ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ! - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!

"ალასანიასთან სხვა პრეტენზიებიც მქონდა, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი..."

"საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს"

"კითხვები თუ არსებობს, მათი დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვუერთდები ამ კითხვებს და იმ ტენდერებთან დაკავშირებით, სადაც ეჭვები იქნება, ეკონომიკურ გუნდსაც შევქმნით, რომ გამოვიკვლიოთ"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებასა თუ პოლიტელიტაში დიდი გამოხმაურება აქვს. ბოლო დროს დაგროვილ აქტუალურ საკითხებზე ყოფილი პრემიერის მოსაზრებები საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ვაზაგაშვილების თემით დავიწყეთ:

- იური ვაზაგაშვილი თქვენთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შვილის საფლავზე ააფეთქეს. გავრცელდა ვერსია, რომ სწორედ ამან შეაშინა ხალხი, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში იყო გარეული. ასევე, ითქვა, რომ ვაზაგაშვილთან შეხვედრისას თქვენსა და შსს-ს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შორის მძიმე საუბარი შედგა - თქვენ კატეგორიულად მოითხოვეთ იმ ხალხის სამსახურიდან გაშვება, რომლებიც, სავარაუდოდ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ.

- ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო. ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს.

ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან.

- საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს მოქმედი პოლიციელი სოსანაშვილი. ჩნდება კითხვა: კიდევ რამდენი "სოსანაშვილი" შეიძლება იყოს სამართალდამცავ უწყებებში? თქვენ ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ?

- როგორც საზოგადოება, ისე მეც განვიცდი ამას. ამ საკითხს პროკურატურა და შსს-ც აცნობიერებენ და ყველაფერს აკეთებენ. ის, რაც გაკეთდა ბოლო ორ წელიწადში, პოზიტიურად მიმაჩნია. იყო შეცდომები და ეს მომავალშიც იქნება - შეცდომების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი "ძველებურად აღზრდილი" პოლიციელები. ვგულისხმობ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა - არ შეიძლება, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა, ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ის პირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ.

- ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურასთან პრეტენზიები აქვს საზოგადოების ერთ ნაწილს. კერძოდ, მათი თქმით, ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობისას იყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნისთვის საჭირო ყველა სამხილი, მაგრამ საქმე გაჭიანურდა. ისინი სვამენ კითხვას - მაინცდამაინც მამა უნდა მოეკლათ შვილის საფლავზე, საქმე რომ გახსნილიყოო?

- საუბედუროდ, მამის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას. როგორც ვთქვი, იური ვაზაგაშვილი კმაყოფილი იყო პროკურატურის მუშაობით და ელოდა საქმის გახსნას. ჩემთვის წარმოუდგენელია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთის მიზნის არსი. რისი მიღწევა სურდა? ამას მხოლოდ იმით ვხსნი, რომ დამკვეთს დაავადებული ფსიქიკა აქვს.

- შურისძიება?

- მამას შვილი მოუკლეს და კიდევ მასზე იძიეს შური? ასეთი რამ თავში მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულს მოუვა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება კბილაშვილის დროს დაიწყო და მას ხანგრძლივი დრო დასჭირდა, ამას ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. თქვენ გახსოვთ, როგორი პროკურატურა ჩაიბარა კბილაშვილმა და მან ბევრიც გააკეთა, მას შემდეგ ორი მთავარი პროკურორი გამოიცვალა და, ჩემი აზრით, დღეს პროკურატურა კვალიფიკაციითა და ხარისხით სრულიად განსხვავდება წინა პერიოდისგან და ისწრაფვის სრულყოფისკენ. ის, რომ პროკურატურას აკრიტიკებენ, ამას კარგი ანალიზი სჭირდება. ადრე პროკურატურა იმ დასკვნას წერდა, რასაც სააკაშვილი ან ადეიშვილი დაუკვეთდნენ, სასამართლო კი ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. ასეთ მუშაობას მაღალი კვალიფიკაცია არ სჭირდება. დღეს პრინციპულად სხვა ვითარებაა, მთავრობა აღარ ძალადობს სასამართლოზე, სასამართლომაც თამასა მაღლა ასწია და პროკურატურის თანამშრომლებს მუშაობის პროცესშივე მოუწიათ კვალიფიკაციის ამაღლებამ. დღეს მთავარი ის არის, რომ მიდგომა შეიცვალა - არც ერთი საქმის თაროზე შემოდება და მიფუჩეჩება არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება კი მარტივი არ არის. Pპროკურატურა სწორ გზაზეა და ამას უნდა მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება და ტრაგიკული სურათების დახატვა საჭირო არ არის.

- მინდა გკითხოთ ჟვანიას საქმეზეც. ბოლო პერიოდში ყოფილმა მაღალჩინოსნებმა წინა პლანზე წამოსწიეს ე.წ. დელიკატური თემების საკითხი, რომელთა გასაჯაროებით, მათი თქმით,  ჟვანიას ხსოვნას ჩრდილი მიადგებოდა და ამით ხსნიდნენ ეფ-ბი-აის დასკვნის გაუსაჯაროებლობას. თუმცა, ოჯახი ამას სიბინძურესა და პროვოკაციას უწოდებს. ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება თქვენი პრემიერობის დროს დაიწყო. მაშინ გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ ეს საქმე მალე გაიხსნებოდა და ასეთი მოლოდინი გაქვთ თუ არა დღესაც?

- მოლოდინიც მაქვს და სურვილიც, რომ ჟვანიას საქმე გაიხსნას. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. პროკურატურისა და მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არის ეჭვი - ქვეყნის პრემიერი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილების საქმეში. ეს ეჭვი ან უნდა დამტკიცდეს, ან გაქარწყლდეს. პროკურატურის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამაღლდა და მას ხელეწიფება, ჟვანიას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს აჟიოტაჟი, რაც მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ზე, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ზოგიერთი ძალიან შეშფოთდა. აქცენტების გადატანა სურთ. წინა პლანზე წამოსწიეს სექსუალური ორიენტაციის თემა (რაც მიუღებელია), არადა, თავად ამბობენ, რომ სუპერლიბერალები არიან. ამას აკეთებს "რუსთავი 2", რომელიც, სინამდვილეში, აგიტაციის მანქანაა და ღმერთმა მოახმაროს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ მიმართულებით წაიყვანეს საკითხი, რაც დამატებით ეჭვებს და კითხვებს აჩენს, რამდენად სცემს პატივს "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებებს ("რუსთავი 2" "ნაციონალების" ნაწილად მიმაჩნია). ა

ქვე ხაზს ვუსვამ - არანაირი პრეტენზია არა მაქვს "რუსთავი 2"-თან, რაც უნდა, ის ულაპარაკია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია "წავიკითხოთ" მათი ქმედებები. აქცენტებს თავიანთ გამომძიებლებისა და ექსპერტების ქმედებებზე კი არ აკეთებენ, არამედ ეფ-ბი-აის დასკვნაზე. მე მგონია, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია შეიქმნა, როგორიც იყო ვაზაგაშვილის საქმეზე. ვაზაგაშვილთან დაკავშირებით იგრძნეს, რომ ვერ გადარჩებოდნენ და ახალი უბედურება ჩაიდინეს. ჟვანიას საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით, ერთი მხრივ, ცდილობენ ვაზაგაშვილის საქმის გადაფარვას, მეორე მხრივ კი შეშფოთებული არიან - ეშინიათ, ჟვანიას საქმის გამოძიებაც მსგავსად არ დასრულდეს. ეს კი საზოგადოებაში აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ ჟვანია მოკლეს.

- დამკვეთზე გავა პროკურატურა?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვინ შეიძლება იყოს ეს პირი?! როგორც "ვერის უბნის მელოდიებშია",–ამ უბანში ვინ შეიძლება ქურქის მყიდველი იყოსო. თუმცა, მეტს ვერ ვიტყვი. პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა პატივისცემას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლიდერები.

- თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. როგორ ფიქრობთ, ეს ნარმანიას საკადრო შეცდომაა?

- სამწუხაროა, რაც მოხდა. მეორე მხრივ, კარგია, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს ასეთ ფაქტებზე შესაბამისი რეაქცია აქვს. საზოგადოდ, საკადრო პოლიტიკა მარტივი არ არის. ზოგჯერ, როცა გგონია, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე, ის მცდარი აღმოჩნდება. არა მგონია, ნარმანიამ საკადრო კუთხით რაღაც საოცარი შეცდომები დაუშვა. საერთოდ, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, კადრების საკითხი პრობლემურია, რადგან თავად კადრების კვალიფიკაციის საკითხია პრობლემური. საჯარო მოხელეების შერჩევა არ არის მარტივი. ვიმეორებ, ცუდია, რაც მერიაში მოხდა, მაგრამ კარგია, რომ გამოამჟღავნეს. თუ მერიაში ტრაგიკული საკადრო შეცდომებია და ეს რაღაც კონვეიერის სახეს მიიღებს, ნარმანიას მიმართ კითხვები დაისმება. თუმცა, ეს პირველი ფაქტია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

- საზოგადოებაში დაისვა კითხვა - ამხელა ქრთამს რომ იღებდა (გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება 180 ათას დოლარს), "ზემოთ" ხომ არ უნდა აეტანა და უკვე ჩამოყალიბებულ კორუფციულ სქემასთან ხომ არ გვაქვს საქმეო?

- კარგი კითხვაა, დიახ, საზოგადოებას ეს აშფოთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მთავრობაში ასეთი რამ არ ხდება, ეს არ არის სისტემური და დღევანდელ ხელისუფლებაში კორუფციული სისტემა არ არსებობს. ნარმანიას პატიოსნებაში კი ეჭვი არ მეპარება.

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ კორუფციული სისტემა არ არსებობს?

- ეს ყველაფერი ჩანს. სისტემური კორუფციის მაგალითს თქვენ ვერ ნახავთ. ამაში ჩემი წვლილიცაა, რადგან

პრემიერობისას, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო - არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. და ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა. ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს დღეს საქართველოს.

იყო კითხვებიც ღარიბაშვილთან. საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს. მაგალითად, ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი და ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს. მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის. ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა. (იხილეთ ვიდეო)

ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა, საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება. მე ღარიბაშვილს, სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი, ვუთხარი, რომ ასეთი პრობლემები ექნებოდა. ყველა ქართველს ჰყავს ნათესავები და ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ, მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა, თუ ნათესავი მინისტრი ან მით უმეტეს, პრემიერი ჰყავთ. დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს. თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვაპირებთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევებისა და ფილმების გაკეთებას.

მუდმივად გამოძიების პროცესში ვიქნებით. შევქმნით სპეციალურ საიტს, მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები და ყველას მოვუსმენთ, ვისაც ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზია ან ინფორმაცია ექნება. შედეგებს კი საზოგადოებას გავაცნობთ. ხაზს ვუსვამ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს ძალიან კარგად გაართვა თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო. ყველას ახსოვს, როგორი პოლიცია ჩაიბარა მან. A ვფიქრობ, ღირსეული "მემკვიდრე" დავტოვე ღარიბაშვილის სახით და თუნდაც ამიტომ იმავე სისტემურ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება. მთავარია, საზოგადოება იყოს თავის ადგილზე და გასწიოს კონტროლი. დღეს მთავრობა არის გამჭვირვალე, ითვალისწინებს საზოგადოების შენიშვნებს, თუ შეცდომები მოსდის, ასწორებს. Iიდეალური არავინ არის, მაგრამ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად არის შერჩეული, რომელსაც ღირსეული პრემიერი ხელმძღვანელობს.

- ხშირად გვიკავშირდებიან რეგიონებიდან და თითქმის ყველგან ერთნაირი გასაჭირი აქვთ. ჩივიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უინიციატივოა, არ ხვდება მოსახლეობას და ნაკლებად უსმენს მათ პრობლემებს, მაჟორიტარი დეპუტატები ლამის ფეოდალებად არიან გადაქცეულნი. გარდა ამისა, გავრცელებულია ე.წ. ტენდერომანია - ფული გამოყოფილია და ხშირად საქმე არ კეთდება, ან თუ კეთდება, ზერელედ.

- თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ ისტორიას მიყვებით და ამიტომ ვერ დაგეთანხმებით. თუმცა, ჩვენც ჩავერთვებით ტენდერების კვლევაში. კითხვები თუ არსებობს, მათი დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, ობიექტურია. მეც ვუერთდები ამ კითხვებს და იმ ტენდერებთან დაკავშირებით, სადაც ეჭვები იქნება, ეკონომიკურ გუნდსაც შევქმნით, რომ გამოვიკვლიოთ. ვერ დაგეთანხმებით, რომ ფეოდალებად გადაიქცნენ დეპუტატები. მაგრამ, შესაძლოა, გარკვეული გამოვლინებები იყოს. ჩემი პრემიერობის დროსაც ზოგიერთ დეპუტატთან ამაზე მკაცრად მისაუბრია. თუმცა, ამას საგანგაშო მასშტაბი არ ექნება. ისევ და ისევ ადგილობრივ თვითმმართველობაზე გავამახვილებდი ყურადღებას - მმართველობა ადგილებზე უნდა გადავიტანოთ, გამგებლებს მეტი უფლებები უნდა მივცეთ და ეს ზემოდან ვერტიკალით არ უნდა იყოს გამყარებული. ეს პროცესი დაწყებულია და ამან შესაძლოა, გარკვეულწილად დააზიანოს ის ვერტიკალი, რომელიც თუნდაც შარშან არსებობდა. შესაძლოა, რეგიონებში არსებობს საკადრო პრობლემები.

გადამწყვეტი ფუნქცია და როლი ისევ და ისევ საზოგადოების ორგანიზებულობას აქვს, რაშიც მეც მინდა წვლილი შევიტანო. საზოგადოების კონტროლი ყველგან და ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. ეს გაუადვილებს წესიერ მთავრობასა და პრემიერს, უფრო ეფექტური იყვნენ და ყველას დაუკარგონ იმის ილუზია, რომ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ამბავი განმეორდება. ჩვენ ხარისხის გაზრდა გვინდა. ამაში თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ტელეპროექტი "20/30", რათა საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული, პროცესებში ბოლომდე ჩართული იყოს და რამე არ გამოგვეპაროს. თორემ ერთხელ გამოგვეპარა, თვალი დავხუჭეთ და მივიღეთ შედეგი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ხელმძღვანელის სახით. თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას. საბოლოოდ კი ჩვენ უნდა მივიღოთ ევროპული სახელმწიფო და ამის მაქსიმალური ვადაა 2030 წელს. ამისთვის კი თითოეული მოქალაქის ძალისხმევაა საჭირო, თვალი არ უნდა მოვხუჭოთ.

- პროექტი "20/30" ახსენეთ. რას ელოდებით ამ პროექტისგან და რას შეცვლის ის საზოგადოებაში, თუნდაც საინფორმაციო სივრცეში?

- დიახ, მე და ჩემს გუნდს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. გვინდა შევცვალოთ დღის წესრიგი, რომელსაც დღეს "რუსთავი 2" ადგენს. ეს ტელეკომპანია "ნაციონალური მოძრაობის" აგიტმანქანაა და ხაზს ვუსვამ - არანაირი პრეტენზია არა მაქვს. თავის დროზე "რეალ.ტვ" იყო ჩემი "სპარინგპარტნიორი" და მე კარგად ვაჩვენებდი საზოგადოებას რეალობას. დღეს "რუსთავი 2" გაფართოებულ "რეალ.ტვ"-ს წარმოადგენს და მას სიამოვნებით გავიხდიდი "სპარინგპარტნიორად". სიცრუეს სიმართლით დავაბალანსებთ, დღის წესრიგის შეცვლას მოვახერხებთ და თუნდაც ერთი ტელეპროექტით არ მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება სიცრუესა და ვირტუალურ რეალობაში აცხოვრონ. ადრე ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას, რომ ყველაფერი კარგად არის, დღეს კი ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანა იქცევა.

სხვათა შორის, დღეს, როდესაც მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია, ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას მედიის დაჩაგვრა სურს. მათ შორის ექსპერტებიც. რაც უნდათ, ის ილაპარაკონ. როდესაც ვამბობ, რომ ზოგიერთი ექსპერტის შეფასებები შესაძლოა, სიცრუე იყოს და ამაზე რეაგირება გვექნება, ამბობენ, როგორ ბედავსო. მედიაზე იტყვი რამეს და, არიქა, თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლააო. Aარადა, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც მედიასთან შეხება არა აქვს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ეს ასეც უნდა იყოს. ექსპერტებთან კი პრეტენზია მაქვს და მექნება, რადგან ექსპერტობაზე დებენ თავს და ცრუანალიზს აკეთებენ. მათ ამაზე რომ მივუთითებ, რატომღაც ძალადობად თვლიან. აAსე, "რუსთავი 2"-მაც შეიძლება ჩათვალოს ის ძალადობად, რომ მათ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ, ცრუანალიზს კი ობიექტური ანალიზით ვუპასუხებთ და ეს მიუღებლად რატომ მიაჩნიათ და რატომ ამტვრევენ ღია კარებს?!  რაღაც ორგანიზაცია დაფუძნებულა, რომელსაც რატომღაც მე მომაწერენ.…

- დიახ, "დემოკრატიის ჟანგბადი", რომელმაც ექსპერტებს ჩV-ების გაგზავნა მოსთხოვა.

- ეს ორგანიზაცია მე მომაწერეს და ატეხეს ამბავი - ივანიშვილი თავისუფალ სიტყვას ებრძვისო. ამ ესპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! კრიტიკა უნდა აიტანონ. დღეს მეც ბევრი მაკრიტიკებს და მე თუ ვიტან, მათ რატომ არ უნდა აიტანონ?!

- განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა თქვენს განცხადებას, რომლის თანახმად, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესახებ კვლევა უნდა ჩატარდეს.

- მე ვთქვი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან გვაქვს კითხვები და ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი მოჰყვა. 52-მა არასამთავრობომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ თითქოს მე სამოქალაქო სექტორის განადგურება მინდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ექსპერტს დაირქმევენ, არასამთავრობოს თუ პოლიტიკოსს, მოხდება მათი პოზიციების გადამოწმება, ხომ არ ცრუობენ, რამდენად ობიექტურები არიან და ა.შ. თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. (იხილეთ ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდეს, მიიღოს პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, მაგრამ ეს საჯაროდ თქვას. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. შემდეგ უკვე მათი ნებაა - უნდათ გასცემენ პასუხს, უნდათ - არა. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - იქნება ეს "სიდა" თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან არ გასცენ და მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა.

- თუმცა, იმ არასამთავრობოების გულშემატკივრებმა, რომლებიც თქვენ გააკრიტიკეთ, შეგახსენეს, რომ 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება "ქართული ოცნების" აქტივისტებს ავიწროებდა, ზემოხსენებული ორგანიზაციები მათ უფლებებს კბილებით იცავდნენ.

- მადლობა ამისთვის. თუმცა, როდესაც ადრე ვინმეს კბილებით იცავდი, დღეს კი ცრუობ და ამაზე მიგანიშნებენ, ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვა. გGვაქვს შეკითხვები და ამ შეკითხვებს არგუმენტირებულად დავსვამთ. მაგალითად, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა იქცევა და კრიმინალი გაიზარდა, ზოგიერთი, რომელიც, წესით, სულ სხვა საქმით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ამ სიცრუეს ამყარებდა. ვიმეორებ - ყველას, ვინც მე დავასახელე, აქვთ უფლება, უყვარდეთ "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, ეს უნდა თქვან პირდაპირ და სასაცილოდ ნუ იხდიან თავს, როდესაც ამბობენ, თითქოს ივანიშვილი არასამთავრობოებზე ზეწოლას ახდენს. რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ და ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ და თუ ამას ვერ გააკეთებენ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ.

- თქვენი ტელეინტერვიუდან მეორე დღეს, როდესაც თქვით, რომ ლარი ჯანსაღია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სიტუაცია რთულია და მონეტარული პოლიტიკა უნდა გავამკაცროთო. სხვათა შორის, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მიიჩნევს, რომ ლართან დაკავშირებით თქვენ სპეციალურად გააკეთეთ ზემოხსენებული განცხადება, რათა პანიკა არ დაწყებულიყო.

-  გადაჭარბებული არაფერი მითქვამს, თუმცა, ოპტიმიზმი, ალბათ, ზედმეტად იყო ჩადებული ჩემს განცხადებაში, რადგან პანიკა და აჟიოტაჟი ლარს დააზარალებს. დღესაც ვიმეორებ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით. ეEროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რაც მე ვთქვი - ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე. ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე, სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს ზეგავლენას - რეგიონში არსებული მძაფრი სიტუაცია მაქვს მხედველობაში. დDოლარი გამყარდა გლობალურ ეკონომიკაში, უკრაინასა და რუსეთში რთული მდგომარეობაა, ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების ოდენობა (მათ გაუჭირდათ იმ ქვეყნებში, სადაც არიან), შემცირდა ტურიზმი. ამას ორი მიზეზი აქვს - ზოგადად რეგიონში ეკონომიკური დაღმასვლა ტურიზმს ამცირებს, მეორეც, ვფიქრობ, თავის დროზე, შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბევრ ქვეყანასთან აბსოლუტურად გაუაზრებლად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი. (იხილეთ ვიდეო)

- დავაზუსტებ - საზოგადოება აღაშფოთა თქვენმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც, მოსახლეობამ ბანკთან ურთიერთობისას კონსულტანტები უნდა აიყვანოს. როცა მოქალაქე იპოთეკურ სესხში სახლს დებს და სულ რაღაც 20.000 დოლარი გამოაქვს, კონსულტანტის დაქირავება რეალურია? ან პენსიონერმა კონსულტანტი როგორ უნდა დაიქირაოს?

- ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს და დღესაც ვიმეორებ: კრედიტს პენსიონერი იღებს თუ პროფესიონალი ბიზნესმენი,  ვალუტის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ცალკე  სპეციალობაა.  სპეციალისტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი სულაც არ არის...

- კონსულტანტის დაქირავება დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული?

- აქ სხვა რამეზეა საუბარი. ბანკის სპეციალისტები ვალდებული არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა, მოგვიანებით, როცა საქმე სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდნენ. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია. მინიშნება კი ამაზე შეურაცხმყოფელი არ არის. რაც შეეხება ლარის კურსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ტრაგიკული არაფერი ხდება.

ყველა ვალუტა მეტ-ნაკლებად მერყეობს. მაგალითად, შვეიცარიული ფრანკი ევროსთან მიმართებაში 35%-ზე მეტით გაუფასურდა და ვისაც კრედიტი ჰქონდა აღებული, საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, განმარტებები გააკეთოს და შესაბამისადაც იმოქმედოს, მაგრამ მცდარია მოსაზრება, თითქოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია.

- უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. უკვე თავად უკრაინელი ჟურნალისტები ნახევრად ირონიით წერენ, "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოდან წავიდა და უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდაო. მათივე ცნობით, ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლების არაფორმალური მრჩეველია.

- სამწუხაროა, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. წუხილს იმის გამო გამოვთქვამ, რომ პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. თუმცა, ამაშიც ტრაგიკული არაფერია. (იხილეთ ვიდეო) უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მაქსიმალურად დავეხმაროთ.  ქართველებისთვის შემაშფოთებელი სხვა რამ უნდა იყოს. მეგობარმა მითხრა,  აქედან კი გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს შეიძლება ვეღარ გაასწრონო. 2008 წლის ტრაგედიაში სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ. ეს სახიფათოა. ერთი მხრივ, უკრაინაა ცოდო, ჩვენი მეგობარია, მეორე მხრივ, ქართველობა - თუ ძველი ხელწერით გააგრძელეს უკრაინაში მოქმედება (არადა, მათ სხვა ხელწერა არ იციან), უკრაინელებს მწვავე რეაქცია ექნებათ და არსებობს საფრთხე,  ქართველებზეც გადმოვიდეს ეს აგრესია. მატყუარა სააკაშვილი ტელევიზორში ზის და იქ ათას სისულელეს ამბობს. დიდი ხანია აღარც ვუსმენ და მის ნათქვამებს არც ვკითხულობ. თუმცა, შეიძლება მისი რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს. ადეიშვილზეც იგივე ითქმის. თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა, გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ.

- რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ვერსიას, რომ სააკაშვილი არეულობას გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში?!

- საქართველოს მოსახლეობა მინდა დავამშვიდო - მათ  საამისო რესურსი არ გააჩნიათ. არეულობის მოწყობის მცდელობა და სურვილი რომ აქვთ, ეჭვი არავის ეპარება. მათი პროპაგანდის ორწლიან ანალიზსაც გავაკეთებთ და გაჩვენებთ, რომ იმავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები როგორ ცდილობენ საზოგადოებისთვის სწორედ ცრუ ინფორმაციის მასირებულად მიწოდებას - თითქოს ეკონომიკა ინგრევა, იზრდება კრიმინალი და ა.შ. ეტაპებად დაყოფილს გაჩვენებთ, როგორ მუშაობდა აგიტაციის მანქანა, რომლის მიზანი ერთია - როგორმე საქართველოში ეკონომიკა დაინგრეს. ღმერთმა ნუ ქნას არეულობა, ეს ვერც მოხდება, თუმცა, არეულობის შემთხვევაშიც "ნაციონალებს" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი მაინც არა აქვთ. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ, სააკაშვილს მეორედ თავზე არ დაისვამენ - ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. არეულობის მოწყობასაც ვერ მოახერხებენ,  რადგან აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება გვყავს, "ნაციონალებს" არა აქვთ არეულობის გამოსაწვევი რესურსი. თუმცა, ვიმეორებ, სურვილი აქვთ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს, მაგრამ ვერ მიაღწევენ, საზოგადოება ტყუილად ნუ შფოთავს. ახლა უკრაინაში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, ვისურვოთ, რომ იქ მოვლენები პოზიტიურად განვითარდეს. (იხილეთ ვიდეო)

- ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიამ გაგაკრიტიკათ - "კაბელების საქმეზე" დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები არიანო. მისივე თქმით,  პრემიერობისას იმის გამო აითვალწუნეთ, რომ კონკურენტად აღიქვამდით.

- ჰო, შემეშინდა კონკურენციის და, ალბათ, ამიტომ წამოვედი პრემიერის თანამდებობიდან! (იხილეთ ვიდეო)

- ისიც განაცხადა, როცა თქვენ პრემიერის თანამდებობა დატოვეთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილის მეშვეობით მიბლოკავდაო. ასევე, ალასანია ტელედებატებში გიწვევთ.

- სამწუხაროა, რომ ირაკლი ალასანია და მისი პარტია ნელ-ნელა არგუმენტებზე უარს ამბობენ და“მათი გამონათქვამები "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას ემსგავსება. პირადი პატიმრებიო, რომ ამბობენ, რა მქონდა ირაკლი ალასანიასთან პირადული? კონკურენტად რომ აღვიქვამდი, ამ განცხადებას მხოლოდ იუმორით თუ ვუპასუხებ - კონკურენტის იმდენად მეშინოდა, რომ თანამდებობა სწრაფად დავტოვე?! რამდენად საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის და რამდენად ვეჭიდავებოდი პრემიერობას, ეს ჩემი ქმედებებით კარგად აიხსნება. თანაგუნდელებმა და მთავრობის წევრებმა კარგად იციან, ალასანიას რისთვის ვაკრიტიკებდი. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზეც მკითხეს, ჯარში ჯარისკაცები სისტემატურად იწამლებიანო. მაშინ საჯაროდ დავპირდი, პროკურატურას დავავალებ გამოძიებას-მეთქი.

ამის შემდეგ მთავრობის სხდომაზეც რამდენჯერმე ვთქვი და ალასანიას ისე მივანიშნე, რომ პროკურატურისგან არაფერი მომითხოვია. ისევ ალასანიას ვეუბნებოდი, როგორმე მოახერხე, შენ გყავს შენი ჯგუფი და თუ ძმა ხარ, როგორც შეგიძლია, ვითარება იქნებ დაალაგო-მეთქი. ეს იყო ჩემი პოზიცია - მუდმივად თხოვნის პოზიციაში ვიყავი, რომ როგორმე კოალიცია არ დამერღვია და დამოკიდებულება შემენარჩუნებინა. სამი ტენდერიდან სამივე ჩააგდო და ისევ ძველი კომპანია დატოვა. არ ვიცი, გამოძიება რა დონეზე მიდის, მაგრამ ჩემი პრემიერობისა და ალასანიას მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტროში რეალური ტენდერითა და მოწვეული კომპანიებით კვების პროდუქტებით მომარაგება არ მომხდარა და მუდმივად ისმოდა, რომ ჯარისკაცები იწამლებიან.  თუმცა, მასთან სხვა პრეტენზიებიც მქონდა, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მაინც ყველაზე დასანანი ის არის, რომ მისი განცხადებები უსაფუძვლო და უარგუმენტოა. არც ერთი ჟურნალისტი არ სთხოვს დაკონკრეტებას, რა პირადი შუღლი მაქვს მასთან, თუმცა, ახლა აუხსნია, კონკურენციის ეშინოდაო. ეს იმდენად სასაცილოა!.. (იხილეთ ვიდეო)

რაც შეეხება ალასანიასთან დებატებს, დიდი ხანია, ნათელაშვილი დებატებში მიწვევს, თუმცა, ყოველთვის ვაცხადებ, რომ უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ, არათანამიმდევრულ და გაკოტრებულ პოლიტიკოსს აღარ ვპასუხობ. ამ შემთხვევაში ალასანიასთან პარალელს არ ვავლებ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ისიც არგუმენტების გარეშე საუბრობს, რაზეც მის თანაგუნდელებს რეაქცია არა აქვთ. "ნაციონალები" უარესს მიწოდებდნენ, მაგრამ ჩემთვის ის იქნება  სამწუხარო, რომ ამ პარტიამ ("თავისუფალი დემოკრატები") რეიტინგი დაკარგოს. ამ პარტიაში ბევრი ღირსეული ადამიანია, თავად ალასანიასაც კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მცდარი გზით წავიდნენ. სამწუხაროა, რომ ყოფილი თანაგუნდელები ლოგიკას აღარ აქცევენ მნიშვნელობას და არგუმენტებით არ საუბრობენ. წავიკითხე ირაკლი ალასანიას ორი ინტერვიუ, რომელიც ბოკერიას განცხადებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი. ესაა ჩემთვის სამწუხარო. ბოკერიაც კარგადაა და ღმერთმა კარგად ამყოფოს, ცუდი არავისთვის მინდა. ჩემი ერთადერთი სურვილია, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მოახერხოს და საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში კი არ ჩადგეს, განვითარებისთვის იღვაწოს. როცა ხალხი უარგუმენტოდ ილანძღება, რეაგირებას არ ვახდენ, თუ მათ რიცხვს კიდევ ორი კაცი დაემატება, ვერაფერს დამაკლებენ. ჩემთვის მხოლოდ ის არის სამწუხარო, რომ პარტიამ, რომელსაც კარგი მომავალი ჰქონდა, ისედაც ღარიბ პოლიტიკურ სპექტრში უარგუმენტო საუბრების შემდეგ, შესაძლოა საზოგადოების ნდობა დაკარგოს.

- თქვენსა და ალასანიას შორის ურთიერთობა მას შემდეგ ხომ არ გაცივდა, რაც მან პრეზიდენტობა მოინდომა?

- ეს ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელიც მის არათანამიმდევრულობას უკავშირდებოდა. პირადულს ადამიანს ყოველთვის იოლად ვაპატიებ. ამაზე ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, ნებისმიერს შეგიძლია პირადული ყველაფერი აპატიოო. კარგი მაგალითი გამახსენდა, "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით არაკანონიერ ქმედებაში წვლილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ჰქონდა, მაგრამ განცხადება არ გამიკეთებია, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი იყო ძალიან უკმაყოფილო…-  საკითხი თუ პირადულს ეხება, კი ბატონო, საერთო საქმეზე კი თვალს ვერ დავხუჭავ.…რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა?

ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას?  მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ. იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან.

იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ.

- სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ, რომ ალასანიამ და მარგველაშვილმა შესაძლოა ალიანსი შექმნან.

- ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს, თუმცა, ყველას ერთი საზომი ექნება - პოლიტიკოსის კერძო ინტერესები  ქვეყნის ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს. როცა ამ ორ საკითხში აცდენა დაფიქსირდება, მეც და სხვებსაც შესაბამისი რეაქცია გვექნება. საქართველო ვერც ერთი პარტიის, ვერც ერთი გუნდისა და ვიწრო ჯგუფის მოსამსახურე ვერ გახდება. ეს დაავადება გადავიტანეთ. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება. კი ბატონო, საქართველო იყოს მთლიანად საძმაკაცო, მაგრამ ერთ საძმაკაცოს ქვეყნის ინტერესები ვერ შეეწირება. (იხილეთ ვიდეო)

- დავით საგანელიძისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ, რომლებიც უზენაესი მოსამართლის არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმდნენ, უმრავლესობის წევრმა 19-მა დეპუტატმა ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. არადა, წესით, საგანელიძეს მარგველაშვილთან უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა მიეტანა. განსაკუთრებით მწვავე განცხადებები გაცვალეს ზაქარია ქუცნაშვილმა (რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია) და საგანელიძემ. მოქალაქეებს შეიძლება დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობაში ყველაფერი რიგზე არ არის.

- ამ შემთხვევაში პატარა გაუგებრობა მოხდა - საგანელიძემ ეს საკითხები საბჭოს ("ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო) შეუთანხმა, თუმცა, მგონი, გია ვოლსკიმ ფრაქციისთვის ამის ახსნა დროულად ვერ მოახერხა. ყველა დეპუტატს აქვს ვალდებულება, გუნდის პოზიცია გაითვალისწინოს, იმავდროულად, მათ აქვთ უფლება, გუნდს არ დაემორჩილონ და საკუთარი ინიციატივით იმოქმედონ. ჯამში, პრეზიდენტმა პროცესი ისევ არასწორად წაიყვანა და ქვიდან წვენის გამოდენას ცდილობს. ნაცვლად იმისა, რომ საკითხი პროფესიონალურად გადაწყვეტილიყო და საქმე ეკეთებინა, ეს თემა ერთ დიდ აჟიოტაჟად გადააქცია.

- თქვენი სიმპათია რომელი კანდიდატისკენ იხრება?

- ამ საკითხში პრინციპულად არ ვერევი და არც ჩავერევი. ისე, ერთს ვიტყვი,  დემოკრატიულობა კარგია, მაგრამ გუნდს გუნდურობა უნდა ემჩნეოდეს და პროცესი ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს.  დემოკრატიულობაზე მეტად, იგრძნობა, რომ გუნდში  არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობაა, მაგრამ ეს ჩვენი წუხილის ძირითადი საგანი არ არის...