"სააკაშვილი იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს!"

გაზეთ "კვირის პალიტრის" 2013 წლის 2 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ექსპერრტ მამუკა არეშიძესთან, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბ ჟვანიას გარდაცვლების გარემოებებზეც ლაპარაკობდა, ასევე ნახსენები იყო FBI-ს დასკვნაც. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

" - განაცხადეთ, რომ ეფ-ბი-აის წარმომადგენელმა ჟვანიას საქმეზე გაკეთებული დასკვნის გაყალბება აღიარა. დაგვიზუსტეთ, როდის ან რა ვითარებაში ჩაიბარეთ მისგან "აღსარება?"

- მე მას ოდესაში, საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი, შემიძლია გვარიც დავასახელო, მაგრამ ამის დაწერა არაფრით არ შეიძლება. საუბარი შეეხო ჟვანიას საქმეს და იმას, რომ ეფ-ბი-აის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნაში, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთან არასწორადაც ითარგმნა. მოკლედ, ამ დასკვნაში ისიც წერია, რომ ბუნებრივი აირით გაგუდვას სიკვდილი მოჰყვა და ისიც, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ოდნავ განათლებულმა ადამიანმაც რომ წაიკითხოს, უმალვე მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსებით არის სავსე.

ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს ეფ-ბი-აიში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის მონაწილე. ამის დასამალად ეფ-ბი-აის ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი ზეწოლა მოახდინეს, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტიც იყო.

ეს იყო საკვანძო სიტყვა, სხვა დეტალები ეფ-ბი-აის ყოფილ თანამშრომელს ჩემთვის არ გაუმხელია. მე შევხვდი პროკურატურის თანამშრომლებს და ვიცი, რომ მუშაობენ ამ საქმეზე. მათ შეკითხვები გაუგზავნეს ეფ-ბი-აის წარმომადგენლებს იმ დასკვნიდან გამომდინარე, რაც საქმეზე დაიწერა. ვვარაუდობ, რომ იმ ტიპის "აღიარება", რაც მე ეფ-ბი-აის ყოფილი წარმომადგენლისგან მივიღე, პროკურატურას აუცილებლად ექნება. ვიცი, რომ არჩილ კბილაშვილის ვიზიტი ამერიკაში ამ საკითხსაც შეეხებოდა. მან ფაქტები წარადგინა...

ახლა იმაზეც გეტყვით, თუ რატომ დუმს ამერიკული მხარე. უპირველესად სურს, გაარკვიოს, რა პოლიტიკური კურსი უჭირავს ახალ ხელისუფლებას და თუ დარწმუნდა, რომ საგარეო ვექტორი უცვლელია, მაშინ შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს. ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო არჩევნების მერეა მოსალოდნელი. პროკურატურას დღესვე შეუძლია წერტილის დასმა ამ საქმისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობს, რადგან, ფაქტობრივად, დღეს ორხელისუფლებიანობაა და ეს საქმის გახსნასაც უშლის ხელს. ზოგიერთ პირს, რომლებიც დღეს კვლავ მაღალ თანამდებობაზე არიან, აქვს ინფორმაცია, მაგრამ ხელისუფლების ორივე მხარის ზეწოლას ვერ უძლებს და პირში წყალს იგუბებს.

დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ნამდვილად იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს და ეს მის უნებართვოდ არ მომხდარა. იქაურობა სპეცსამსახურის თანამშრომლებითაც იყო გაძეძგილი. მეტიც, თავად ჟვანიას დაცვის წევრები იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაჰკითხა პროკურატურამ. დანარჩენ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ."

იხილეთ სრულად