"შეიძლება სახელმწიფოს გარეშე დავრჩეთ" - დავით თევზაძის საშიში პროგნოზი და პოლიტიკური გეგმები - კვირის პალიტრა

"შეიძლება სახელმწიფოს გარეშე დავრჩეთ" - დავით თევზაძის საშიში პროგნოზი და პოლიტიკური გეგმები

"ჩვენი პოლიტიკური ელიტა მზად არ არის, რომ მართოს საკუთარი ჯარი."

"ირაკლი ალასანიას ჰქონდა შანსი, რომ რეალურად დაეწყო ამ სფეროს დეპოლიტიზება, მაგრამ ის სხვა პოლიტიკურმა ხედვებმა გაიტაცა."

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო მშვიდობისთვის" დააფუძნა და ჩვენთან ინტერვიუში არც პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურება გამორიცხა. რა გეგმები აქვს სიტყვაძუნწობით ცნობილ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და რას ფიქრობს თავდაცვის სისტემაში დღეს არსებულ ვითარებაზე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. რესპონდენტმა საუბარი ნორვეგიაში ვიზიტის შესახებ დაიწყო:

- ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალების აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში ვმონაწილეობდი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი თემა იყო რუსეთის ახალი შესაძლებლობები და მისი შესაძლებელი გავლენა ევროპულ უსაფრთხოებაზე. მე გახლდით ერთ-ერთი მომხსენებელი, ჩემგან აინტერესებდათ საქართველოს 2008 წლის ომის გამოცდილება.

- რაც შეეხება თქვენს სამოქალაქო გააქტიურობას, რა გეგმები აქვს "საქართველო მშვიდობისთვის" დამფუძნებელს?

- ჩემი გააქტიურება უკავშირდება იმ ვითარების გააზრებას, რაშიც დღეს ჩვენი სახელმწიფოა. დღევანდელ სიტუაციაში სახელმწიფომ სამოქალაქო საზოგადოებისგან მძლავრი იმპულსი თუ არ მიიღო, შეიძლება ჩვენ სახელმწიფოს გარეშე დავრჩეთ.

- პოლიტიკურ გააქტიურებასაც გეგმავთ?

- ამ ეტაპზე ჯერჯერობით სამოქალაქო აქტივობა იქნება, თუმცა, პოლიტიკურად გააქტიურების აუცილებლობა თუ გაჩნდება, ამასაც არ გამოვირცხავ.

- შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც მიიღოთ?

- შესაძლოა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი უნდა ჰქონდეს: საკანონმდებლო ორგანოში თუ მოხვდი, საკანონმდებლო სივრცის ფორმირებასზე გავლენის მოხდენის საშუალება უნდა გქონდეს.

- თვლით, რომ პარლამენტს დღეს ეს გავლენა არ აქვს?

- სამწუხაროდ, დღეს პარლამენტში არ არის ის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ნორმალური საკანონმდებლო სივრცის ფორმირება, რაც ადამიანებს მისცემს იმის საშუალებას, რომ "დალაგებულ" სახელმწიფოში იცხოვრონ, მეტიც, ამ პარლამენტს საკუთარ გადაწყვეტილებათა რეალური კონტროლიც კი არ შეუძლია. პარლამენტი ასევე ვერ აკონრტოლებს სხვა სახელისუფლებო შტოებსაც, რაც ევალება. რაც შეეხება მთავრობას, მას არც ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმა აქვს და არც ერთიანი სტრატეგია.

- ბატონო დავით, თავდაცვის სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებზე გკითხავთ, ეს სფერო საკმაოდ პოლიტიზებულია, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ?

- სამწუხაროდ, თავდაცვის სფეროს პოლიტიზება ახლა არ დაწყებულა. ეს პროცესი 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. არც ერთ მთავრობას არ აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ ჯარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გარეთ გაეყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ელიტა მზად არ არის, რომ მართოს საკუთარი ჯარი. ამიტომ, ერთი მინისტრი რას გააკეთებს, ვინმეს მოხსნის თუ - არა, ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ რა ფაქიზ ინსტრუმენტთან გვაქვს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის გვექნება ისეთი შედეგი, რაც 2008 წელს გვქონდა. მეტიც, შედეგები შეიძლება ბევრად უარესიც იყოს. დღეს ჩვენი სახელმწიფო არანაირი გარე აგრესიისგან დაცული არ არის. ეს მწარე რეალობაა, სადამდეც მიგვიყვანა ჯარში ყოვლად გაუაზრებელმა საკადრო, ინსტიტუციურმა თუ უნდობლობით გამოწვეულმა ცვლილებებმა. უსაფრთოხების სფერო პოლიტიკურ საჯილდაო ქვად გადაიქცა. ირაკლი ალასანიას ჰქონდა შანსი, რომ რეალურად დაეწყო ამ სფეროს დეპოლიტიზება, მაგრამ ის სხვა პოლიტიკურმა ხედვებმა გაიტაცა. გარემო უნდა შეიცვალოს, მთლიანად შეიცვალოს მიდგომა ქვეყნის სამხედრო მოწყობის მიმართ. ერთადერთი რაც ჯარს დღეს შეუძლია კარგად გააკეთოს, ეს მცირე კონტინგენტით და სხვისი მეთაურობით, საზღვარგარეთულ მისიებში მონაწილეობაა. თუმცა ამას რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება, გვიჩვენებს მომავალი.

- რა უშლის ხელს თავდაცვის სფეროს დეპოლიტიზებას?

- პირდაპირ გეტყვით, ამას ხელს უშლის სტრუქტურის დანიშნულებაში პოლიტიკური ელიტის გაუთვითცნობიერებლობა. პრეზიდენტის, გინდა პრემიერის გარშემო ვერავის ნახავთ, რომელსაც რეალურად შეუძლია აჩვენოს მათ სამხედრო ძალის შესაძლებლობები და გამოყენების საშუალება. ეს ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ არც ერთი ადამიანს, რომელიც ხელსუფლებაშია, სამხედრო სამსახურთან შეხება არ ჰქონია.

- ნატოს სასწავლო-საწვრთნელ ბაზაზე გკითხავთ, რომელიც საქართველოში უნდა გაიხსნას. რას ფიქრობთ ამაზე?

- წარმოდგენა არ მაქვს რა ბაზაზეა ლაპარაკი, რითი უნდა დაიტვირთოს, რა უნდა შევიდეს, ვინ უნდა გაწვრთნან, რა მიმართულების პროგრამები იქნება.

- ასეთ შემთხვევაში რა როლი დაეკისრება რუსეთის ფაქტორს?

- როდესაც ყველა ამ კითხვაზე პასუხი გვექნება თავადაც მიხვდებით რა შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი რუსეთისათვის, ანდა თუნდაც ჩვენთვის. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ჭკუა არ უნდა გქონდეს თავში, რომ გამაღიზიანებელი გამოსაჩენ ადგილას დადო.

- ვაზაგაშვილის აფეთქებას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ აფეთქების შემსრულებელი დააკავა, ბევრი მიიჩნევს, რომ დამკვეთების პოვნა გაჭირდება...

- ათი წლის წინ ჩემი ძმა ააფეთქეს.. უამრავი მასალა ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი გამოიძიეს. ჩემთვის რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა...

- საქართელოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შევარდნაძის დროს კანცელარიაში ვირთხები დარბოდნენ, კატა თავს იკლავდაო, თქვენ თუ გინახავთ კანცელარიაში ვირთხა?

- კანცელარიაში ვირთხა არ მინახავს. იქ სისუფთავე იყო, განსაკუთრებით იმ ფლიგელში, სადაც პრეზიდენტი შევარდნაძე მოღვაწობდა. სააკაშვილი სარდაფში თუ დადიოდა, არ ვიცი, იქ არ ჩვსულვარ.

- როგორ შეაფასებთ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების მნიშვნელოვან პოზიციებზე დანიშვნას?

- როგორც ჩანს, პრეზიდენტ პოროშენკოს სააკაშვილისნაირი ფიგურა აწყობს და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს. ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველო-უკრაინის ურთირთობაზე. პოროშენკოს ეს გადაწყვეტილება არ აჩვენებს, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რაც სამწუხაროა.

- დაბოლოს, რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ ქვეყანას კულუარებიდან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მართავს?

- კულუარებიდან მართავს, თუ - არა, ეს იმ გუნდის საქმეა, რომელიც მან ხელისუფლებაში მოიყვანა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვთქვი, თუ ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან მიდიოდა, მაშინ მას ქვეყნის პრეზიდენტობის ვალდებულება უნდა აეღო და არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა. ჩემთვის მთავარია, რომ ქვეყნის ასეთი მართვა ეფექტიანი არ არის. ამასობაში ქვეყანას შეიძლება ის მოუვიდეს, რაც 100 წლის წინ - დაიწყოს რღვევა და გარკვეული პერიოდით საქართველო ისევ სხვა ქვეყნის ნაწილი აღმოჩნდეს. რეალური საფრთხე რომ არ არსებობდეს, ამაზე არ ვილაპარაკებდი.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)