"უსუფაშვილი და ხიდაშელი მბლოკავენ" - ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"უსუფაშვილი და ხიდაშელი მბლოკავენ" - ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს

"არჩილ კბილაშვილმა ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ის კონიუნქტურის კაცია - პოლიტიკურ ვითარებას ერგება, ამიტომ ჩემ გამო თანამდებობრივ პოზიციას არ გაიუფუჭებდა."

"უსუფაშვილი და ხიდაშელი ყველა სახელმწიფო უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა."

"შემიწყალეთ, შემიწყალეთ", - ასე დაიწყო ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარი, რომელმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს სწორედ შეწყალების მოთხოვნით მიმართა. ერთ დროს, ედუარდ შევარდნაძის ფავორიტი ჩინოვნიკი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და "რესპუბლიკურ პარტიას" პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს:

- ბატონო ლევან, პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვა არ ნიშნავს, რომ წაყენებული ბრალდებები ავტომატურად აღიარეთ?

- საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება აქვს მსჯავრდებული შეიწყალოს, თუმცა არსად წერია, რომ ამისთვის კონკრეტულმა პიროვნებამ წარდგენილი ბრალი უნდა აღიაროს. მსგავსი პირობები მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალების კომისიას აქვს, თუმცა ჩემი საქმის განხილვა აღნიშნული კომისიის კომპეტენციაში არ შედის. თანაც, ასაღიარებელი არაფერი მაქვს.

- თქვენ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და ქრთამის აღებაში გედებათ ბრალი - წლებია სახელმწიფოს კუთვნილი ოქროს ზოდების მოპარვაშიც გადანაშაულებენ. ამ მძიმე ბრალდებების გაბათილებას დღეს როგორ აპირებთ?

- ოქროს ზოდებზე ინფორმაცია სააკაშვილმა მოიგონა. პროკურორებმა საქმის "შესაკერად" მტკიცებულებები რომ ვერ იპოვეს, ჩემი ქონების დეკლარაცია უკანონოდ გამოაცხადეს. თურმე სახლი არ უნდა მქონოდა, მივლინებით არ უნდა მესარგებლა და არც ოჯახის წევრები მყოლოდა. სააკაშვილის პოლიტიკურმა დევნამ ჩემი ბიძებისა და ნათესავების სიცოცხლე შეიწირა. 12 წელია დევნილი ვარ და ჩემ ოჯახში ათასი უბედურება დატრიალდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურას საქმის ხელახლა შესასწავლად ახალი გარემოებები მივაწოდეთ, მაგრამ კბილაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ახლა ამ საკითხის განხილვის დრო არ არისო.

- არჩილ კბილაშვილი წლების განმავლობაში თქვენი პირადი ადვოკატი იყო. რატომ ვერ მიიღეთ მისგან მხარდაჭერა?

- არჩილ კბილაშვილმა ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ის კონუნქტურის კაცია - პოლიტიკურ ვითარებას ერგება, ამიტომ ჩემ გამო თანამდებობრივ პოზიციას არ გაიუფუჭებდა. წლებია თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი "მბლოკავენ", თუმცა ამის მიზეზი თავადაც არ ვიცი. როგორც ჩანს, დღეს კანონზე მაღლა ისინი დგანან.

- რა გაძლევთ ამის მტკიცების საფუძველს?

- პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სიიდან ჩემი გვარი პირადად ხიდაშელმა ამოიღო, არადა, პარლამენტში დოკუმენტები ერთ-ერთმა პირველმა წარვადგინე. ეგონათ, ვერაფერს გავარკვევდი და საქმეს ჩაფარცხავდნენ, მაგრამ ინფორმაცია მაინც მივიღე - უსუფაშვილი და ხიდაშელი ყველა სახელმწიფო უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მქონდა, თუმცა იური ვაზაგაშვილის თავგანწირვის შემდეგ, პროკურატურაში ვითარება შეიცვალა. უწყებაში წმენდა დაიწყო და საქმეების "შეკერვაში" მხილებულ ყველა პროკურორს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. პრეზიდენტსაც სწორედ ამიტომ მივმართე - მჯერა, გიორგი მარგველაშივლი პოლიტკური გავლენებზე მაღლა დგას და ჩემთვის უფლებების აღდგენას მხარს დაუჭერს. ეს მომცემს შესაძლებლობას სასამართლოზე წარსვდგე და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი პირადად გავცე.

- გაუგებარია, თუ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზად ხართ, პრეზიდენტისგან შეწყალებას წინასწარ რატომ ითხოვთ, თუ ფიქრობთ, რომ ემზარ კვიციანისგან განსხვავებით, სასამართლო თქვენ საქმეში ისევ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს?

- კვიციანი მოატყუეს და არ მინდა მეც ვიღაცის სათამაშო კოჭი გავხდე. სასამართლოშიც დღემდე პირადად სააკაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლეები განიხილავენ საქმეებს. საზოგადოების ნდობა ვერც პროკურატურამ დაიმსახურა.

- პრეზიდენტმა თუ არ შეგიწყალათ, საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავთ?

- შეწყალებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, პრეზიდენტი საამისოდ ერთ არგუმენტსაც ვერ დაასახელებს.

- ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

- უკვე ისეთ კითხვებს მისვამთ, თავისთავად პოლიტიკაში ვარ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)