"ამერიკელმა სენატორმა მითხრა, საქართველოს იმედი ლევან ვასაძეაო" - კვირის პალიტრა

"ამერიკელმა სენატორმა მითხრა, საქართველოს იმედი ლევან ვასაძეაო"

"მიშა სააკაშვილს რენდი შუნემანის საშუალებით ნაყიდი ჰყავს მაკკეინის და რესპუბლიკელების მიმართულება, დიკ გეპჰარტის საშუალებით ე.წ. ბაიდენის მიმართულება, ტონი პპოდესტას საშუალებით კლინტონების ხაზი და ასე შემდეგ."

"მათ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაიქცეს და სააკაშვილი ისევ გაამართლონ."

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. რამდენად მყარია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ გაავრცელა? - სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან:

- იური ვაზაგაშვილის საქმე ასე მალე რომ გაიხსნა, ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია. ის, მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ უკვე დაასახელა, პირადად ჩემთვის, ლოგიკური და კარგად დასაბუთებულია. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, საქმეში დევს ბრალდებულის დნმ, რაც ყველაზე უტყუარი მტკიცებულებაა. იმედი მაქვს, რომ გიორგი ბადაშვილი ყველა გახმაურებული საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა უმეტესობას და მათ მოხრეებს მაინც ეჭვი შეაქვთ...

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საერთოდ უნდა მორჩნენ ლაპარაკს. ამხელა ცოდვები აქვთ აკიდებული და კიდევ ამდენს როგორ ბედავენ და ლაპარაკობენ?! სხვათა შორის, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრობლემაა ის, რომ წინა ხელისუფლება სტრუქტურულად ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოზიციებს და მათი ბევრი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, ხოლო ის ვინც არაა, საზოგადოებრივ დისკუსიებში ძალიან დიდი ადგილს იკავებს.

- ბატონო ირაკლი, თქვენ ბევრ მერიკელ ექსპერტსა და პოლიტიკოსს იცნობთ, რას ამბობენ ისინი ქართველების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნაზე?

- რა მათი საქმეა უკრაინაში ვინ სად დაინიშნება?! ამაზე უპირველესად უკრაინელებმა და ქართველებმა უნდა იფიქრონ. სხვათა შორის, უკრაინის ბევრი რიგითი მოქალაქე, რომელსაც ველაპარაკე, გაოგნებულია ამ სისულელეებით. ამ მითებით, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ბევრის გამკეთებელი ხალხია, ხალხს ტვინს ურეცხავენ. ეს ყველაფერი მოგონილია უბრალო უკრაინელების "დასაბოლებელბლად."

- ბევრგან იწერება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამერიკის კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს და ამიტომაც ვერ ხერხდება წინა ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დაკავება...

- ამერიკაში პოლიტიკოსები სხვადასხვანაირები არიან. მიშა სააკაშვილს რენდი შუნემანის საშუალებით ნაყიდი ჰყავს მაკკეინის და რესპუბლიკელების მიმართულება, დიკ გეპჰარტის საშუალებით ე.წ. ბაიდენის მიმართულება, ტონი პპოდესტას საშუალებით კლინტონების ხაზი და ასე შემდეგ. ეს არ არის ამერიკის ლობისტების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ფული, რომელსაც ამ ლობისტებს უხდიან, იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობითა და ადამიანების დამონებით ნაშოვნი ფულია. აქედან გამომდინარე, ახალმა ხელისუფლებამ ამერიკასთან ურთიერთობა ვერ დაალაგა კი არა, არ დაალაგა. ეს ერთი მხარეა, მაგრამ აქვე ჩნდება სხვა საკითხი, - თუ ურთიერთობას არ ალაგებ, მაშინ ნუ ჩარევ საკუთარ საქმეებში ნურავის. ამათ პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაიქცეს და სააკაშვილი ისევ გაამართლონ. ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა მითხრა, საქართველოს იმედი ლევან ვასაძეა და მეტი ვერავინ გამოასწორებს სიტუაციასო.

- თქვენც საქართველოს იმედად ლევან ვასაძეს მიიჩნევთ?

- მე სენატორების კომენტარის კომენტირებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, მით უფრო, რომ ლევანი ჩემი ახლო მეგობარია. ის ძალიან ღირსეული პიროვნებაა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ახალი სისხლია საჭირო. ქვეყნის სათავეში ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს ვისაც საქართველოზე გული შესტკივა.

- უზენაესის სასმართლოს თავმჯდომარობის ერთ-ერთ კანდიდატად თქვენი მეუღლე, ანა დოლიძე დასახელდა....

- ამ თემაზე, როგორც დაინტერესებული პირი, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან შეფასებაში ვიქნები სუბიექტური.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)