რატომ გააკრიტიკა ივანიშვილმა უსუფაშვილი? - კვირის პალიტრა

რატომ გააკრიტიკა ივანიშვილმა უსუფაშვილი?

ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების თაობაზე განაცხადა: "ეს მართლაც შემზარავი ტრაგედია იყო. ასევე, ეს იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის. კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს.

ვაზაგაშვილმა იცოდა, რა ხდებოდა პროკურატურაში, კმაყოფილი იყო ამ უწყების მუშაობით, ენდობოდა მას, გახარებული იყო, რომ მისი შვილის საქმე, ფაქტობრივად, დასრულდა და ახალი მოწმეები გაჩნდნენ უკრაინიდან."

ივანიშვილის მიერ ნახენები "ცნობილი პოლიტიკოსი" კი, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილია, რომელმაც ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებული პოლიციელი შესახებ განაცხადა: "პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ იყოს განათლებული და თავისუფლების პატივისმცემელი, თავისუფლების მოყვარული ადამიანი. აი, მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვიხილოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ

იმ ერთი ადამიანის სირცხვილი"

იხილეთ ინტერვიუ სრულად