ივანიშვილის დაანონსებულ ფილმში შევარდნაძის როლზე ენტონი ჰოპკინსს მოიწვევენ? - კვირის პალიტრა

ივანიშვილის დაანონსებულ ფილმში შევარდნაძის როლზე ენტონი ჰოპკინსს მოიწვევენ?

"ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, სააკაშვილი და მთელი მათი მოდგმა ამ ვერისას იმიტომ ავრცელებდა, რომ ზურას ოჯახს მისი გარდაცვალების მიზეზებზე ლაპარაკი არ გაებედა."

"სამ ომში ვარ ნამყოფი და ძალიან კარგად ვხვდები, ეს სოსანაშვილი რისი გამკეთებელი იყო და რისი - არა."

არ წყდება მითქმა-მოთქმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ 200-სერიან მხატვრულ ფილმზე "9+1", რომელსაც, სავარაუდოდ, რეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაიღებს. მოგეხსნებათ, ბატონი გოგა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა.

- ბატონო გოგა, ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემა...

- "ნაციონალებმა" ზურას გარდაცვალებისთანავე აიჩემეს ეს ბინძური და ცრუ ვერსია და ამას ავრცელებენ დღესაც. მისი გარდცვალების პირველი დღიდან ამ ამაზრზენ სიცრუეზე ლაპარაკობენ და თან იძახიან, რომ თითქოს და ამაზე ლაპარაკი არ უნდათ. სინამდვილეში კი, ამ ცრუ ვერსიის პროპაგანდისთვის ყველაფერს აკეთებენ. ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, სააკაშვილი და მთელი მათი მოდგმა ამ ვერისას იმიტომ ავრცელებდა, რომ ზურას ოჯახს მისი გარდაცვალების მიზეზებზე ლაპარაკი არ გაებედა . ზურას მეუღლისა და ძმის პოზიციები, წლების განმავლობაში სიმართლისთვის ბრძოლა, მართლაც გმირობის ტოლფასია.

- პროკურატურამ ძალიან სწრაფად მოახერხა და დააკავა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, თუმცა საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა. თქვენ რამდენად ენდობით პროკურატურის პოზიციას?

- კითხვების უმეტესობა უჩნდებათ "ნაციონალებს," რომელთა აზრიც საერთოდ არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, მაგათ საერთოდ ვერ ვხედავ, ჩემთვის ეგ ხალხი გამჭირვალეა და არ ჩანს. რა ეჭვები გაუჩნდათ, ძალიან მაინტერესებს,სამ ომში ვარ ნამყოფი და ძალიან კარგად ვხვდები, ეს სოსანაშვილი რისი გამკეთებელი იყო და რისი - არა. ერთი წუთითაც არ შეიძლება პროკურატურის ვერსიაში ეჭვის შეტანა. დადასტურებულია, რომ სოსანაშვილი მხოლოდ შემსრულებელია, მთავარია, რომ ახლა დამკვეთების ვინაობა გახდეს ცნობილი, თუმცა ჩემთვის მაინცდამაინც დიდი ახსნა არ ჭირდება ეს ვისი დაკვეთა იქნებოდა.

- თქვენი აზრით, ვისი ინტერესი იქნებოდა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი?

- უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ და პირდაპირ ხელს არავის დავადებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს უნდოდათ იმ ხალხს, ვინც წლების განმავლობაში ძალადობდა, ტერორისტობდა და წამლავდა ამ ქვეყანასა და საზოგადოებას.

- ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანად მართავს...

- ამას ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლბესაც არც სინდისი ჰყოფნით და არც მადლიერება იმისთვის, რომ როგორც მათ პირად ცხოვრებაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის შეტანილი ღვაწლი დააფასონ. ვინც ამას ამბობს, ცდილობს ამ სულელური მოსაზრებით საკუთარი უმოქმედობა გაამართლოს.

- ბატონო გოგა, რა ხდება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანოსნებულ ფილმთან დაკავაშირებით?

- ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვერაფერს გეტყვით, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება ყველაფერი, მერე ვილაპარაკებ...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედუარდ შევარდნაძის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს...

- რატომაც არა, პირადად მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, მეტიც, ძალიან მინდა ამ ფილმში ენტონი ჰოპკინსმა ითამაშოს...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)