როგორ დასრულდება საგანელიძე-ქუცნაშვილის ორთაბრძოლა?! - არეულობა "ქართულ ოცნებაში" - კვირის პალიტრა

როგორ დასრულდება საგანელიძე-ქუცნაშვილის ორთაბრძოლა?! - არეულობა "ქართულ ოცნებაში"

"ზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები, მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა..."

"ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები და განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია დემოკრატია არ არის".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და იმავე უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს შორის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შედის - ორი პოლიტიკოსი ურთიერთდაპირისპირებას საჯარო გამოსვლებშიც აღარ მალავს. მეტიც, ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობის ლიდერის დელეგიტიმაციაზე ლაპარაკობს, დავით საგანელიძე კი, ამ უკანასკნელს ირიბად, მომავალში "ცხვირის წამტვრევით" ემუქრება. ამჯერად კონფლიქტის მიზეზი დავით საგანელიძისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეთანხმება გახდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკური წარსულის არმქონე პირი უნდა იყოს. ზაქარია ქუცნაშვილი კი, მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძვის - ის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კოტე კუბლაშვილის შემცვლელ კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის კონფლიქტი მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევით არ შემოიფარგლება - მათ შორის შავმა კატამ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე გაირბინა, შესაბამისად ბოლო წლების განმავლობაში მათი ფარული თუ ღია ორთაბრძოლის რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა.

რაუნდი I

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ზაქარია ქუცნაშვილი სოლოლაკის ბიზნესცენტრს ერთ-ერთი პირველი "ესტუმრა". თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლაში, ოპოზიციურ ფლანგზე ძლიერი ფიგურის გამოჩენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი გაერთიანება ყველა მოქმედ პოლიტიკოსს მაგნიტივით იზიდავდა და იმჟამად "მემარჯვენე" გენერალური მდივანი დავით საგანელიძეც მოულოდნელად "ქართული ოცნების" რიგებში აღმოჩნდა. როგორც მაშინ კულუარებში ამბობდნენ, ზაქარია ქუცნაშვილი დავით გამყრელიძის თანაგუნდელის "ოცნებაში" მიღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დავით საგანელიძე ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, საბოლოოდ, მაინც გახდა. I რაუნდი ზაქარია ქუცნაშვილის დამარცხებით დასრულდა.

რაუნდი II

ზაქარია ქუცნაშვილი და დავით საგანელიძე საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. მაშინ მაჟორიტარი დეპუტატები რეგიონებში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელობას თავად ითხოვდნენ, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელად დანიშნულმა დავით საგანელიძემ არათუ არ ანდო მათ ეს შტაბები, არამედ თბილისის გარეთ შეხვედრები, ფაქტობრივად, მაჟორიტარების გარეშე ჩაატარა. შეგახსენებეთ, მაშინ რამდენიმე დეპუტატმა დავით საგანელიძის გადაწყვეტილების გამო ბიძინა ივანიშვილთან "დაიჩივლა" კიდეც და ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს უმრავლესობის ლიდერის ქმედებებზე "საჩივრის წერილი" გაუგზავნა. როგორც იმჟამად ამბობდნენ, ბიძინა ივანიშვილისთვის ეპისტოლეს გაგზავნის ინიციატორი ზაქარია ქუცნაშვილი გახლდათ, მაგრამ მაშინდელმა პრემიერმა დავით საგანელიძის პოზიცია დაიკავა და დეპუტატებს წერილისთვის უსაყვედურა, ქუცნაშვილს კი პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოუწია. ქუცნაშვილი ისევ დამარცხდა...

რაუნდი III

არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩაუვლია ზაქარია ქუცნაშვილისა და დავით საგანელიძის კონფლიქტის გარეშე. ამჯერადაც მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მუნიციპალიტეტების გამგებლების კანდიდატურებად მათი პროტეჟეები უნდა დასახელებულიყვნენ, მათ შორის იყო თიანეთის რაიონის მაჟორიტარი ზაქარია ქუცნაშვილიც. დავით საგანაელიძე ისევ წინააღმდეგი წავიდა და თიანეთის გამგებლის პოსტზე ზაქარია ქუცნაშვილის მიერ შერჩეულ ლელა ქიტესაშვილის კანდიდატურას "ბლოკავდა". თუმცა ამჯერად, რაუნდი თიანეთის მაჟორიტარის გამარჯვებით დასრულდა და ლელა ქიტესაშვილი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებით თიანეთის გამგებელი გახდა.

რაუნდი IV

თუ წინა შემთხვევებში დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირება მეტნაკლებად "ფარდის მიღმა" წყდებოდა, ორ პოლიტიკოსს შორის კონფლიქტმა კულუარები დატოვა და ახლა საზოგადოება უკვე მათ ურთიერთლანძღვას ისმენს. დავით საგანელიძემ კოლეგის განცხადებებს სისულელები უწოდა: "სამწუხაროდ, ზაქარია ქუცნაშვილს იმდენად უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, ხშირ შემთხვევაში თავის თავს აძლევს უფლებას, თქვას იმდენი სიცრუე და სისულელე, რომ თავად ვარდება მძიმე სიტუაციაში... ზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები , მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა... მოვისმინე ზაქარია ქუცნაშვილისგან, მოდი ვიტყვი, თავხედურად ნათქვამი, რომ უმრავლესობის ლიდერი საკუთარ თავს აძლევს უფლებას და პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ელაპარაკა. ის ახალგაზრდა კაცია და მეტი დაფიქირება, თავშეკავება, გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს, იმიტომ, რომ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს." მისივე განმარტებით, "მორალურ საქციელზე ზოგს პასუხიც მოეკითხება". საგანელიძის განცხადებებზე ზაქარია ქუცნაშვილის პასუხმაც არ დააყოვნა: "ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები და განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია დემოკრატია არ არის".

პ.ს. ყოველივე ეს კარგად აჩვენებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი კარგად ნამდვილად ვერ არის და გავლენათა გადანაწილებისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის, რაც კულმინაციას ალბათ უკვე წინასაარჩვენოდ მიაღწევს. სავარაუდოდ, კითხვას - როგორ დასრულდება დავით საგანელიძესა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის ორთაბრძოლა, პასუხი მაშინ გაეცემა... აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ისიც, ამეჯერად ვის სიმართლეს დაიჯერებს ბიძინა ივანიშვილი...

რუსუდან შელია (პეციალურად საიტისთვის)