უკრაინაში დავით საყვარელიძის სახალხოდ გამოცდას ითხოვენ - კვირის პალიტრა

უკრაინაში დავით საყვარელიძის სახალხოდ გამოცდას ითხოვენ

"ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ საყვარელიძეს უკრაინული ხელისუფლება რეპრესიების გასატარებლად გამოიყენებს… შედეგად კი, ყველა ცოდვას მას მიაწერს და ასე ხელს დაიბანს."

"ჩემი აზრით, უბრალოდ კლასიკური ოპორტუნისტი და პოლიტიკური დეზერტირია, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია არც პრინციპები და არც სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა.... მე, რა თქმა უნდა, დავით საყვარელიძე მყავს მხედველობაში. იმედი მაქვს, ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში აღარასდროს ვიხილავთ."

უკრაინულ ოპოზიციაში გამოჩნდა ხალხი, რომელიც გენერალური პროკურორის ახალი მოადგილის დავით საყვარელიძის სახალხოდ გამოცდას ითხოვს. მათი აზრით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება საშიშროების წინაშეა, რადგან ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე იქნება ადამიანი, რომელმაც უკრაინული კანონმდებლობისა არაფერი იცის. "მოვითხოვთ,  გენერალური პროკურორის ახალმა მოადგილემ,  ვიდრე ის საკუთარი უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება,  გამოცდა სახალხოდ  ჩააბაროს უკრაინული კანონმდებლობისა და უკრაინული ენის ცოდნაში. ამაში მონაწილოება უნდა მიიღონ: იურისტებმა, სამართალადამცავებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა." - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პოლიტიკურმა გარეთიანება ,,ოპოზიციურმა ბლოკმა" გაავრცელა.

ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ საყვარელიძეს უკრაინული ხელისუფლება რეპრესიების გასატარებლად გამოიყენებს… შედეგად კი, ყველა ცოდვას მას მიაწერს და ასე ხელს დაიბანს.

დავით საყვარელიძის შესახებ "ფესიბუქგვერდზე" პოსტი გამოაქვეყნა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მწერალმა და დოკუმენტალისტმა პაატა ქურდაძემ, რომელშიც წერს: "მხოლოდ ერთი დანიშვნის შესახებ გამიჩნდა კითხვა...არჩეული პარლამენტარის სტატუსი, თუ არ მეშლება, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონერის,რადგან მას მინიჭებული აქვს ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობისა და იმედის მანდატი, ეს კი ბევრად დიდი პატივი და ტვირთია, ვიდრე უბრალოდ კარიერული წინსვლა და "კარგი" სამსახური. ამიტომ რჩეულისგან იმედის გაცრუება ბევრად უფრო მტკივნეულად და ამორალურად აგამოიყურება, ვიდრე დანიშნული აღმასრულებელი ფუნქციონერისაგან. პარლამენტარი (ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ - პარლამენტარი) რომელიც ამომრჩევლის მიერ მიცემულ მანდატზე, მეტიც (სავარაუდოდ) საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და მიდის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის სამსახურში (სავარაუდო პრეტექსტით რომ თავისი კომპეტენციით იქ უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე თავისი ამომრჩევლისთვის), ჩემი აზრით, უბრალოდ კლასიკური ოპორტუნისტი და პოლიტიკური დეზერტირია, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია არც პრინციპები და არც სახელმწიფოებრივი აზროვნების კულტურა.... მე, რა თქმა უნდა, დავით საყვარელიძე მყავს მხედველობაში. იმედი მაქვს, ამ კაცს ქართულ პოლიტიკაში აღარასდროს ვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს უნიკალური და სამარცხვინო შემთხვევაა და სულაც არ არის საამაყო, როგორც ეს "ნაციონალების" მხარდამჭერებს გონიათ... თორემ დევნილი ემიგრანტი ადეიშვილი, ან თვით ფლეტჩერის სკოლის უშტატო ლექტორი საააკაშვილი თუ უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველი გახდება, ეს ნამდვილად არ არის რაიმე განსააკუთრებული ტრაგედია - იმის და მიხედვით - ქართული იუსტიცია შეძლებს თუ არა მათი ბრალდებების დამტკიცებას საერთაშორისო მასშტაბით, ისინი ან უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლების პრესტიჟის პრობლემად გადაიქცევიან. მანამდე კი ხომ გაგიგიათ - თუ ვერ დაიჭირე ქურდი არ არის!".

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე წარადგინა. საყვარელიძე, გავრცელებული ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტში საყვარელიძეს ეკა ხერხეულიძე შეცვლის.