაზრისით, პოლიტიკური იდეოლოგიითაც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან."

"ნაციონალურ მოძრაობას", დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი პარტიისგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, პარტიის მართვის სადავეები კი, ხელში გიგა ბოკერიამ აიღო.

ოპოზიციურ ფლანგზე სტაგნაცია, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება და ძალაუფლების გარეშე დარჩენილი პარტიები მმართველი კოალიციის ჩასანაცვლებლად მომზადებას აქტიურად დაიწყებენ. მაგალითად, "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას უკვე დაემუქრნენ და 2016 წლის არჩევნებში, მთავარ მიზნად მმართველ გუნდთან პაექრობაში "გადამწყვეტი გოლის გატანა" დაასახელეს, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მთავარ პოლიტიკურ თემად დარჩენას 2015 წელსაც აანონსებს. დიდი ალბათობით, "თავისუფალი დემოკრატების" არც ისე მაღალი რეიტინგის გამო, უკვე ყოფილი სახელისუფლო პარტია ახალი, პროდასავლური კოალიციის შექმნას შეეცდება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ცვლილებისთანავე ითქვა, რომ ირაკლი ალასანია კოალიციას პირველი დატოვებდა და მესამე პოლიტიკურ ცენტრს ასევე პროდასავლურ ჯგუფთან, საზოგადოებრივ ორგანიზაცია "ივერიასთან" შექმნიდა. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ივერია" ნიკა რურუამ, მამუკა გამყრელიძე, გრიგოლ ვაშაძემ და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააფუძნეს, რომლებიც აცხადებენ, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასოდეს ყოფილან. გარდა პოლიტიკური კურსისა, ირაკლი ალასანიასა და ნიკა რურუას დიდი ხნის მეგობრობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან აკავშირებთ. ორივე მათგანი საჯარო ინტერვიუებში ადასტურებს, რომ ერთმანეთთან დღემდე საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. "წინასწარმეტყველება" სანახევროდ უკვე ახდა!

ირაკლი ალასანიას კიდევ ერთი პოლიტიკოსი მეგობარი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძეა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლები იყვნენ და ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდნენ. თანაც, დიდი ხანია თავად დავით ბაქრაძესაც ნაციონალური მოძრაობის დატოვება სურს. როგორც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გუნდის თხოვნას და გიორგი მარგველაშვილის ოპონენტობას დათანხმდა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მესამე პოლიტიკურ ცენტრად ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძისა და ნიკა რურუას პოლიტიკური სამეული შეიკრას.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი პარტიისგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, პარტიის მართვის სადავეები კი, ხელში გიგა ბოკერიამ აიღო. პარტიის შედარებით ახალი სახეები დღემდე ვერ ახერხებენ ძველი და საზოგადოებისთვის ოდიოზური თანაპარტიელების ჩანაცვლებას, რის გამოც, დიდი ალბათობით, სხვა პოლიტიკური პლატფორმის პოვნას შეეცდებიან. ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად აანონსებს მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყველა გამოსვლაში მეორე რევოლუციას - არ სურს შიდა დაპირისპირება საჯარო განხილვების თემა გახდეს და მითი "ნაციონალური მოძრაობის" "ერთ გუნდად" შეკვრის შესახებ დაიმსხვრეს.

ამ ფონზე, არასაპარლამენტო ოპოზიციას ისღა დარჩენია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვს, რომლის დანიშვნაც სულ უფრო და უფრო რეალური ხდება, თუმცა ამისგან რა ხეირს შეიძლება ელოდონ ეს პარტიები,, რთული სათქმელია... მათ თვითმმართველობის არჩევნების წინ გაერთიანებაც ვერ შეძლეს და ნაკლებად სავარაუდოა, ეს მომავალშიც მოახერხონ. სავარაუდოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციას დიდი პოლიტიკური ცვლილებები არ "ემუქრება".

ირაკლი ალასანიას, ნიკა რურუასა და დავით ბაქრაძის საერთო პოლიტიკურ იდეოლოგიაზე ლაპარაკობს ექსპერტი კახა გოგოლაშვილიც, რომელიც ახალ პროდასავლურ კოალიციაში "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების გაერთიანებას არ გამორიცხავს:

- ფაქტია, საზოგადოებაში ახალი პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების მოთხოვნილება გაჩნდა - "ნაციონალური მოძრაობა" ამ მოვალეობას ვერ ასრულებს და ვერც მომავალში შეასრულებს, რადგან ხელისუფლებაში ყოფნისას პარტიამ უამრავი შეცდომა დაუშვა. თუმცა საკითხავია, კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ პროდასავლური კურსი რამდენად საკმარისია?! ქვეყნის მართვაში სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც მონაწილეობენ. დავით ბაქრაძე და ირაკლი ალასანია არამხოლოდ პროდასავლური თვალსაზრისით, პოლიტიკური იდეოლოგიითაც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან. ამ ორ პოლიტიკოსს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. იგივე შეიძლება ითქვას ნიკა რურუაზე. მართალია, 90-იანი წლების გამო მასთან შესაძლოა კითხვები არსებობს, მაგრამ რურუაც ბაქრაძისა და ალასანიას ტიპაჟის პოლიტიკოსს სრულად შეესაბამება. ამ სამი პოლიტიკოსის გარდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ბევრი ლიდერი მეგულება, რომლებსაც წინა ხელისუფლებიდან მანკიერი თვისებები არ გადმოყოლია. მათ მიმართ არც საზოგადოებაა უარყოფითად განწყობილი. "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკური მოღვაწეობა სხვა პარტიებთან ალიანსში წარმატებით გააგრძელონ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)