"შეთანხმება არ დარღვეულა" - რას პასუხობენ ოპონენტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან - კვირის პალიტრა

"შეთანხმება არ დარღვეულა" - რას პასუხობენ ოპონენტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან

"არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა, ქალბატონი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის შესახებ, არ არსებობს."

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონში არსებული კაზუსების პრობლემა წარმოიშვა"

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენის შემდეგ, მისი მისამართით არაერთი ბრალდება გაჟღერდა. გარდა "ნაციონალების" ბრალდებებისა, რომლებიც პოლიტიკურ წარსულზე აპელირებენ და მის კომპეტენციასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, კიდევ ერთი დეტალი გახდა სადაო - კრძალავს თუ არა კანონი დისციპლინირებული გადაცდომისთვის გათავისუფლებული მოსამართლის ხელმეორედ გამწესებას? ამის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უკვე ყოფილი კანდიდატი ევა გოცირიძე "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და კომენტარის დაზუსტება ითხოვა: "ნინო გვენეტაძეს როგორც მორალური, ისე სამართლებრივი უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. მისი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს თავად ვსწავლობდი და ზუსტად ვიცი, წლების წინ ის თანამდებობიდან აბსოლუტურად უკანონოდ გაუშვეს".

"კვირის პალიტრამ" აღნიშნული საკითხი იურისტ ლევან ალაფიშვილთან გადაამოწმა, რომელიც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინააღმდეგობრივ პუნქტებზე საუბრობს: "ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონში არსებული კაზუსების პრობლემა წარმოიშვა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ - არსებობს რეგულაციის კონსიტიტუციური ანუ უმაღლესი სივრცე და მეორე, ქვედა დონე, რომელსაც კანონმდებლობა ქვია. თავის მხრივ, კანონმდებლობა კოსტიტუციიდან გამომდინარეობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი არა კანონმდებლობის დონეზე, კონსტიტუციურ სივრცეში განიხილება, რადგან პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საკითხებიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის გარდა, სხვა კანონმდებლობით უნდა იზღუდებოდეს. კაზუსი კოსნტიტუციური ნორმების გამოყენებით უნდა ამოიხსნას, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის არცერთი ნორმა არ დარღვეულა".

"კვირის პალიტრასთან" სამართლებრივ საკითხებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძეც განმარტავს:

- გასული წლის პირველ აგვისტოს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში 34-ე მუხლს, რომელიც ითვალისწნებს, ვინ არ შეიძლება აირჩიონ მოსამართლედ, დაემატა - მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს დისციპლინური გადაცდომისთვის გათავისუფლებული პირი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არ არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც პირი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდა. რაც შეეხება დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონს, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ, 2012 წლის 27 მარტს, ამ კანონიდან ამოიღეს მეორე მუხლის მეორე პუნქტის "ა" ქვეპუნტქით გათვალისწინებული საფუძველი, რაც მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევისას ამ მუხლით გათავისუფლებულ მოსამართლეებზე დღევანდელი მოქმედი ნორმის შეზღუდვა აღარ ვრცელდება. მინდა გითხრათ, რომ ეს ცვლილება წინა პარლამენტმა ვენეციის კომისიის 2007 წლის 19 მარტის დასკვნის საფუძველზე გაითვალისწინა. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა, ქალბატონი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის შესახებ, არ არსებობს.

- გარდა სამართლებრივი ნორმისა, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძეს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადასტურებული კომპეტენცია არ გააჩნია.

- ნინო გვენეტაძე მსოფლიოში ცნობილი "მაქსპლანკის" საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო სტიპენდიანტია. ამასთან, ამ ინსტიტუტის სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარებისა და სამართლის როლის გარდამავალ პერიოდის მართლმსაჯულების პროექტს 2011 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ნინო გვენეტაძე ევროკავშირის პროექტის - "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში" ექსპერტია 2012 წლიდან დღემდე და ბოლო ხუთი წელია სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტეტბში ლექტორისა თუ მკვლევარის სტატუსით ლექციებს კითხულობს.

- და შეთანხმებაც არ დარღვეულა იმ ნაწილშიც, როცა ითქვა, რომ კანდიდატი პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული არ უნდა ყოფილიყო?

-შეთანხმება არ დარღვეულა, რადგან კონსესუსი შემდეგ საკითხზე შედგა - კანდიდატი პარტიული გავლენებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. წარდგენისას პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ქალბატონი ნინო 2012 წელს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მართლაც გახლდათ, მაგრამ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ, ქალბატონმა ნინომ პარტიის წევრობა შეიჩერა. ეს ნაბიჯიც ცალსახად მიუთითებს, რომ ნინო გვენეტაძე პარტიული გავლენებისგან აბსოლუტურად თავისუფალია.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე წაიკითხეთ